ვინც რა უნდა თქვასო…

ძველით ახალ წელს გილოცავთ მეგობრებო  კალანდობას გილოცავთ! მე მიყვარს ეს კალანდობა, ჩემს ბებოს უყვარდა და ტკბილად მახსენდება  ყველას გისურვებთ სიყვარულით, ბედნიერებით, წარმატებებით დახუნძლულ წელს  მეც ვეცდები და თქვენც გისურვებთ რომ მეტი პოზიტივი გაგვეცეს და მიგვეღოს, ერთმანეთისთვის თბილი სიტყვები არ დაგვენანოს, თუ ცუდის თქმას დავაპირებთ, ვაჯობოთ საკუთარ თავს და კარგი ვთქვათ… მეც შემშლია ანგელოზი კი არ ვარ… თუ ვერა საერთოდ გავჩუმდეთ… პირადი გამოცდილებით ვიტყვი რომ როგორც არ უნდა ვმალოთ მაინც ვიგებთ ვინ რას ვამბობთ ერთმანეთზე… ზოგჯერ დამსახურებულად მაგრამ უმეტესად სუბიექტურად და არასამართლიანად… კარგ გოგოობას ვპირდები საკუთარ თავს ამ წელში და ძალიან ვთხოვ უფალს ჩემი ტკბილი ადამიანები ჯანმრთელად და უკლებლივ მიმყოფოს 
ყველას დიდი მადლობა იმ სითბოსთვის რომელსაც მიგზავნით პირად შეტყობინებებში, კომენტარებში, რეალურად მხვდებით ხოლმე და სიტყვებს არ იშურებთ… მათაც დიდი მადლობა ვინც არ შვებით ან ვერ შვებით ამას… არც ისე ბევრი ხართ მაგრამ გეტყობათ ეს “დამალობანა”… თუ ვინმეს რაიმე გაქვთ სათქმელი ან გაინტერესებთ ხოლმე ჩემი პირადი ცხოვრება მე მომმართეთ სჯობს… სხვები ვერ გაგცემენ გულწრფელ პასუხებს… მაგრამ ვშიშობ სულაც არ გჭირდებათ გულწრფელი პასუხები, ისე უფრო გირჩევნიათ..
მადლობა ახლობლებო და შორეულებო, ყველას მადლობა ვინც ჩერდებით ხოლმე, ჩემს ფოტოებს ათვალიერებთ, ჩემს ნაწერებს კითხულობთ და ღიმილით “ჩასქროლავთ” მერე…
შეიძლება ყოველ დღეს მოურიდებლად ჩახუტებით და მოფერებით ატარებდე იმ კაცთან რომელიც ყოველ კედელზე ძლიერი, თვალით დაუნახავი კედელია ჩემთვის მაგრამ სხვები იტყვიან რომ რა საჭიროა ეს “სიყვარულობანა” ამდენი წლის მერე… სანამ ვისუნთქებ არ მომბეზრდება ვეფერო და ყველა განძზე დიდი განძია მისი ნათქვამი ყველა “მიყვარხარ”… რაც გინდათ ის თქვით ვდრარდობდი და ამ წელში აღარ ვიდარდებ… შეიძლება ერთი შვილი გყავდეს და არ ჩერდებოდეს დამრიგებლური სწავლება და მისთანები… მაგრამ ნუთუ არავის გაგჩენიათ კითხვა განსჯის მაგივრად იქნებ “ფეხებზემკიდიობა” კი არა სხვა სერიოზული მიზეზები მაქვს ამ ჩემი შვილის დედისერთობის?! არის რაღაცეები რასაც ვერ იტყვი და ვერ იყვირებ, მაგრამ მერე რა… არც ამას ვიდარდებ ახალ წელში… ვინ იცის ეს წელი რას ან ვის მაჩუქებს…  შეიძლება მუშაობდე თავდაუზოგავად კვირაში 6 დღე, ზოგჯერ ზედმეტ საათებს, შეიძლება 2 დღეში მოიარო 4 ქალაქი და ღამით მაინც არ დაგეძინოს დაუსრულებელი საქმის გამო… მადლობა რომ ამას სამსახურში მაინც ხედავენ… თუმცა ვიღაცეებმა შეიძლება გიწოდონ ზარმაცი და სულელი… რა საჭიროა ამდენი წყვალება როცა შეგიძლია ქმარმა გარჩინოსო…ჩემი ქმარი კი ახლა და ამ ასაკში იმდენ რამეს და ისეთ რამეებს აკეთებს ხალხი ბერდება და ვერ ასწრებს, მადლობა რო ის ხედავს ჩემს გვერდით დგომას და ყველაზე მეტად მიფასებს ჩემს შრომასთან ერთად.. მე კი ისევ გავაგრძელებ ისევ ისეთ რეჟიმში მუშაობას იმიტომ რომ მყავს ერთი-ორი ვისაც ამის დანახვა შეუძლია!
შეიძლება შენს მომავალ ჩანაფიქრებს უზიარებდე, დასახულ გეგმას ანდობდე, შენს გადასადგმელ ნაბიჯებზე ესაუბრებოდე და ელოდებოდე რომ გეტყვიან შენ ყველაფერს შეძლებ, სცადე, მოინდომე, უფლის წყალობით გამოგივა! არა, ისინი ალმაცერად გადმოგხედავენ, მერე გავლენ და დაიწყებენ საუბარს როგორი არარეალური გეგმები გაქვს, როგორ ზედმეტი გინდა სულ და როგორ არაფერი არ გაკმაყოფილებს… მაგრამ მე მჯერა რომ ჩვენ ყველაფერს შევძლებთ…  რწმენა, ჯანმრთელობა და ერთმანეთის იმედი გვეყოფა ჩენი შვილის მოციმციმე თვალებთან ერთად  შეიძლება ვერ ყიდულობდე ბევრ თვალისმომჭრელ ნივთებს აი ისეთებს ვიტრინიდან რომ შემოგცინიან მაგრამ სამაგიეროდ იხდიდე წლობით ვალს რომ საკუთარი ჭერი გაგაჩნდეს… ბევრს ეს ყველაფერი აქვს ხოლმე და არ იციან რამხელა ძალა და ენერგია ჭირდება ამას.. არ იციან რა მწარე და თან რა ტკბილია შენი ნაწვალები… სამაგიეროდ იტყვიან რომ უაზრო იქცევი… მერე რა… არც ამაზე ვიდარდებ ამ წელში…
შეიძლება იჩენდე პატარა ყურადღებას, არ ტოვებდე შანსს რაღაც კარგი უთხრა, რაღაც აჩუქო, რაღაცით ასიამოვნო, სხვამ შეიძლება საერთოდ დაივიწყოს, საერთოდ უგულვებელყოს და საჭიროდ არ ჩათვალოს ეს ყველაფერი, მაგრამ მერე რა, შენსას მაინც არასდროს დაინახავენ

Continue reading

Advertisements

ოქროს გალია

გასულ წელს შევიძინე შირინ ებადის, ირანელი იურისტისა და ადამიანთა უფლებების დამცველი ქალის  ნაწარმოები “ოქროს გალია”, მაგრამ რატომღაც დღემდე არ გადამიშლია, არადა სულ რაღაც რამოდენიმე საათი დამჭირდა მის წასაკითხად. ვფიქრობ ცოტა უსამართლობა იქნება ამ ნაწარმოებს მხატვრული ლიტერატურის რიგებში თუ ჩავწერთ, ეს უფრო ისტორიული ხასიათის  წიგნია, რომელიც ერთი ირანული ოჯახის ტრაგიკული ამბის ფონზე შლის ირანში დამდგარ პოლიტიკური ნიშნით განსაზღვრულ სისხლიან ყოფა–ცხოვრებას.

DSC01340.jpgმინდა აქვე აღვნიშნო რომ თავად შირინ ებადი უდიდესი სიყვარულით იხსენებს მამას, სიამაყით გვიყვება თუ როგორ თანასწორ უფლებიანად აღზარდა და განათლება მისცა ქალიშვილს იქ, სადაც ქალები დღესაც იჩაგრებიან და ისევე უუფლებონი არიან, როგორც მაშინ. სწორედ ქალთა და ბავშვთა უფლებებისათვის ბრძოლის გამო მიიღო მან მშვიდობის ნობელიანტის სტატუსი 2003 წელს.

ამბავს თავად ავტორი გვიყვება მისი მეგობარი ფარისა და სამი ძმის – აბასის, ჯავადისა და ალის უსამართლო ცხოვრებაზე, იმაზე თუ როგორ გახლიჩა, დაანაწევრა და დაშალა სისხლით ერთი, არაჩვეულებრივი,  ტოლერანტი მამის და კეთილი დიასახლისის აღზრდილი სამი ვაჟიშვილი ასევე გახლეჩილ ირანულ ისლამურ რესპუბლიკაში გამეფებულმა დამახინჯებულმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა. Continue reading

მელოდი

ძალიან ბევრი წიგნი იწერება და მრავალ ენაზე ითარგმნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე, ბავშვებზე, მათ ხედვებსა და სამყაროზე. ზოგი ნაკლებ პოპულარულია, ზოგერთმა კი უკვე  დაიკავა კუთვნილი ადგილი მკითხველის გულსა და გონებაში.

IMG_20170617_233147_067ამ უკანასკნელთა კატეგორიას მიეკუთნება უამრავი ჯილდოს მქონე, ცნობილი ამერიკელი საბავშვო მწერალის,  შერონ მ. დრეიპერის “გონების მიღმა”.  წიგნი გვიამბობს 11 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მელოდი ბრუკსის განსხვავებული ცხოვრების შესახებ. აღსანიშნავია რომ  თავად მწერალს ჰყავს ქალიშვილი რომელსაც ცერემბრალური დამბლა აქვს და მისთვის უცხო არაა მისივე შექმნილი გმირის ამბავი.

მელოდი თავად გვიყვება ყველაფერს იმაზე თუ როგორი რთულია ცხოვრება მაშინ როცა დამოუკიდებლად გადაადგილება და ჭამა არ შეუძლია ადამიანს, რა ძნელია არსებობა მაშინ როცა შიგნიდან უამრავი სიტყვა და ფრაზა გიდუღებს გულს და ერთსაც კი ვერ წარმთქვამ, შესაბამისად ურთიერთობებიც ძალიან მწირია მის ყოველღიურობაში. უსმენ მელოდის და თან ჩაფიქრებული ხარ და თან ხალისიანი, ის ყოველგვარი სიბრალულისა და ცრემლების გარეშე გესაუბრება, თავს არ გაცოდებს პირიქით უნდა რომ არ შეგებრალოს, უნდა თანასწორ პიროვნებად აღიქვა და  მისი ცოდნა და სიცოცხლის წყურვილი შეიცნო.

Continue reading

ლამაზი ცრემლები

ყოველ საღამოს ათს რომ წუთები დააკლდება ვემშვიდობები და საწოლისკენ ვუშვებ, ვცდილობ ვაკოცო  და უცებ გამოვიდე, რომ ზედმეტად არ შეეჩვიოს ვინმესთან ერთად ძილს, იმიტომ რომ დადგება დრო, როცა მარტო მოუწევს ამის გაკეთება, ცოტა ხნით თუ დიდი ხნით ამის არჩევანს თავად გააკეთებს… გუშინაც დავტოვე, ტკბილი ძილი ვუსურვე და ოთახში ჩავაბნელე…

საჭმელი უკვე გაკეთებულია, სარეცხი გაფენილი, მისი ჩანთა ჩალაგებული, ჰოდა ჩემი თავისთვის მოვიცალე, მთელი ჩემი საკუთარი სურვილითა და ხელფასით შეძენილი წიგნები დიდ ყავისფერ ყუთებშია შეკრული და ვიცი ჩემსავით მოუთმენლად ელოდებიან ახალი სახლის კედელზე ახალი თაროების დამშვენებას… მხოლოდ ლინდგრების ტომები გვავს გამოსაჩენად და ახლახანს შეძენილი როალდ დალის “მატილდა”… გადავშალე და ვკითხულობ პატარა ჭკვიანი გოგოს ამბავს… შუა კითხვაში ვარ მოგუდული ხმა მესმის, თითქოს კატის კნუტი კნავის… მაშინვე გავედი, დავხედე და წევს თბილ საწოლში და მაინც კანკალებს, ცრემლები ცვივა ისე,  ნოემბრის წვიმის წვეთები რა მოსატანია… გავგიჟდი, გადავირიე, აბა რა დაგემართა, რა გტკივა, რა ხდება? ვეკითხები… ის კი ჩუმად აგრძელებს ტირილს… ვჩუმდები, ველოდები როდის დამშვიდდება… და იწყებს მოყოლას… Continue reading

გამარჯობა და მადლობა

IMG_20160229_153144გაზაფხულის მშვენიერი დილა გათენდა, დიდი ხნის წვიმიანი დღეების შემდეგ მზემ გამოანათა, მოვდიოდი დილის ქალაქში და ათას რამეზე მეფიქრებოდა… მართალია წელს გაწერილი გეგმების შესრულებამდე ჯერ–ჯერობით ნელ–ნელა მივიწევთ წინ მაგრამ არა უშავს, რაღაცნაირად იმედით ვარ სავსე, რომ ყველაფერი გამოსწორდება და ისე იქნება როგორც ჩავიფიქრეთ, მართლა არ ვიცი ასე ოპტიმისტურად რამ განმაწყო მაგრამ ჩემს ირგვლივ იმდენნაირი ამბები ხდება, იმდენნირ გაჭირვებასა და სირთულეს უძლებს ადამიანები, უფლებაც კი არ მაქვს რომ უმადური ვიყო იმ დღეების რომლებსაც მე ერთნაირს, უღიმღამოს და არაფრის მომცემს ვუწოდებ ხოლმე… ეს ბოლო დროა ვიღვიძებ და უნებურად გავიფიქრებ ხოლმე მადლობა უფალო რომ ჩემთვისაც გათენდა, რომ არაჩვეულებრი ოჯახი მაქვს, ყველა ვინც მიყვარს ჯანმრთელი და კეთილი მყავს, რომ დილით სადღაც მიმეჩქარება და ვიღაცეებისთვის საჭირო ადამიანი ვარ,  მადლობა რომ ვხედავ, მესმის და ვგრძნობ..

ამ ცხოვრებაში რამოდენიმე ჯადოსნური სიტყვა არსებობს ჩემთვის, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვნად ორს ვთვლი: “გამარჯობას” და “მადლობას”… ცხოვრება რომ მათემატიკურ მაგალითს გავდეს ძალიან მარტივად იქნებოდა ჩემი აზრით ყველაფერი: “გამარჯობა”+”მადლობა”= “ლამაზ ადამიანურ ურთიერთობებს”…

ასე რომ, მოდით თავიდან დავიწყებ ამ პოსტს… Continue reading

თავისგამართლება

ადამიანი რომ სულ მარტოა ამაზე საუბარი აღარც ღირს მგონი მაგრამ ხანდახან ძალიან ძალიან გრძნობ ამ მარტოობას და ხანდახან ისე რა… რაოდენ ძლიერაც არ უნდა გვიყავრდეს ერთმანეთი ადამიანებს არ შეგვიძლია ერთმანეთის ტყავში შევძვრეთ და ვიგრძნოთ სხვისი ყველაფერი… ეს კი თავმოყვარე სუბიექტურობის ბრალია, იმის რომ ყველა ჩვენი თვალებიდან ჩვენებურად ვუყურებთ ერთმანეთს და გვგონია რომ ის რაც ჩვენთვისაა სწორი და მართებული სხვისთვისაც ის უნდა იყოს, ის რაც ჩვენთვისაა მთავარი სხვისთვისაც უმთავრესი უნდა იყოს… Continue reading