როგორა ხარ მეგობარო?!

დიდი ხანია არ გამოვჩენილვარ, ძალიან, ძალიან დიდი ხანია! ბევრჯერ მინდოდა დამეწერა მაგრამ რატომღაც ვერ შევძელი, მიზეზებს რა დალევს ხომ იცით, თუკი ადამიანი მათ ძებნას დაიწყებს…  იკითხავთ ალბათ, ახლა რამ გაგახსენა აქაურობაო?! მინდა ყველაზე გულწრფელი და უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩემს მკითხველებს, რომლებმაც სოციალურ ქსელში არ დამივიწყეს, მომწერეს და დაინტერესდნენ რატომ გავქრი და რატომ აღარ ხვდებოდათ პოსტები აქ?! რამე ხომ არ მიჭირდა და საერთოდ ხომ არ ვაუქმებდი აქაურობას… ეს იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის და თან საკმაოდ ბევრისგან, გული ამიჩქარდებოდა ხოლმე რომ ვკითხულობდი და დასჯილი ბავშვივით მრცხვენოდა თან! ამ ბლოგმა იმდენი ადამიანი გამაცნო, მათ შორის ისინიც, ვინც აქ კომენტარებს  ვერ მიტოვებს  და პირადში მწერს, იმდენ სითბოს ვიღებ და იმდენ მოკითხვას რომ განა შევძლებ ამ ბლოგის გაუქმებას?! რა თქმა უნდა ვერა!

რა ხდებოდა ამ 4 თვის მანძილზე? მას შემდეგ რაც 2018 დადგა და მეც ცოტა გულისტკივილით სავსე პოსტით შევხვდი?! საერთოდაც არაფერი, ვმუშაობდი, ვსწავლობდი, საოჯახო საქმეებით ვკავდებოდი და მერე ისევ თავიდან…  ვმუშაობდი, ვსწავლობდი, საოჯახო საქმეებით ვკავდებოდი… ვკითხულობდი, მაგრამ რომ მჩვევია ისე ვერა, ვმუშაობდი და რაღაც ახალი საკითხებიც ვისწავლე, ადამიანებიც გამოვცადე და საკუთარი თავიც, მე ვიტყოდი რომ უკმაყოფილო არ ვარ… 🙂  Continue reading

Advertisements

ვინც რა უნდა თქვასო…

ძველით ახალ წელს გილოცავთ მეგობრებო  კალანდობას გილოცავთ! მე მიყვარს ეს კალანდობა, ჩემს ბებოს უყვარდა და ტკბილად მახსენდება  ყველას გისურვებთ სიყვარულით, ბედნიერებით, წარმატებებით დახუნძლულ წელს  მეც ვეცდები და თქვენც გისურვებთ რომ მეტი პოზიტივი გაგვეცეს და მიგვეღოს, ერთმანეთისთვის თბილი სიტყვები არ დაგვენანოს, თუ ცუდის თქმას დავაპირებთ, ვაჯობოთ საკუთარ თავს და კარგი ვთქვათ… მეც შემშლია ანგელოზი კი არ ვარ… თუ ვერა საერთოდ გავჩუმდეთ… პირადი გამოცდილებით ვიტყვი რომ როგორც არ უნდა ვმალოთ მაინც ვიგებთ ვინ რას ვამბობთ ერთმანეთზე… ზოგჯერ დამსახურებულად მაგრამ უმეტესად სუბიექტურად და არასამართლიანად… კარგ გოგოობას ვპირდები საკუთარ თავს ამ წელში და ძალიან ვთხოვ უფალს ჩემი ტკბილი ადამიანები ჯანმრთელად და უკლებლივ მიმყოფოს 
ყველას დიდი მადლობა იმ სითბოსთვის რომელსაც მიგზავნით პირად შეტყობინებებში, კომენტარებში, რეალურად მხვდებით ხოლმე და სიტყვებს არ იშურებთ… მათაც დიდი მადლობა ვინც არ შვებით ან ვერ შვებით ამას… არც ისე ბევრი ხართ მაგრამ გეტყობათ ეს “დამალობანა”… თუ ვინმეს რაიმე გაქვთ სათქმელი ან გაინტერესებთ ხოლმე ჩემი პირადი ცხოვრება მე მომმართეთ სჯობს… სხვები ვერ გაგცემენ გულწრფელ პასუხებს… მაგრამ ვშიშობ სულაც არ გჭირდებათ გულწრფელი პასუხები, ისე უფრო გირჩევნიათ..
მადლობა ახლობლებო და შორეულებო, ყველას მადლობა ვინც ჩერდებით ხოლმე, ჩემს ფოტოებს ათვალიერებთ, ჩემს ნაწერებს კითხულობთ და ღიმილით “ჩასქროლავთ” მერე…
შეიძლება ყოველ დღეს მოურიდებლად ჩახუტებით და მოფერებით ატარებდე იმ კაცთან რომელიც ყოველ კედელზე ძლიერი, თვალით დაუნახავი კედელია ჩემთვის მაგრამ სხვები იტყვიან რომ რა საჭიროა ეს “სიყვარულობანა” ამდენი წლის მერე… სანამ ვისუნთქებ არ მომბეზრდება ვეფერო და ყველა განძზე დიდი განძია მისი ნათქვამი ყველა “მიყვარხარ”… რაც გინდათ ის თქვით ვდრარდობდი და ამ წელში აღარ ვიდარდებ… შეიძლება ერთი შვილი გყავდეს და არ ჩერდებოდეს დამრიგებლური სწავლება და მისთანები… მაგრამ ნუთუ არავის გაგჩენიათ კითხვა განსჯის მაგივრად იქნებ “ფეხებზემკიდიობა” კი არა სხვა სერიოზული მიზეზები მაქვს ამ ჩემი შვილის დედისერთობის?! არის რაღაცეები რასაც ვერ იტყვი და ვერ იყვირებ, მაგრამ მერე რა… არც ამას ვიდარდებ ახალ წელში… ვინ იცის ეს წელი რას ან ვის მაჩუქებს…  შეიძლება მუშაობდე თავდაუზოგავად კვირაში 6 დღე, ზოგჯერ ზედმეტ საათებს, შეიძლება 2 დღეში მოიარო 4 ქალაქი და ღამით მაინც არ დაგეძინოს დაუსრულებელი საქმის გამო… მადლობა რომ ამას სამსახურში მაინც ხედავენ… თუმცა ვიღაცეებმა შეიძლება გიწოდონ ზარმაცი და სულელი… რა საჭიროა ამდენი წყვალება როცა შეგიძლია ქმარმა გარჩინოსო…ჩემი ქმარი კი ახლა და ამ ასაკში იმდენ რამეს და ისეთ რამეებს აკეთებს ხალხი ბერდება და ვერ ასწრებს, მადლობა რო ის ხედავს ჩემს გვერდით დგომას და ყველაზე მეტად მიფასებს ჩემს შრომასთან ერთად.. მე კი ისევ გავაგრძელებ ისევ ისეთ რეჟიმში მუშაობას იმიტომ რომ მყავს ერთი-ორი ვისაც ამის დანახვა შეუძლია!
შეიძლება შენს მომავალ ჩანაფიქრებს უზიარებდე, დასახულ გეგმას ანდობდე, შენს გადასადგმელ ნაბიჯებზე ესაუბრებოდე და ელოდებოდე რომ გეტყვიან შენ ყველაფერს შეძლებ, სცადე, მოინდომე, უფლის წყალობით გამოგივა! არა, ისინი ალმაცერად გადმოგხედავენ, მერე გავლენ და დაიწყებენ საუბარს როგორი არარეალური გეგმები გაქვს, როგორ ზედმეტი გინდა სულ და როგორ არაფერი არ გაკმაყოფილებს… მაგრამ მე მჯერა რომ ჩვენ ყველაფერს შევძლებთ…  რწმენა, ჯანმრთელობა და ერთმანეთის იმედი გვეყოფა ჩენი შვილის მოციმციმე თვალებთან ერთად  შეიძლება ვერ ყიდულობდე ბევრ თვალისმომჭრელ ნივთებს აი ისეთებს ვიტრინიდან რომ შემოგცინიან მაგრამ სამაგიეროდ იხდიდე წლობით ვალს რომ საკუთარი ჭერი გაგაჩნდეს… ბევრს ეს ყველაფერი აქვს ხოლმე და არ იციან რამხელა ძალა და ენერგია ჭირდება ამას.. არ იციან რა მწარე და თან რა ტკბილია შენი ნაწვალები… სამაგიეროდ იტყვიან რომ უაზრო იქცევი… მერე რა… არც ამაზე ვიდარდებ ამ წელში…
შეიძლება იჩენდე პატარა ყურადღებას, არ ტოვებდე შანსს რაღაც კარგი უთხრა, რაღაც აჩუქო, რაღაცით ასიამოვნო, სხვამ შეიძლება საერთოდ დაივიწყოს, საერთოდ უგულვებელყოს და საჭიროდ არ ჩათვალოს ეს ყველაფერი, მაგრამ მერე რა, შენსას მაინც არასდროს დაინახავენ

Continue reading

მე, შენამდე…

ახლა ერთი წიგნი დავხურე, ბოლო გვერდის წაკითხვის დროს პატარა ბავშვივით ღაპაღუპით მცვიოდა ცრემლები…წიგნი  ჯოჯო მოიესის ნაწარმოებია –  “მე შენამდე…” ამბავი 26 წლის ლუიზა კლარისა და მდიდარი, განათლებული, მრავალფეროვანი ცხოვრების მოყვარული უილ ტრეინორის ურთიერთობის შესახებაა… უფრო სწორად იმის შესახებ თუ როგორ დაკარგა ნამდვილი ცხოვრება ამ სიცოცხლის მოყვარულმა კაცმა და თუ როგორ იქცა ერთი ავარიის შედეგად კვადრიპლეგიის მქონე, მხოლოდ სუნთქვა შერჩენილ არსებად… ლუ მისი მომვლელი ხდება, ენატიკტიკა, ბავშვური, ჭრელა–ჭრულა ფერებისა და ბზიკების მოყვარული გოგონა ნელ–ნელა იცვლება, მიზანი უჩნდება და ხვდება რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამეებია სადარდებელი ცხოვრებაში, ვიდრე მისი შეყვარებულის აკვიატებული ფიქრები ჯანმრთელი ცხოვრების წესის შედეგად ცხიმგამომშრალი და უდრეკი კუნთების დაყენების შესახებ…

რამდენნაირი დაავადება არსებობს ამ ქვეყნად, სადღაც დავწერე რომ ალცჰაიმერის მეშინია, ეს ისეთი დაავადებაა,  ორგანიზმი რომ მწყობრში გაქვს მეტ–ნაკლებად930493243_o და გონება იკარგება, საღი აზრი ქრება, მოგონებები იმსხვრევა, აი კვადრიპლეგია პირიქითაა რაღაცნაირად, ოთხივე კიდურის ფუნქციის სრული ან არასრული დაკარგვაა, მაგრამ ამავე დროს სრულიად საღ გონებაზე რჩები, აზრების ტყვეობაში ექცევი და მხოლოდ მოგონებებით ცხოვრობ… თურმე… ასე აღწერს ყოველ შემთხვევაში მოიესი ასეთი დაავადების მქონე პირთა შინაგან მდგომარეობას…

ჩვენ ადამიანები უბრალოდ არ გადავეყრებით ხოლმე ერთმანეთს ცხოვრების გზაზე, რაღაცას მაინც ვცვლით ერთმანეთში  და მერე ან ჩავუვლით ერთმანეთს ან არადა ერთად გავუყვებით… ყველაზე მძაფრად ბოლო ნაწილი განვიცადე,  თურმე როგორ იღებენ დაღლილი, ნატანჯი და ფარხმალდაყრილი ადამიანები  ევთანაზიას, ანუ უმტკივნეულო და მშვიდი სიკვდილის არჩევანს… 
Continue reading

Happy Birthday Honey!

მე ხშირად ვისმენ მისგან სიყვარულის ახსნებს, მართალია ისეთი რომანტიკული აღარაა როგორც თითქმის 10 წლის წინ იყო, მაგრამ სამაგიეროდ ეს სიყვარულის ახსნები მთელ 10 წლიან გამოცდილებას იტევს დღეს, უფრო საფუძვლიანი და უფრო საიმედოა ვიდრე წლების წინ…უკვე 10 წელია 18 ივლისი უბრალო თარიღი აღარაა ჩემთვის… უკვე 10 წელია ერთად მოვდივართ, ერთად ვცდილობთ რაღაც შევქმნათ, ჩვენით, დამოუკიდებლად, სხვის შეუწუხებლად, უკვე 10 წელია ჩვენს დაბადების დღეებზე ვხვდებით როგორ გავიზარდეთ, არა რიცხვებით არამედ გამოცდილებით, უკვე 10 წელია ნდობისა და თანადგომის კედელს ვაშენებთ, ჩვენი სახლის კედლებთან ერთად… ამ 10 წლიანი სიყვარულის ყველაზე დიდი გამოვლინება ჩვენი ანაკოა… “სხვა სხვისა ომსა ბრძენიაო”… ადამიანებს ჰგონიათ რომ რომ მეტი და მეტი გვინდა, რომ ნაკლებად ღირებული ფასეულობები გვაქვს და რომ მხოლოდ მუშაობა და ერთი კინკილა შვილის ყოლა არაფერია … მუშაობის და შრომის გარეშე ვერც აქამდე მოვიდოდით, ვერც ეს სიყვარული იქნებოდა ასე მყარი და კიდევ იქნებიან პატარა ანგელოზები ჩვენს ცხოვრებაში მჯერა… არაფერიც არ მინდა ბევრი, ჯანმრთელობა, სიყვარული და კეთილი ადამიანები მინდა ჩემი შვილისთვის და ჩემი ბიჭისთვის, ბიჭისთვის რომელიც დღეს იუბილარია, რომელსაც აღარ უნდა შეხედოს დაბადების დღის რიცხვებს და ჭაღარას საკუთარ თავზე, არადა სულ ტყუილად… დღეს უფრო მეტად მნიშვნელოვაინია ის რიცხვები ტორტზე რომ აღარ აქრობ შოთუნა, ეს რიცხვები შენს ჯანმრთელ დღეებს, სწავლასა და მუშაობაში გათენებულ ღამეებს, შენს დამოუკიდებლად მიღწეულ წარმატებებს, შენს ბეჭედს ხელზე და შენი შვილის “ალო, მაა”–ს იტევს … სულ სადღაც მოძრაობ, ხან დაბლა, ხან მაღლა, ხან უკან და ხან წინ, მთავარი კი ისაა რომ მოძრაობ! ერთ ადგილზე არ ხარ! მინდა ძალა მოგცეს უფალმა და კიდევ უფრო წინ წახვიდე… მე სულ გვერდით ვიქნები, ახლოს შენთან და ისევ ისე გავიზიარებ ყველაფერს შენსას როგორც ეს 10 წელია ხდება… ისევ ისე გეწუწუნები და ისევ ისე გაგამხნევებ… ისევ ისე ვეღარ მეყვარები, მაგრამ უფრო მეტად კი!13524343_1752383705019571_1414105727838399816_n
დაბადების დღეს გილოცავ ძვირფასო, ახლაც კი შორს ხარ ჩემგან, სადღაც ჰაერში, ოკეანის თავზე მიფრინავ, გადახედე ერთი კარგად და გაიხსენე რომ შენს გოგონებს მაგ ოკეანესვით ღრმად და უსაზღვროდ უყვარხარ!!!

პ.ს. ახლა იტყვიან რომ ზედმეტად რომანტიკული ადამიანი ვარ და ასე არ ვარგა… არა უშავს ჩემო კარგებო, მე ჩემი რომანტიკით არავის არაფერს ვუშავებ და არც რომანტიზმია თავის მხრივ დანაშაული, ისე რომ იცოდეთ, ყოველი შემთხვევისთვის 🙂

 

საოცრება ბიჭის ამბავი

13389303_1050773364998817_1517282637_oროცა სამსახურში წინა მაგიდიდან დაბადების დღის საჩუქრად ლურჯყდიანი და უცხო პორტრეტიანი წიგნი გადმომაწოდა ანამ, ძალიან გამიხარდა, ჯერ ერთი იმიტომ რომ ვთვლი არსებობს საჩუქრების ორი სახეობა : სიყვარული და წიგნი 🙂 სხვა დანარჩენი ნივთებია, რომლებიც ზოგჯერ მოგვწონს ზოგჯერ არა და ისე უბრალოდ ვამბობთ ხოლმე “ნაჩუქარ ცხენს კბილი არ მოესინჯებაო”… მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნე წიგნი საუკეთესო საჩუქარია ჩემთვის, არა იმიტომ დიდი ლიტერატორი ვარ და საოცარი ბიბლიოთეკა მაქვს, უბრალოდ მე მიყვარს კითხვა და ეს სიამოვნებას მანიჭებს, მრავალნაირად ვუყურებ ყველაფერს და რაღაც ახალს ვსწავლობ ყოველი წიგნის დახურვის შემდეგ… საერთოდაც იძულებით წაკითხული არაფერი ვარგა, ისევე როგორც იძულებით გაკეთებულ საქმეებს არ უვარგა შედეგი… 


მოკლედ ასე დავიწყე კითხვა რ.ჯ. პალაციოს მიერ მოთხრობილი დეფორმირებულ სახიანი ავგუსტ პულმანის გრძნობების, ტკივილებისა და სიხარულების შესახებ, ეს ბიჭი ნამდვილად საოცრებაა, ჯერ ეს ერთი იმიტომ რომ 4 მილიონში ერთი იბადება თურმე ასეთი და ცხოვრების ლატარეამ როგორც პალაციო წერს მას არც თუ მომგებიანი ბილეთი ამოუგდო, მაგრამ ხომ გაგიგიათ ყველაფერს ორი მხარე აქვს, ამ ბილეთის მეორე მხარეს კი განსაკუთრებული მზრუნველობა, კეთილი ოჯახი, ყურადღებიანი დაიკო და ერთგული ძაღლი დეიზი აღმოჩნდა…
Continue reading

გამარჯობა და მადლობა

IMG_20160229_153144გაზაფხულის მშვენიერი დილა გათენდა, დიდი ხნის წვიმიანი დღეების შემდეგ მზემ გამოანათა, მოვდიოდი დილის ქალაქში და ათას რამეზე მეფიქრებოდა… მართალია წელს გაწერილი გეგმების შესრულებამდე ჯერ–ჯერობით ნელ–ნელა მივიწევთ წინ მაგრამ არა უშავს, რაღაცნაირად იმედით ვარ სავსე, რომ ყველაფერი გამოსწორდება და ისე იქნება როგორც ჩავიფიქრეთ, მართლა არ ვიცი ასე ოპტიმისტურად რამ განმაწყო მაგრამ ჩემს ირგვლივ იმდენნაირი ამბები ხდება, იმდენნირ გაჭირვებასა და სირთულეს უძლებს ადამიანები, უფლებაც კი არ მაქვს რომ უმადური ვიყო იმ დღეების რომლებსაც მე ერთნაირს, უღიმღამოს და არაფრის მომცემს ვუწოდებ ხოლმე… ეს ბოლო დროა ვიღვიძებ და უნებურად გავიფიქრებ ხოლმე მადლობა უფალო რომ ჩემთვისაც გათენდა, რომ არაჩვეულებრი ოჯახი მაქვს, ყველა ვინც მიყვარს ჯანმრთელი და კეთილი მყავს, რომ დილით სადღაც მიმეჩქარება და ვიღაცეებისთვის საჭირო ადამიანი ვარ,  მადლობა რომ ვხედავ, მესმის და ვგრძნობ..

ამ ცხოვრებაში რამოდენიმე ჯადოსნური სიტყვა არსებობს ჩემთვის, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვნად ორს ვთვლი: “გამარჯობას” და “მადლობას”… ცხოვრება რომ მათემატიკურ მაგალითს გავდეს ძალიან მარტივად იქნებოდა ჩემი აზრით ყველაფერი: “გამარჯობა”+”მადლობა”= “ლამაზ ადამიანურ ურთიერთობებს”…

ასე რომ, მოდით თავიდან დავიწყებ ამ პოსტს… Continue reading