ლამაზი ცრემლები

ყოველ საღამოს ათს რომ წუთები დააკლდება ვემშვიდობები და საწოლისკენ ვუშვებ, ვცდილობ ვაკოცო  და უცებ გამოვიდე, რომ ზედმეტად არ შეეჩვიოს ვინმესთან ერთად ძილს, იმიტომ რომ დადგება დრო, როცა მარტო მოუწევს ამის გაკეთება, ცოტა ხნით თუ დიდი ხნით ამის არჩევანს თავად გააკეთებს… გუშინაც დავტოვე, ტკბილი ძილი ვუსურვე და ოთახში ჩავაბნელე…

საჭმელი უკვე გაკეთებულია, სარეცხი გაფენილი, მისი ჩანთა ჩალაგებული, ჰოდა ჩემი თავისთვის მოვიცალე, მთელი ჩემი საკუთარი სურვილითა და ხელფასით შეძენილი წიგნები დიდ ყავისფერ ყუთებშია შეკრული და ვიცი ჩემსავით მოუთმენლად ელოდებიან ახალი სახლის კედელზე ახალი თაროების დამშვენებას… მხოლოდ ლინდგრების ტომები გვავს გამოსაჩენად და ახლახანს შეძენილი როალდ დალის “მატილდა”… გადავშალე და ვკითხულობ პატარა ჭკვიანი გოგოს ამბავს… შუა კითხვაში ვარ მოგუდული ხმა მესმის, თითქოს კატის კნუტი კნავის… მაშინვე გავედი, დავხედე და წევს თბილ საწოლში და მაინც კანკალებს, ცრემლები ცვივა ისე,  ნოემბრის წვიმის წვეთები რა მოსატანია… გავგიჟდი, გადავირიე, აბა რა დაგემართა, რა გტკივა, რა ხდება? ვეკითხები… ის კი ჩუმად აგრძელებს ტირილს… ვჩუმდები, ველოდები როდის დამშვიდდება… და იწყებს მოყოლას… Continue reading

სადაც გინდა იქ ილოცე…

ხულოში ვიყავი სამსახურიდან, ვიჯექით ერთი დაბაში პატივცემული და დაფასებული კაცის კაბინეტში რამოდენიმე ახალგაზრდა და საქმის კეთებასთან ერთად ვსაუბრობთ ათას წვრილმანზე, ხან რაზე ხან რაზე… მერე გამოირკვა რომ ერთ-ერთი ჩვენთაგანი მუსლიმანი იყო, მეორე ქრისტიანი, მესამეს ვერ გაერკვია ჯერ კიდევ მაგრამ არც ათეისტობის ეტყობოდა რამე… გავეხუმრე ამ ჩემს მეგობარს, ქრისტიანს რომ გაყვე ცოლად და ჯვრის დაწერა მოგთხოვოს რას იზამთქო?! არაო, მანამდე ვეტყვი და თუ დამთანხმდა მეტი კაი, თუ არადა კარგად იყოსო! მერე კიდევ მძლია ინტერესმა და ამ ბატონს პირდაპირ ვეკითხები თქვენ მუსლიმანი ხართ-მეთქი?! იცი რა შვილოო, მე ვერ ვიტყვი მაგასო, ოჯახობაზე კიდე ერთს მოგიყვებიო, ხანში შესული კაცი ცხოვრობს ჩემს სოფელში, ასე 70 წლისაა, დილაობით ცენტრში რომ მოდიან გზაში ჯერ ძველი მეჩეთია, ჩამოვა ეს კაცი ილოცებს, მერე ცოტას კიდევ ჩამოუყვებიან და ეკლესიააო, ახლა მისი ქალი გადმოვა მანქანიდან ის შევა და ილოცებს ამ ეკლესიაშიო, მშვენიერი ოჯახი აქვთ კი შეაბერდნენ ერთმანეთსო… მე როგორც ასეთი მუსლიმანი არ ვარ და ვერც ქრისტიანიბას დავიფიცებ მაგრამ ღმერთი როგორ არა მწამსო… რომ ამბობენ უფალო ოღონდ ეს გამაკეთებინე, ის მომალევინე და მერე მე ვიციო, ღმერთს რას ურიგდები რა პირობებს უყენებ ასე გწამსო?! უბრალოდ გწამდეს დაგეხმარება და გააკეთებო, აბა პირობებით რწმენა რაღა რწმენააო?! კიდე ბევრი რამე თქვა იმ ჭკვიანმა კაცმა….

ჰოდა ასეა რა, ყველას რაღაც სწამს და რადგან რწმენა დასაწყისშივე შეიცავს სიყვარულსა და პატივისცემას, ამიტომ სრულიად შესაძლებელია თუკი ოდნავ მაინც მოვინდომებთ სხვადასხვა მრწამსის, შეხედულების, იდეების თანაარსებობა ერთ სივრცეში, ერთ ოჯახში, ერთ ქვეყანაში…
როგორაა ერთ სიმღერაში?! “კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცე!” ჰო და კიდევ ერთ ლექსშიც “მთავარია რაღაც გწამდეს პიჯვარს ეშმაც იწერს-ხოლმეო” გვწამდეს, გვიყვარდეს და ვეცადოთ ვიყოთ კეთილები… ამის თქმა მინდოდა მოკლედ, მაგრამ სულ მთლად მოკლედაც არ გამომივიდა …
არ იყო ცუდი დღე, მაშასადამე კარგი დღე ყოფილა…

14938256_1167901393286013_1621882527060618618_n