სანელებლები და ვნებები

კულინარია ხელოვნებაა… ამაში დიდი ხანია დავრწმუნდი, ჯერ კიდევ მაშინ როცა დედაჩემის ხელები ამქვეყნად ყველაზე გემრიელ და ლამაზ კერძებს ამზადებდა უშუქობის, გაჭირვების და შიმშილის დროებაში… ჩვენ დიდი ეზო გვაქვს და გვქონდა, ორად გაყოფილი – სახლის წინ და სახლის უკან…  წინ ლამაზი ბაღი არის, ხილითა და ყვავილებით სავსე, მწვანე ხასხასა გაზაფხულობით და ოქროსფერი, მწიფე ნაყოფებით დახუნძლული შემოდგომებზე… უკანა ეზო სოფლური ცხოვრების ყველა სიკეთით იყო სავსე , ბოსტანი მწვანილებით, ბოლოკებით, ყაბაყებით და მწვანე ხახვით სავსე, ბოსტნის შემდგომ ეზოში ქათმებით, პერიოდულად კი ბატებით და ახალდადებული თბილი კვერცხებით სავსე… კიდევ უფრო შორს საშობაოდ ნაზარდი ბურვაკი და ხბოს ლამაზი თვალები ჩანდნენ… სულ ბოლოს ნიგვზის, თუთისა და ტყემლის ხეები ჩამწკრივებულიყვნენ…  

11the-hundred-foot-journey

…და როცა დედა დაასრულებდა, მე დაახლოებით ასე ბედნიერი სახით მივართმევდი ხოლმე სხვებს 🙂

ყველაფერი ჯანსაღი, ყველაფერი ახალი, ყველაფერი ქორფა… გემრიელი კერძების მთავარი საიდუმლო დიდ სიყვარულთან ერთად ხომ ესაა… მე არასოდეს არ მიყვარდა ჭამა, არც სამზარეულოში ყოფნა მხიბლავდა, მაგრამ სურნელები მიყვარდა ყოველთვის და დედაჩემის გაკეთებული საჭმელების სურნელს ყოველთვის ათას სურნელში გამოვარჩევ… იმ დროს როცა ოჯახებში მრავალფეროვანი მენიუს ქონა  დიდი იშვიათობა გახლდათ, ჩვენთან მაინც გემოების ზეიმი იყო…
Continue reading

Advertisements

მეგობრისთვის მისაწერი

რამოდენიმე დღის წინ მაღალმთიან აჭარაში, ხულოში ვიყავი და სწორედ ისე თოვდა როგორც თინამ აღწერა მის ბოლო პოსტში, ამას დამატებული სულ მთები და ამ მთებს შორის ვიწროზე ვიწრო გზა, ისე შეჭრილი შიგადაშიგ  წინ თუ რამეა ვეღარ ხედავ ადამიანი და გგონია პირდაპირ მთებში გადაფრინდები…. და ამ დროს და ამ განცდებში თოვს, თოვს ისე ნაზად და ლამაზად როგორც ფილმებში… ბავშვობიდან პირველი თოვლი რომ მოვა სულ ირაკლი აბაშიძის ლექსის სტრიქონები მახსენდება:

“წუხელ თოვდა,

ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი,

გენახე და ძილში თბილად დაგეხურე…

მე ავდექი პირველ თოვლზე განთიადში

და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს…”

შეჩვეული ჭირია ქართველები რომ საქართველოდან წასვლაზე ოცნებობენ, მე არ ვოცნებობ მაგრამ ხანდახან მეფიქრება ხოლმე… ნეტავ როგორი შეიძლება იყოს ის დილა აქ რომ არ გამეღვიძება, ან რა გემო ექნება  ყავის იმ ჭიქას რომლის ორთქლიც ჩემი ქალაქის ჰაერს არ შეერევა… სულ რომ ცივი იყოს ალბათ მდუღარედ გადამეყლუპება… გულში ვლოცულობ ხოლმე რომ ამ ყველაფრის განცდა არ მომიწიოს… Continue reading

ჩემებური იტალია

მე რომ შემეძლოს ახალა გავაქრობდი საზღვრებს და  გავიჭრებოდი ჩემი ბავშვობის საოცნებო იტალიაში,გეოგრაფიის გაკვეთილიდან პირდაპირ იტალიის ქუჩებში რომ ამოვყოფდი ხოლმე თავს, ის დრო დიდი ხანია ჩამოვიტოვე, მაგრამ ოცნება ვერა და ვერ დავტოვე 🙂

რა იყო მაშინ ჩემთვის იტალია ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ დაახლოებით ასე შემიძლია განვსაზღვრო, წარმომედგინა ჩექმის ფორმის მიწის ნაგლეჯზე მცხოვრები ჩემი ტოლი გოგო-ბიჭები რენე რეჯანის “მზის მატარებლიდან” აგატას მსგავსი დახატული, გაბედული და იმედიანი გოგონები და “ხუთი ბავშვი და ერთი ძაღლიდან” გადმოსული ცელქი ბიჭები, “ჩიპოლინოს” ზღაპრის წამკითხველი მშობლების გარეშე დარჩენილები მაგრამ აი ისეთები გაჭირვებას რომ არ უშინდებიან და ცხოვრება ყველაფრის მიუხედავად რომ უხარიათ, წარმომედგინა ესპანეთის მოედნის ლამაზი კიბეები რომში და კოლიზეუმის ამაყი კედლები, ამდენი ამბისა და თავგადასავლის გადამტანი… წარმომედგინა ვენეცია, წყალში ჩაძირული ფერადი სახლებით, ბებერი მაგრამ ურყევი ხიდებით და გონდოლებით, გონდოლებზე კი მშობლიურ “მომღერალ” ენაზე მეტყველი  იტალიელი მენავეებით… წარმომედგინა მოედნებზე მტრედებით და ქუჩის ბოლოს პატრა კაფეებით, პიცის სურნელით გაჟღენთილი ჰაერითა და რესტორნის უკან სპაგეტის მჭამელი შეყვარებული ლეკვებით (გეცნოთ ალბათ კადრი ყველასათვის საყვარელი მულტფილმიდან “ლედი და მაწანწალა”) და  რა ვიცი კიდევ ბევრი რამ წარმომედგინა… Continue reading