სოფელი

img_20180619_131442_7309167711276479784431.jpgამ ფოტომ ბავშვობა გამახსენა, სოფლის გარემო, მწვანე ბალახით, ხეებით და ჰამაკით სავსე ეზოები, ცხელი დღეები, დილით მამლის ყივილი და საღამოს მზის ჩასვლის ყურება რიონის პირზე, ჰორტენზიებმა მეზობლის ჭა გამახსენა, ფერებში გარდამავალი დიდ ბუჩქად შეკრული ჰორტენზიები იმ ჭის გარშემო ყვაოდნენ და მე სულ მიყვარდა მათი ყურება… იმ სახლებს რომელებსაც მე ვიხსენებ კიბეები აქვს, აქ არა, მაგრამ ესეც გავს ერთს… თუმცა ის ასე თავმომწონედ არ გამოიყურება… მაგრამ მერე რა… სითბოთი ამევსო, საამური განცდები გამიცოცხლა, სულ წამიერად იმ ეზოებში გამარბენინა და ის ხალხი დამანახა ვინც იქ ფუსფუსებდა, ზოგი ახლაც ფუსფუსებს მაგრამ დიდობაში ცხოვრების არსებული, უწყვეტად დამღლელი რიტმი მაშორებს ხოლმე იმ ადამიანებს…
ვუყურებ ამ მწვანე მდელოს და ასათიანის ნიკალაზე დაწერილი ლექსის სტრიქონი მახსენდება: “გაეხვეოდა ირემივით მწვანე ბალახში, სოფელში ვეღარ მივდივარ და მეამებაო…” რა საამური იქნებოდა ბავშვობის მეგობრებთან ერთად ნაცნობ ადგილებში სირბილი და ბალახზე წამოწოლა, გვირილებით გვირგვინების დაწნა, საღამოობით ციცინათელებით ტკბობა და დილით ისევ მამლის ყივილი…

Advertisements