იმ კა”მ”ფეტზე მომიყევი, ბაბუას რომ სულ ჰქონდა…

სევდათა შორის, ერთ-ერთი… დღესასწაულებზე, განსაკუთრებით ვგრძნობ მათ აღარ არსებობას ჩემს ცხოვრებაში და ამასთანავე, უწყვეტ არსებობას ჩემს გულში.

მონატრება, სევდა, ნოსტალგია… გონებაში გაიელვებს-ხოლმე, საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნისა და კონკრეტილი მომენტების კადრები და წამის მეასედში მთელი სხეული და გარე სამყარო ქრება, თითქოს და ისევ იქ ხარ, ისევ იმ მომენტში…

მხოლოდ ეგაა რომ წამის მეასედია, ისიც გონებაში…

მხოლოდ შენ იცი როგორი იყო შენთან, როგორ ადამიანად გაყალიბებდა მისი ყოფნით შენს ცხოვრებაში…

მხოლოდ შენ იცი როგორ გენატრება და გაკლია თითოეული…

მხოლოდ შენ შეგიძლია, გაუხანგრძლივო არსებობა მანამდე, სანამ შეძლებ და გაიხსენებ, სანამ მის სახელს ხმამაღლა იტყვი, სანამდე სხვასაც მოუყვები რომ ცოცხლობდა და შენით ხარობდა, უყვარდი და გიყვარდა, უვლიდი და გივლიდა, საყვედურობდი და გსაყვედურობდა, ებუტებოდი და გებუტებოდა, ეფერებოდი და გეფერებოდა და ასე, უსასრულოდ გააგრძელებ მათ არსებობას მხოლოდ ხსენებითაც კი, ვინც გაკლია…

რაღაცნაირი, ოჯახური ტრადიცია გვაქვს, ჩემს მშობლიურ სახლში, ერთად შეკრება არ ჩაივლის ისე, თითო ამბავი მაინც რომ არ გავიხსენოთ, ადამიანებზე ვინც გვაკლია, განა მხოლოდ ოჯახის წევრები, არა, უბრალოდ ისინიც კი, ვინც ალბათ ვერც კი იფიქრებდნენ, თუ რა ადამიანობა გვიწილადეს ამდენი რომ, მუდმივად ისმის მათი სახელები ჩვენთან… განა მხოლოდ იმათ ვგულუსხმობ, ვინც იმ სახლის კედლებში ცხოვრობდა, ან ახლობელ-ნათესავებს… ყველას, ვინც კი უბრალოდ კეთილი გულით სტუმრობდა ჩვენს სახლს, ვინც ჩვენს სახლთან ღობეს იყოფდა და ის ღობეც, ღია კარის გარეშე არ არსებობდა… ვინც გვერდით გვედგა, ვინც გაგვაოცა, ვინც დაგვაღონა, ვინც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ჩემს მშობლებსა თუ ჩვენ (მე და ჩემს ძმას) გვერდით დაგვიდგა ან თუ ვერ დაგვიდგა, გვიგულშემატკივრა მაინც. ვიხსენებთ ბევრს, ძალიან ბევრს, სხვადასხვა ადგილსა თუ მოცემულობაში გაბნეულებს… ვიხსენებთ შრომისგან დალეულ ადამიანებს, რომლებიც შეშის ღუმელთან ისხდნენ და ვისთვისაც დედაჩემი მონატრებულ საჭმელებს აკეთებდა, ჩუმად მისაკითხად, ბევრი არ იყო, თუმცა გულით იყო, ვიხსენებთ ყველას, ვინც ის გული დაინახა, ვისაც ვაჭამეთ და მერე ჩვენ გვაჭამა, ვინც სიცივისა და უშუქობის დროს ერთმანეთს ეძახდა და ერთად თბებოდა, ვინც ერთმანეთს ასწავლიდა და უზიარებდა ყველაფერს, რაც იცოდა და შეეძლო…

ბევრნი არიან და ბედნიერი ვარ, რომ ბევრნი არიან…

და ჯერ არიან! სანამ ვიხსენებთ, მანამდე არიან…

მერე?!

მერე, უბრალოდ “ვიქნებით…”

Leave a comment