სუსხიანი დღეები

შემოდგომაა, აღარც ადრეული და ჯერ არც გვიანი,  ოქტომბერი  დასეირნობს ქუჩებში, ყვითელ–წითელ ფოთლებს აფრიალებს და მერე ხშირად წვიმის წვეთებით ნამავს… დღეს ძალიან ცივა, ისეთი ამინდია სახლში რომ უნდა იჯდე თბილად და არსად გეჩქარებოდეს, თავზე უამრავი საქმე არ უნდა გეყაროს და ათას სულიერსაც არ უნდა ელოდებოდე…

ვინ როგორ ცდილობს შემოდგომის სუსხიანი და ცივი დღეები გადაგორებას, ყველას თავისი ჩვეულება აქვს, მათ შორის ალბათ ყველაზე მეტად საერთო – ცხელი ჩაის მირთმევა, საყვარელი ფილმების ყურება და წიგნის კითხვაა… თუმცა ამის გარდაც შეიძლება ბევრი აკეთო ან უფრო სწორად ამ სამთან ერთად.

ვისაც ჩაი არ უყვარს უგემრიელესი კომპოტების გაკეთება შეუძლია, მოხუფულს კი არ ვგულისხმობ, არამედ ახალს და ვიტამინებით გაჯერებულს…  მაგალითად სხვადასხვა ჩირის, ვაშლის, ყურძნის, ამ უკანასკნელის შესახებ არაფერი არ მსმენოდა სანამ ჩემი გოგო აღფრთოვანებული არ მოვიდა სკოლიდან და არ განაცხადა ყურძნის კომპოტი მივირთვი და ისეთი იყო, მასზე გემრიელი არაფერი დამილევიაო, ზუსტად ასე შეაფასა , მაგრამ მე პირადად კომშზე არომატული, ვერც კი წარმომიდგენია რომელი კომპოტი უნდა იყოს?!

6e1a7025ed7e655ffc7b1f8a399fb4f6წიგნების კითხვა რომ ყველა სეზონზე საუკეთესო გასართობია ამაზე უკვე  შევთანხმდით, მაგრამ ამასაც შეიძლება ახლებურად შეხედო კაცმა, მაგალითად მე და ჩემი გოგო ახლა  ფრაუ ასტრიდის შედევრებს ვკითხულობთ, ცელქზე ცელქი ბიჭი ემილი უკვე გავიცანით, დაიკო იდაც ძალიან შეგვიყვარდა, კაცუნებიც გამოვთალეთ და ახლა ბულერბიელ ბავშვებთან ერთად ვთამაშობთ, ლიზა, ანა და ბრიტა  ანუკის მეგობრები გახდნენ, ლასე, ბოსე და ულეც ისევ ძველებურად გვაწვალებენ გოგონებს, ყველა შეუყვარდა ჩემს ანას, მაგრამ განსაკუთრებით ულეს დედისერთობამ აუჩუყა გული, ჩემსავით ერთი “ცალიაო” და წარმოიდგინე ეს ბავშვები რომ არ ჰყავდეს რა ცოდო იქნებოდაო?! მაგრამ, მხოლოდ წიგნის წაკითხვა ძველი ტრადიციაა, ამიტომ ჩვენ ერთი დეტალი დავამატეთ და საღამოობით ვხატავთ კიდეც ჩვენს ლიტერატურულ გმირებს, ცოდვა გამხელილი სჯობიაო, ხატვა არც მე და არც ჩემს გოგოს დიდად არ გვეხერხება მაგრამ მთავარია ვხალისობთ, თქვენ გიცდიათ საყვარელი პერსონაჟის დახატვა?! დამიჯერეთ სახალისოა, თუნდაც ისე ლამაზი ვერ გამოგივიდეთ, როგორც წარმოგიდგენიათ. Continue reading

Advertisements

დიალოგი

საღამო… ცხელი ლიმნიანი ჩაის არომატი… ორნი მარტო სახლში…

  • 14330171_1124103047665848_7092639018398933569_n– იცი მე არ მინდა რომ გავიზარდო დე…
  • –რატომ დედიკო?
  • –იმიტომ რომ, როცა გავიზრდები არავინ მაჩუქებს იმდენ რამეს რასაც შენ და მამიკო მჩუქნით პატარა რომ ვარ… 
  • –სამაგიეროდ რომ გაიზრდები, კარგად ისწავლი, დამოუკიდებელი ქალი გახდები, იმუშავებ და შენი ხელფასი გექნება,  რასაც გინდა იმას აირჩევ და შენით იყიდი, ისე რომ ვინმესთვის თხოვნაც კი არ დაგჭირდება…
  • –ჰო, ეგ კი დე……. მაგრამ იცი რა, კი ვიმუშავებ, ხელფასს ავიღებ და რასაც მინდა იმას კი ვიყიდი მაგრამ, როცა დიდი ვიქნები მერე ვეღარ ვითამაშებ, იმიტომ რომ ამდენი ნამუშევარი დაღლილი ვიქნები… აი შენსავით და მამიკოსავით…

ნაღვლიანი მზერა… “დიდობის” სევდა…  სიჩუმე…

*****

ძილისპირული… უცებ ცრემლები…

  • –რა გჭირს დე? რატომ ტირი?
  • –მე სულ შენთან მინდა ვიყო, სულ სულ შენთან…

Continue reading

დაბრუნება

ჩვენ ადამიანები ბევრ რამეს ვუკეთებთ ერთმანეთს მაგრამ ბევრსაც ვუშავებთ, ზოგჯერ გაცნობიერებულად, ზოგჯერ გაუცნობიერებლად, მერე სულ ამ ამბების გააზრებასა და გამოსწორებას ვცდილობთ, თუმცა არსებობს ადამინი ჩვენს ცხოვრებაში რომელსაც არაფერი სჭირდება ჩვენი, არც გაკეთება და არც გაფუჭება, მას უბრალოდ უნდა რომ მისი ნაწილი ვიყოთ… ჩვენ ვართ კიდეც მისი ნაწილი, აურჩევლად, გაუზარებლად, დაუფიქრებლად, ყოველგვარი კითხვისნიშნების გარეშე… მასში გავჩნდით, მასთან ერთად გავიზარდეთ და მასთან ერთად დავბერდებით, თუნდაც ის დიდი ხნის წასული იყოს ჩვენი ცხოვრებიდან…

ცუდად დავტოვე, სიცხიანი და უმწეო… გამივლისო, ჰოდა დღეს მითხრა გამიარაო, სულ ტყუილი, მე ხომ ვიცი…  უაზრო მოვალეობები, სამსახური, სკოლა, საჭმელი და სხვა საქმენი… არადა ამ მოვალეობების მიღმა სულ მთავარი მოვალეობა იკარგება და როცა ურემი გადაბრუნდება მერეღა ვახელთ ფართოდ  დახუჭულ თვალებს, მერე როცა აღარ შეგვიძლია არაფერი…

ალმადოვარის ბოლო ფილმი ხომ არ გინახავთ? დედა–შვილობის ამბავზეა, გულში ყველაფერი რომ უდუღს იმ დედაზე და შვილზე რომელმაც დედა დაკარგა ნებით და ბოლოს მაინც მოიხმო , რაღა თქმა უნდა გაჭირვების ჟამს… სანამ საკუთარ ტყავზე არ ვიგრძნობთ ღია ჭრილობას, მარილს არ მოგვაყრის მერე ცხოვრება და სანამ ვიღაცის გულში დანთებული ცეცხლი ჩვენს სხეულსაც არ დაწვავს, მანამდე არ გვახსენდებიან, არ გჭირდებიან, მერე მხოლოდ მოსაშუშებლად ვეძახით…

Continue reading