ნაცრისფერ დილას საკითხავი

ჩამომიჯექით ფანჯრის რაფასთან, ერთად ვუყუროთ ნაცრისფერ დილას და წვიმის წვეთებს ფანჯრის მინებზე… ბოლო დროს ძველი მოთხრობები მახსენებენ თავს ან ახალი მოთხრობები მიტაცებენ… ქარჩხაძეს ვკითხულობ, ისე მომწონს რომ არც კი მინდა დავამთავრო და გამოწერილი წამალივით ნელ-ნელა ვიღებ და ვკითხულობ… არადა ნათხოვარი წიგნია, სქელტანიანი, მუქი მწვანე ყდით, ისეთი შემოდგომის მწვანეს რომ ვეძახით… პირველი მოთხრობა რომ წავიკითხე, ჩემი ჩანაწერი გამახსენდა დედებისა და შვილების ურთიერთობებზე..
IMG_20151031_094817

“შვილები იგრძნობენ, რომ ელენე მათთვის “ტკბილი დედიკო” იყო და არა ოფიციალური “დედაჩემო”, მოუნდებათ საგულდაგულოდ შენიღბული ემოციების გამჟღავნება, მაგრამ გვიან იქნება და გულ-მუცელი აეწვებათ, რადგან მათი სურვილი, სურვილადვე დარჩება” -ამ ნაწყვეტმა მოთხრობიდან “აბზიანიძეების ოჯახი” ისევ განმიახლა ჩანაწერში აღწერილი ჩემი პირადი ემოციები, ეს ამბავი და ურთიერთობები ზედმიწევნით რეალურია და ეს რეალობა ორჯერ მეტად მტკივნეული…

მთელი ტრაგიზმი იმაშია რომ, შვილები ვაგვიანებთ, ყოველთვის ვაგვიანებთ, ამას ვხვდებით ხოლმე და მაინც ვაგვიანებთ… Continue reading

Advertisements

ერთხელ

ერთხელ მე მივხვდი რომ გავიზარდე და გავიაზრე ის ტკივილი რომელმაც პირველად შემომიტია და მას მერე ვეღარასდროს მოვიშორებ ვიცი,  თანდაყოლილი ნაწილია ჩემი, სევდასავით გაუნელებელი…

ერთხელ მე მივხვდი რომ არ შემიძლია ლამაზად სიმღერა და დაკვრა, რომ ფორტეპიანოს კლავიშები მხოლოდ შავ-თეთრი გამაა ჩემთვის, ცხოვრებასავით ხან თეთრი და ხან ბნელი… ფორტეპიანოზე შემოდებული შავ-თეთრი ფოტოები კი ვიღაცის წარსული, ამბავი ტკივლებისა და სიხარულებისა, ადამიანთა სახეებში ჩატეული…

ერთხელ მე მივხვდი რომ საყვარელი ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად სუნთქავენ, ისე უბრალოდ  კვდებიან და ჩვენ მაინც ვიღიმით…  პირველად ეს წვიმიან დღეს მივხვდი, სულ პატარა ვიყავი ჩვენი სახლის ფანჯრის რაფაზე შემოსკუპებული ვიყავით მე და ჩემი ძმა, ჰოდა იქედან ჩუმად ვუყურებდით სიკვდილს მეზობლის ეზოში, გაურკვეველ გრძნობებს ადამიანთა სახეებზე, ფორიაქსა და ფაცი-ფუცს, ტირილს და ბევრ, ძალიან ბევრ ადამიანს, სიკვდილის სანახავად მოსულს…  Continue reading

ფოთლების და ყვავილების ქვეყანაში

ბათუმში შარშანდელთან შედარებით უმეტესად წვიმიანი შემოდგომაა წელს…თუმცა ეს ხომ წვიმის ქალაქია…  თანამედროვე პოეტის, როინ აბუსერიძისა არ იყო

“წვეთები ტოტებს აესხა მძივად,

და ქარის ხმაში კრთოდა გიტარა,

წუხელ ბათუმში მოვიდა წვიმა, 

ანუ ბათუმში გამოიდარა…”

მაგრამ წვიმიან დღეებსაც აქვს რაღაც ლამაზი…

1252

IMG_20150915_185453 Continue reading

წამები

გავიდოდი ახლა, ასეთ თავსხმა წვიმაში რიონის პირზე და ცასთან ერთად ვიტირებდი ბევრ რამეზე…

სულ რაღაცას ან ვიღაცას ველით ადამიანები დღიდან დღემდე, საღამოდან საღამომდე, ვიღაცის დაბადებას, ვიღაცის წარმატებას, ვიღაცის სწორ თუ არასწორ ნაბიჯებს, რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას… ცხოვრების შეცვლას და ახლის შექმნას… მერე მივაღწევთ დასახულამდე და თითქოს არც არაფერი, თურმე ეს ის არ ყოფილა რაც გვეგონა, არც ბოლო წერტილია და არც ახალი…

ამ ლოდინით სავსე შუალედებში კი ვფიქრობთ რომ  ბედნიერები არ ვართ და მხოლოდ მაშინ ვიქნებით როცა მივაღწევთ იმ წამს დასახულ ახალ მიზნამდე, ან კი ბედნიერება რაა ვინ იცის, ყველასთვის ერთია და ამავდროულად ყველასთვის სხვადასხვა…

ბედნიერება წუთებია, ან უფრო სწორად წამები… საუკუნეში არსებული რამოდენიმე წამი, რამოდენიმე ამბავი, წამში ჩატეული, ერთი გამოხედვა ერთი გაღიმება, ერთი თვალის დახამხამება ან ერთი ცრემლი… ბედნიერება იმდენად პატარა წამია, ხანდახან ვერც კი ვხვდებით რომ ეს ისაა… იმ წამს ვერ ვამჩნევთ, გაივლის თუ არა სულ იმას ვნანობთ რომ ვერ შევაჩნიეთ… Continue reading

ძვირფასო ჯუდი…

03 ოქტომბერი, შაბათი

ძვირფასო ჯუდი, არც კი ვიცი რამ გამახსენა შემოდგომის ამ წვიმიან საღამოს შენი თავი, მაგრამ გამახსენდა და შენი წერილების წაკითხვა დავიწყე… ალბათ გეცოდინება შენი წერილები რომ ბევრჯერ გამოსცეს, ისეთი ლამაზებია ყველა, მე მხოლოდ ორნაირი მაქვს ერთი ძველია, პირველად იმ წიგნის გაცრეცილ ფურცლებზე გაგიცანი, მეორედ ახალ ყვითელ ყდიან წიგნში შემომხვდი, ყდაზე მისტერ ჯევრის გრძელი ფეხები ახატია… მე მგონი ჩემი გოგო რომელიც შენსავით მოუსვენარი და ჯიუტია სწორედ ამ წიგნში გაგიცნობს…

DSC_0086
ჰოდა რა მინდოდა მეთქვა, არც არაფერი, უბრალოდ გამახსენდა ამ წერილების კითხვა რომ დავიწყე შენზე  ცოტა პატარა ვიყავი, არაჩვეულებრივი დედიკო და მამიკო მყავდა (და ახლაც მყავს რა თქმა უნდა) კიდევ უსაყვარლესი ცისფერთვალება ძამიკო შუბლზე დიდი ხალით, რომელსაც ქერა თმა ოდნავ უფარავდა… ბაბუაც მყავდა და ბებიაც… შენ რომ ასე გინდოდა გყოლოდა, ის ხალხი მყავდა და საჩუქრების საკუთარი ხელით გამზადებაც სულ არ მჭირდებოდა… ახალი წლის დილას ბალიშის ქვეშ იმდენი ტკბილეული მხვდებოდა ერთად რომ უსასრულოდ გვეჭამა არ დაილეოდა… არა, ღმერთმანი კი ვიცოდი რა კარგები მყავდნენ და ძალიანაც ვცდილობდი მათი გულები გამეხარებინა, მაგრამ შენ რომ გაგიცანი მას შემდეგ მივხვდი რომ ეს ხალხი საჩუქარი იყო ჩემს ცხოვრებაში…  შენ მიმახვედრე რომ მათი არდაფასება ყველაზე დიდი დანაშაული და უმადურობა იქნებოდა, ჰოდა შენთან ბევრი სამადლობელო მაქვს… Continue reading