მარტო დარჩენილი ქალის ფიქრები

როცა ქალები მარტო რჩებიან ცხოვრების დიდ და უხეშ სცენაზე ჩემთვის ერთი მსახიობის თეატრს ემსგავსება მათი ყოფა… ყველა როლს თავად ირგებენ,  ყველას სათქმელს თვითონ ამბობენ, თავისთვის, ხან ჩუმად და ხან ხმამაღლა… მათ შეუძლიათ თავად შექმნან ეპილოგი და პროლოგი მაგრამ ამბის სიუჟეტს ვერაფრით ცვლიან… უცნაური სიტყვაა “შინაბერა”… სულაც არ მიყვარს მაგრამ ხომ ვამბობთ ასეთ ქალებზე?! რაღაც ერთი თვით დავრჩი სრულიად მარტო, დილით მარტო ვდგებოდი, თოვლში, ქარსა და წვიმაში მივდიოდი და მოვდიოდი ისე რომ სულ არავის ველოდი სახლში, ისე ვინმეს კარს რომ გამიღებდა და უბრალოდ მეტყოდა მოდიო? ღამით ვწვებოდი და ისეთი იდეალური სიჩუმე იდგა სახლში, ალბათ მათ ვისაც სმენა არა აქვთ (უსაზღვრო მწუხარებით და გულისტკივილით ვწერ ამ სიტყვებს) ასეთ სიჩუმეში უწევთ ცხოვრება… მე კი ვისაც ყველაფერი მესმის და ვხედავ ეს შეუჩვეველი სიჩუმე ყველა ნერვს მიტოკებდა… განა იკითხავს ვინმე ღამით რისი ხმა უნდა გესმოდეს ადამიანსო? ღამით ვიღაცის სუნთქვა უნდა გესმოდეს, გვერდით ან სხვა ოთახში, ან ამ სუნთქვის ლოდინით გეძინოს… ყველა ჩემნაირ ქალს უნდა ვიღაცის სუნთქვა ესმოდეს და ისე იძინებდეს… ვიწექი ხოლმე ასე სიჩუმეში, ფანჯრიდან შემოჭრილი მთვარის შუქზე ჭერს ვუყურებდი, არ მეძინებოდა და ბევრჯერ ძალიან ბევრჯერ მეფიქრებოდა მამიდაჩემზე…
Continue reading

Advertisements

სევდა ღიმილის მიღმა…

გუშინ პირველად ვუყურე ფილმს “Mona Lisa Smile”  ჯულია რობერტსის მონაწილეობით, მართალია ძველი ფილმია, მაგრამ რატომღაც არ მქონდა ნანახი, გული დამწყდა რომ ეს ფილმი იმ დროს არ ვნახე როცა ყველაზე მეტად საჭირო იყო ჩემთვის…  არც სრული ფემინიზმი ვარგა და  არც სრული ქალური თავქარიანობა, ქეთრინ უოტსონი კი გამუდმებით უმტკიცებს მის გოგონებს რომ ამ ორ უკიდურესობას შორის შესაძლებელია ოქროს შუალედის პოვნა და რომ მეუღლეების პერანგების რეცხვისა და საჭმლის მომზადების პარალელურად მათ შეუძლიათ  ისწავლონ და იბრძოლონ პირადი თავისუფლებისთვის…

Mona Lisa Smile 1

უნივერსიტეტში ერთი ძალიან ნიჭიერი და ქეთრინ უოტსონისნაირი ლექტორი მყავდა, საზღვარგარეთის ლიტერატურას გვასწავლიდა და მისი ლექციები იყო ყველაზე ცოცხალი, დისკუსიებით სავსე და საინტერესო… თითქმის ყველა ლექცია მახსოვს მისი, ის იყო (და არის) დამოუკიდებელი ქალი რომელიც მართლა ძალიან გავდა ზემოხსენებულ გმირს, მაშინ წარმოდგენაც კი არ შემეძლო რომ ეს ქალი გათხოვდებოდა, სამ შვილს ერთდროულად გააჩენდა და ისეთივე კარგი დედა იქნებოდა როგორც ლექტორ–მასწავლებელი… ვფიქრობ მან იპოვა ოქროს შუალედი მაგრამ ყველას ხომ არ შეუძლია ეს? Continue reading

მეგობრისთვის მისაწერი

რამოდენიმე დღის წინ მაღალმთიან აჭარაში, ხულოში ვიყავი და სწორედ ისე თოვდა როგორც თინამ აღწერა მის ბოლო პოსტში, ამას დამატებული სულ მთები და ამ მთებს შორის ვიწროზე ვიწრო გზა, ისე შეჭრილი შიგადაშიგ  წინ თუ რამეა ვეღარ ხედავ ადამიანი და გგონია პირდაპირ მთებში გადაფრინდები…. და ამ დროს და ამ განცდებში თოვს, თოვს ისე ნაზად და ლამაზად როგორც ფილმებში… ბავშვობიდან პირველი თოვლი რომ მოვა სულ ირაკლი აბაშიძის ლექსის სტრიქონები მახსენდება:

“წუხელ თოვდა,

ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი,

გენახე და ძილში თბილად დაგეხურე…

მე ავდექი პირველ თოვლზე განთიადში

და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს…”

შეჩვეული ჭირია ქართველები რომ საქართველოდან წასვლაზე ოცნებობენ, მე არ ვოცნებობ მაგრამ ხანდახან მეფიქრება ხოლმე… ნეტავ როგორი შეიძლება იყოს ის დილა აქ რომ არ გამეღვიძება, ან რა გემო ექნება  ყავის იმ ჭიქას რომლის ორთქლიც ჩემი ქალაქის ჰაერს არ შეერევა… სულ რომ ცივი იყოს ალბათ მდუღარედ გადამეყლუპება… გულში ვლოცულობ ხოლმე რომ ამ ყველაფრის განცდა არ მომიწიოს… Continue reading

ზეცის შვილები

მადლობა Tina რომ ეს სასწაული ფილმი გამახსენე შენი პოსტით, ვუყურებ წლების წინ ბავშვობაში ნანახ კადრებს და მაშინდელი და ახლანდელი გრძნობები ერთმანეთს ერწყმებიან… დღემდე ნათლად მახსოვდა ზოგიერთი კადრი, მაშინ პირველად მივხვდი რომ სხვა მრწამსიც არსებობდა ამ ქვეყნად, სხვანაირი დამწერლობა, აღმოვაჩინე რომ თურმე ყველგან არიან ბავშვები რომლებიც მიუხედავად უამრავი გასაჭირისა მაინც გულწრფელები არიან და რომ ადამიანს დიდი სიყვარული და თავგანწირვა შეუძლია…CHILDREN OF HEAVEN

მე არ მიყვარს დიდად ის პათეტიკური რეპლიკები : უი არ გინახავს, სირცხვილი!  არ გაგიგონია?! რა უბედურება!  არ წაგიკითხავს, როგორ შეიძლება?!  მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით, ეს ფილმი იცით როგორია მეგობრებო (ვისაც არ გინახავთ) ცხოვრებაში ერთხელ მაინც რომ უნდა ნახოს ადამიანმა და განსაკუთრებით ბავშვებმა აი ისეთი…
მახსოვს ერთად ვუყურებდით მე, ჩემი ძმა და ბაბუა, რომელიც ცდილობდა მარტივი და ბავშვური ენით აეხსნა კადრების ყურების პარალელურად ის მრავალმხრივი საინტერესო და მნიშვნელოვანი ფონი რაც ამ ფილმში აღწერილ უბრალო ამბავს გასდევს… ამიტომაც მახსოვდა ალბათ მაშინ განცდილი ემოციები ასე კარგად, ვუყურებდით და გვიხაროდა მე და ჩემს ძმას რომ ერთმანეთი გვყავდა…
Continue reading

სიყვარულისთვის ეს ცხოვრება ისე ცოტაა…

***

“სიყვარულისთვის ეს ცხოვრება ისე ცოტაა,

უშენოდ ფლანგვა ამ დღეების ალბათ ცოდვაა…”

ეს სიტყვები  არ ვიცი ვისია, გაგრძელება დიდი არაფერი აქვს მაგრამ გუშინ ვნახე  ჩემი ბავშვობის დღიურში როგორ ლამაზად მიწერილი მქონია წლების წინ ერთი ადამიანისთვის და ვინაიდან ჩემს ცხოვრებაში რაც თავი მახსოვს სულ ის კაცია, ბედნიერი ვარ რომ დღესაც იგივე განწყობით შემიძლია ამ სიტყვების მიწერა… მაშინაც შორს იყო და ეხლაც შორსაა…

***

მარტოობაშიც არის რაღაც კარგი, სულ შენს თავს ესაუბრები, ესაუბრები ესაუბრები,  ფიქრების დიდი მდინარიდან ხან ერთ ნაპირზე გადახტები ხან მეორეზე, ხან დაილექება და კამკამა ხდება ეს ფიქრების მდინარე ხან აიმღვრევა და გაშავებული რიონივით აბობოქრდება… ხან ლამაზ მომავალზე ოცნებობ და ხან დაუბრუნებელი წარსული გედარდება… ისეთი როგორიც არის და იმის ტკივილი რომ ვერაფერს ვერ შეცვლი რაც იმ წარსულში დარჩა დიდ ტკივილს გაყენებს… და ხარ ასე მურმანის ეკალივით გაჩხერილი ამ წარსულსა და მომავალს შორის აწყმოს მარწუხებში… ეს კიდევ ერთი მინაწერი ბავშვობის დღიურიდან…

“იქედან აქეთ – რამხელა გზაა,

აქედან იქეთ – აღარაფერი”… Continue reading