ჩემი მზე…

მინდა ყოველი დილა გქონდეს მშვიდი და მზიანი…

მინდა ყოველ დილით, ჭიქა ყავასთან შოკოლადივით მიაყოლო ფიქრი იმაზე თუ როგორ მიყვარხარ…

მინდა ვინც გიყვარს  ბედნიერი და ღიმილიანი გხვდებოდეს…

მინდა ირგვლივ მხოლოდ შენსავით კეთილი ადამიანები გყავდეს…

მინდა ყოველ გაზაფხულზე, ფურისულებითა და ნარცისებით სავსე ჩვენს ეზოში გამომეგებო და ჩამიხუტო…

მინდა ყოველ ზაფხულს შენსკენ მომეჩქარებოდეს და შვებულების საამურ დღეებს უსასრულო საუბარში ვატარებდეთ…

მინდა ყოველ შემოდგომას ბარაქინად ხვდებოდე და შენებურად ფუსფუსებდე ჩემს მშობლიურ სახლში… შენ ხომ თავად შემოდგომა ხარ, ბარაქიანი და გულსავსე…

მინდა ყოველ ახალ წელს, შენს მორთულ ნაძვის ხესთან ვიკრიბებოდეთ და გილოცავდეთ კიდევ ერთ ახალ იმედით სავსე წელს…

მინდა სულ გქონდეს ძალა და ხალისი, რომ შენი ლამაზი თითებით მოამზადო ულამაზესი  სასწაულები…

მინდა ყოველ საღამოს გაიხსენო თუ როგორი ჯადოსნური და შეუდარებელი ხარ ჩემთვის…

მინდა რომ,  შენი ყველა  “მინდა”  აგიხდეს…

შენ ჩემი მზე ხარ, მზე რომელიც ანათებს ჩემში…

მზე რომელიც მათბობს და მაცოცხლებს…

მზე რომელიც არ მინდა რომ ოდესმე ჩავიდეს უსასრულო ჰორიზონტზე…

დაბადების დღეს გილოცავ დედიკო…
image

ჩემი ბავშვობის მოთხრობები

ბავშვობაში პირველად რომ დავიწყე კითხვა, სანამ გავიაზრებდი რას ვკითხულობდი, ვის დაწერილსა და შექმნილს ვკითხულობდი, მანამდე უბრალოდ ის აზარტი მხიბლავდა ასე პატარას და წვრილხელებას დიდი სქელტანიანი წიგნები რომ დამქონდა სულ და ფურცელს ფურცელზე ვშლიდი, მხიბლავდა ის რომ თითოეულ სქელტანიან წიგნზე ამაყად ვიმარჯვებდი… ნელ-ნელა მივხვდი რომ ამაში არაფერია უცნაური, კითხვა აზარტია, ძლიერი აზარტი, სულერთია ეს 500 გვერდიანი ამბავია თუ 6 სიტყვაში გადმოცემული ისტორია… მთავარი ისაა რომ ჭორიკანა დედაბერივით სხვის ამბავში ჰყოფ ცხვირს, აგულიანებ, კიცხავ, ეფერები ან ეჩხუბები, და ამისთვის არავინ, სულ არავინ არ გკიცხავს, დოჩანაშვილის არ იყოს სხვების საწოლში შეგიძლია ისე ინებივრო რომ საერთოდაც არ იყო ზედმეტი…

wicker-table-open-book-pages-text-berries-flowers-hd-wallpaperმოთხრობები სულ მიყვარდა… ვიხსენებ რა იმ მოთხრობებს ჩემს დროს  სკოლის პროგრამაში რომ იყო ჩადებული, ვხვდები რამდენი რამ დამაკლდებოდა სწორედ იმ დროს, იმ ასაკში და იმ ბავშვურ ნათელ გონებაზე რომ არ წამეკითხა… Continue reading

სკოლა

ჩემთვის შემოდგომას სულ სიახლის განცდა ახლავს, ბავშვობაში სკოლისკენ მივიჩქაროდი სექტემბრის სუსხშეპარული დილები განსაკუთრებით კარგად ახერხებდა ჩვენი ბავშვური გონების გამოღვიძებას, მერე უნივერსიტეტისკენ მიმიწევდა გული, ლექციებს მონატრებული, საყვარელ მეგობრებთან ჩახუტების სურვილი და ე.წ. “ფანჯრის” სიტკბოება მენატრებოდა მთელი ზაფხული… ახლა ჩემი შვილი მიმყავს ხოლმე სკოლაში, პირველ გაკვეთილზე რომ არ დააგვიანდეს ჩქარ-ჩქარა ემზადება-ხოლმე და მისი ვებერთელა და მძიმე ჩანთა ყოველთვის დიდებს მიგვაქვს… ჩვენ დროს არ გვქონია ასე მძიმე ჩანთები, ამათ  თითქოს ყველაფერი გაუბევრდათ, მთელი სამყაროს შესრუტვა უწევთ და ამის დიდი სურვილიც აქვთ…

ისეთი ლამაზი და მხირული იყო დილით… თვალები ვარსკვლავებივით უციმციმებდა… გულიც ალბათ გამალებით უცემდა, ყველაფერი ერთად უნდოდა, ამბების მოყოლაც, ლექსების ჩამორაკრაკებაც,  მასწავლებლის მოფერებაც, ბავშვებთან თამაშიც, ჩანთიდან ახალი წიგნებისა და რვეულების ამოლაგებაც, დაფაზე დახატვაც და რა ვიცი, კიდევ რამდენი რამ უნდოდა ალბათ… ხომ გინახავთ პატარა წიწილები ერთად საყვარლად ჩახუტებულები?! სწორედ ასეთი წიწილებივით იყვნენ, უკვე მეორეკლასელი პატარები, ყველა თეთრ პერანგსა და შავ კაბაში გამოპრანჭული… Continue reading

სექტემბერი

სექტებმრის თვე მიყვარს… ძალიან მიყვარს, სულ ბავშვობას მახსენებს და ახალი რვეულებისა და წიგნების სურნელს, სიახლის განცდას და მოუთმენლობის მძაფრ განცდას, ახალ სასწავლო წელს ახალ რვეულში ახალი პასტით ჩაწერილ ახალ ცხრილსა და პირველ დავალებას… ზაფხულის უდარდელი დღეებისა და უკვე მობეზრებული თამაშების,  სკოლის მჩქეფარე რიტმით შეცვლის საამურ განცდას  მიღვიძებს სექტემბრის მზიანი დილები.. მაღლა აწეულ და ბაფთით მჭიდროდ შეკრული, ჩემი სწორი და მბზინავი თმის ბოლოების თამაშს ყელზე ისევ ისე ვგრძნობ… ახალი, ბავშვური ჩანთის ჩალაგება-ამოლაგების ყოველდღიური პროცესისგან მიღებული სიამოვნება ვერაფრით შეედრება ახლანდელი ჩანთების ჩალაგება-ამოლაგების მომაბეზრებელ პროცესს…

რა შეედრება დავალებების ზუსტ და ზედმიწევნით შესრულებას, სუფთად და ლამაზად ჩაწერას ქათქათა რვეულში, მერე წიგნში პარაგრაფების ფანქრით მონიშნული  ნაწილის  წაშლას , საზეპირო ლექსების ორ წუთში სწავლას, ცხრილის გასწვრივ მოლეული გაკვეთილების დაპლუსებას… არც არაფერი… ასე მარტო სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ და ასეც მხოლოდ მათ უხარიათ… Continue reading

მწვანე უფსკრული

ყველაფერი ლამაზია ჩემს საყვარელ იმერეთში განსაკუთრებით კი სიძველით ცნობილი ქუთაისი გულად რომ უფეთქავს, მისი მყუდრო, ფილაქნიანი ქუჩებითა და ტაძრებით, ბებერი ბაგრატი უქიმერიონიდან ამაყად გადმოჰყურებს და მყარად დგას…

IMG_20150828_143112 სულ ოდნავ გაცდები ამ ბებერ ქალაქს და კიდევ უფრო ძველ, მილიონობით წლების წინ წარმოქმნილ პრომეთეს და სათაფლიის მღვიმეებს შეაფარებ თავს… დადიხარ ამ მღვიმეებში და არც კი გჯერა რომ სინამდვილეა, ხელშესახები და რეალურია… გამოხვალ და პირდაპირ სიმწვანეში ჩაეფლები… Continue reading

ფინჯანი ჩაი

შემოიპარა შემოდგომა და მალე აცივდება… ხეები ჯერ გაოქროსფერდებიან, მერე გაყვითლებული გამხმარი ფოთოლთა ცვენა დაიწყება… მზე ნელ-ნელა დაკარგავს ჯადოსნურ სითბოს… მოღრუბლული ცა წვიმიან დღეებს არ დაიშურებს…სულ ასეა, სექტემბერი სიახლის განცდას მჩუქნის, ოქტომბერი ხვავს და ბარაქას,  ნოემბერი კი სევდიანად ტკბილდება… ძველ მელოდრამებს გამახსენებს და საღამოობით ჩაის არომატს გაამეფებს ჩემს ოთახში…
ყოველთვის როცა მცივა ჩაი ჩემი მეგობარია, ყოველთვის როცა მოვიწყენ არომატული ცხელი ჩაი ლამაზ ფინჯანში სასიამოვნო გრძნობებს მიღვიძებს…

teapot_3-wallpaper-2800x2100

სულ კოხტა ჭურჭლისკენ გამირბის თვალი… ვყიდულობ ხოლმე და წარმოვიდგენ ვითომ  ჩემი საოცნებო სახლი ავაშენეთ, შემოდგომაა, ეზო ჩემი ბავშვობის სახლის ეზოსავით ყვითელი ფოთლებითაა სავსე, დაახლოებით ისეთია სუზან სარანდონის გმირს რომ აქვს ფილმში “დედინაცვალი” მაგრამ მე სპეციალურად არ ვაგროვებ და არ ვუკიდებ ცეცხლს… Continue reading