სადაც გინდა იქ ილოცე…

ხულოში ვიყავი სამსახურიდან, ვიჯექით ერთი დაბაში პატივცემული და დაფასებული კაცის კაბინეტში რამოდენიმე ახალგაზრდა და საქმის კეთებასთან ერთად ვსაუბრობთ ათას წვრილმანზე, ხან რაზე ხან რაზე… მერე გამოირკვა რომ ერთ-ერთი ჩვენთაგანი მუსლიმანი იყო, მეორე ქრისტიანი, მესამეს ვერ გაერკვია ჯერ კიდევ მაგრამ არც ათეისტობის ეტყობოდა რამე… გავეხუმრე ამ ჩემს მეგობარს, ქრისტიანს რომ გაყვე ცოლად და ჯვრის დაწერა მოგთხოვოს რას იზამთქო?! არაო, მანამდე ვეტყვი და თუ დამთანხმდა მეტი კაი, თუ არადა კარგად იყოსო! მერე კიდევ მძლია ინტერესმა და ამ ბატონს პირდაპირ ვეკითხები თქვენ მუსლიმანი ხართ-მეთქი?! იცი რა შვილოო, მე ვერ ვიტყვი მაგასო, ოჯახობაზე კიდე ერთს მოგიყვებიო, ხანში შესული კაცი ცხოვრობს ჩემს სოფელში, ასე 70 წლისაა, დილაობით ცენტრში რომ მოდიან გზაში ჯერ ძველი მეჩეთია, ჩამოვა ეს კაცი ილოცებს, მერე ცოტას კიდევ ჩამოუყვებიან და ეკლესიააო, ახლა მისი ქალი გადმოვა მანქანიდან ის შევა და ილოცებს ამ ეკლესიაშიო, მშვენიერი ოჯახი აქვთ კი შეაბერდნენ ერთმანეთსო… მე როგორც ასეთი მუსლიმანი არ ვარ და ვერც ქრისტიანიბას დავიფიცებ მაგრამ ღმერთი როგორ არა მწამსო… რომ ამბობენ უფალო ოღონდ ეს გამაკეთებინე, ის მომალევინე და მერე მე ვიციო, ღმერთს რას ურიგდები რა პირობებს უყენებ ასე გწამსო?! უბრალოდ გწამდეს დაგეხმარება და გააკეთებო, აბა პირობებით რწმენა რაღა რწმენააო?! კიდე ბევრი რამე თქვა იმ ჭკვიანმა კაცმა….

ჰოდა ასეა რა, ყველას რაღაც სწამს და რადგან რწმენა დასაწყისშივე შეიცავს სიყვარულსა და პატივისცემას, ამიტომ სრულიად შესაძლებელია თუკი ოდნავ მაინც მოვინდომებთ სხვადასხვა მრწამსის, შეხედულების, იდეების თანაარსებობა ერთ სივრცეში, ერთ ოჯახში, ერთ ქვეყანაში…
როგორაა ერთ სიმღერაში?! “კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცე!” ჰო და კიდევ ერთ ლექსშიც “მთავარია რაღაც გწამდეს პიჯვარს ეშმაც იწერს-ხოლმეო” გვწამდეს, გვიყვარდეს და ვეცადოთ ვიყოთ კეთილები… ამის თქმა მინდოდა მოკლედ, მაგრამ სულ მთლად მოკლედაც არ გამომივიდა …
არ იყო ცუდი დღე, მაშასადამე კარგი დღე ყოფილა…

14938256_1167901393286013_1621882527060618618_n

Advertisements

Happy Birthday Honey!

მე ხშირად ვისმენ მისგან სიყვარულის ახსნებს, მართალია ისეთი რომანტიკული აღარაა როგორც თითქმის 10 წლის წინ იყო, მაგრამ სამაგიეროდ ეს სიყვარულის ახსნები მთელ 10 წლიან გამოცდილებას იტევს დღეს, უფრო საფუძვლიანი და უფრო საიმედოა ვიდრე წლების წინ…უკვე 10 წელია 18 ივლისი უბრალო თარიღი აღარაა ჩემთვის… უკვე 10 წელია ერთად მოვდივართ, ერთად ვცდილობთ რაღაც შევქმნათ, ჩვენით, დამოუკიდებლად, სხვის შეუწუხებლად, უკვე 10 წელია ჩვენს დაბადების დღეებზე ვხვდებით როგორ გავიზარდეთ, არა რიცხვებით არამედ გამოცდილებით, უკვე 10 წელია ნდობისა და თანადგომის კედელს ვაშენებთ, ჩვენი სახლის კედლებთან ერთად… ამ 10 წლიანი სიყვარულის ყველაზე დიდი გამოვლინება ჩვენი ანაკოა… “სხვა სხვისა ომსა ბრძენიაო”… ადამიანებს ჰგონიათ რომ რომ მეტი და მეტი გვინდა, რომ ნაკლებად ღირებული ფასეულობები გვაქვს და რომ მხოლოდ მუშაობა და ერთი კინკილა შვილის ყოლა არაფერია … მუშაობის და შრომის გარეშე ვერც აქამდე მოვიდოდით, ვერც ეს სიყვარული იქნებოდა ასე მყარი და კიდევ იქნებიან პატარა ანგელოზები ჩვენს ცხოვრებაში მჯერა… არაფერიც არ მინდა ბევრი, ჯანმრთელობა, სიყვარული და კეთილი ადამიანები მინდა ჩემი შვილისთვის და ჩემი ბიჭისთვის, ბიჭისთვის რომელიც დღეს იუბილარია, რომელსაც აღარ უნდა შეხედოს დაბადების დღის რიცხვებს და ჭაღარას საკუთარ თავზე, არადა სულ ტყუილად… დღეს უფრო მეტად მნიშვნელოვაინია ის რიცხვები ტორტზე რომ აღარ აქრობ შოთუნა, ეს რიცხვები შენს ჯანმრთელ დღეებს, სწავლასა და მუშაობაში გათენებულ ღამეებს, შენს დამოუკიდებლად მიღწეულ წარმატებებს, შენს ბეჭედს ხელზე და შენი შვილის “ალო, მაა”–ს იტევს … სულ სადღაც მოძრაობ, ხან დაბლა, ხან მაღლა, ხან უკან და ხან წინ, მთავარი კი ისაა რომ მოძრაობ! ერთ ადგილზე არ ხარ! მინდა ძალა მოგცეს უფალმა და კიდევ უფრო წინ წახვიდე… მე სულ გვერდით ვიქნები, ახლოს შენთან და ისევ ისე გავიზიარებ ყველაფერს შენსას როგორც ეს 10 წელია ხდება… ისევ ისე გეწუწუნები და ისევ ისე გაგამხნევებ… ისევ ისე ვეღარ მეყვარები, მაგრამ უფრო მეტად კი!13524343_1752383705019571_1414105727838399816_n
დაბადების დღეს გილოცავ ძვირფასო, ახლაც კი შორს ხარ ჩემგან, სადღაც ჰაერში, ოკეანის თავზე მიფრინავ, გადახედე ერთი კარგად და გაიხსენე რომ შენს გოგონებს მაგ ოკეანესვით ღრმად და უსაზღვროდ უყვარხარ!!!

პ.ს. ახლა იტყვიან რომ ზედმეტად რომანტიკული ადამიანი ვარ და ასე არ ვარგა… არა უშავს ჩემო კარგებო, მე ჩემი რომანტიკით არავის არაფერს ვუშავებ და არც რომანტიზმია თავის მხრივ დანაშაული, ისე რომ იცოდეთ, ყოველი შემთხვევისთვის 🙂

 

სინდისი, როგორც დარაჯი…

რამოდენიმე წლის წინ ვწერდი თუ როგორ შემიყვარდა ატიკუს ფინჩი თავის საყვარელ ორ ბავშვთან ერთად, მისი სამართლიანი გული და შეხედულებები და ა.შ და ა.შ…  სულ ახლახანს დავხურე “ნუ მოკლავ ჯაფარაზე” ადრე დაწერილი მაგრამ სიუჟეტის მიხედვით ამ წიგნის გაგრძელება “მიდი, დააყენე დარაჯი”.  

13407702_1052537704822383_2059944549_n (1)მთელი იმედებით ველოდი  ერთი წიგნით საქვეყნოდ ცნობილი ქალის მოთხრობილ მეორე ამბავს.  ეს წიგნი არის ის რისი თქმაც ნამდვილად სურდა ჰარპერ ლის, ის რაც სარკეში გვახედებს და გვახვედრებს რომ არ არსებობს იდეალური სამყარო  უნაკლო ადამიანებით… მაგრამ ეს წიგნი არ იყო ის რისი წაკითხვაც მე მსურდა სამაგალითო და სათაყვანებელ ატიკუს ფინჩზე, რომელიც დაბერდა და ყველაზე კეთილ და ანც “ჭყიტაზე” რომელიც გაიზარდა და ახლა სულ სხვანაირი თანამედროვე დამოუკიდებელი ქალი ჯინ ლუიზია…  ჰო, ეს გმირები ისეთები აღარ არიან, მაგრამ მე მაინც არ შემიძლია მათი გადაყვარება, თუნდაც იმიტომ რომ თუ ისინი “ნუ მოკლავ ჯაფარაში” ზღაპრის გმირებს გვანან, აქ ნამდვილად რეალური პიროვნებები არიან თავიანთი ბნელი და ნათელი მხარეებით… ისინი გაიზარდნენ და მეც გავიზარდე, იმდენად მაინც რომ შევძლო და არასასურველ რეალობას თვალი გავუსწორო,  რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს… Continue reading

საოცრება ბიჭის ამბავი

13389303_1050773364998817_1517282637_oროცა სამსახურში წინა მაგიდიდან დაბადების დღის საჩუქრად ლურჯყდიანი და უცხო პორტრეტიანი წიგნი გადმომაწოდა ანამ, ძალიან გამიხარდა, ჯერ ერთი იმიტომ რომ ვთვლი არსებობს საჩუქრების ორი სახეობა : სიყვარული და წიგნი 🙂 სხვა დანარჩენი ნივთებია, რომლებიც ზოგჯერ მოგვწონს ზოგჯერ არა და ისე უბრალოდ ვამბობთ ხოლმე “ნაჩუქარ ცხენს კბილი არ მოესინჯებაო”… მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნე წიგნი საუკეთესო საჩუქარია ჩემთვის, არა იმიტომ დიდი ლიტერატორი ვარ და საოცარი ბიბლიოთეკა მაქვს, უბრალოდ მე მიყვარს კითხვა და ეს სიამოვნებას მანიჭებს, მრავალნაირად ვუყურებ ყველაფერს და რაღაც ახალს ვსწავლობ ყოველი წიგნის დახურვის შემდეგ… საერთოდაც იძულებით წაკითხული არაფერი ვარგა, ისევე როგორც იძულებით გაკეთებულ საქმეებს არ უვარგა შედეგი… 


მოკლედ ასე დავიწყე კითხვა რ.ჯ. პალაციოს მიერ მოთხრობილი დეფორმირებულ სახიანი ავგუსტ პულმანის გრძნობების, ტკივილებისა და სიხარულების შესახებ, ეს ბიჭი ნამდვილად საოცრებაა, ჯერ ეს ერთი იმიტომ რომ 4 მილიონში ერთი იბადება თურმე ასეთი და ცხოვრების ლატარეამ როგორც პალაციო წერს მას არც თუ მომგებიანი ბილეთი ამოუგდო, მაგრამ ხომ გაგიგიათ ყველაფერს ორი მხარე აქვს, ამ ბილეთის მეორე მხარეს კი განსაკუთრებული მზრუნველობა, კეთილი ოჯახი, ყურადღებიანი დაიკო და ერთგული ძაღლი დეიზი აღმოჩნდა…
Continue reading

15 მცნება ჩემნაირი პესიმისტისათვის!

IMG_20160217_100823-1ცოტა ხნის წინ თბილისში ვიყავი მივლინებით, ჰოდა წარმოიდგინეთ მთელი დღის მუშაობის, ფეხზე დგომის და დაღლილობის ფონზე, საღამოს 10–ზე  ვარ მანქანაში მოკალათებული და ველოდები როდის წამოვლენ ჩემები და როდის მივესვენები საწოლზე ისე რომ შეიძლება ვერც გამაღვიძონ… მოკლედ  ბნელა, გარედან  ლამპიონების შუქი ანათებს, ქუჩაში საშინელი ხმაურია და მე განვიცდი რაღაც სასიამოვნოს შესრულებული საქმეების გამო და მაშინებს ახლები, დაღლილს და დაცლილს მგონია აღარაფერი გამომივა… მერე ვხვდები რომ გამომივა, აუცილებლად გამომივა, ყველაფერი არა მაგრამ ბევრი რამე კი! უცებ გადავწყვიტე საკუთარი მცნებები დამეწერა, რომელთა შესრულებას ხანდახან მაინც ვეცდებოდი… ეს მცნებები მეგობრებო ჩემნაირი პესიმისტი და დაღლილი ადამიანებისთვისაა, რომლებისთვისაც ჭიქა მუდამ ნახევრად ცარიელია და არა ნახევრად სავსე… სულ ამას ვფიქრობდი ამ ჭიქის თეორიაზე და ამასწინათ ერთი ძალიან ჭკვიანური დასკვნა ვნახე, თურმე ეს პესიმისტ–ოპტიმისტური ჭიქა არასოდესაა ცარიელი, ის სულ მუდამ სავსეა, ნახევრად წყლით და ნახევრად ჰაერით. აბაა 🙂

მოკლედ ესეც ჩემი მცნებები, ვისაც გაგეღიმებათ, მოგეწონებათ, ეცდებით რომ ჩემსავით ხანდახან მაინც შეასრულოდ, გამიხარდება 🙂 Continue reading

უსათაურო

IMG_20160228_131339ზოგჯერ გადავწყვეტთ რომ ჭკუა უკვე გვასწავლა ძველმა გამოცდილებამ, უკვე გავითავისეთ რომ იმ ამბავში ან იმ შემთხვევაში ან იმ ურთიერთობაში აღარ ღირს საკუთარი თავის გახვევა… მაგრამ მოტრიალდება დრო კალენდრის ფურცლებზე და ისევ იმ ამბებს, შემთხვევებს და ურთიერთობებს ეჯახები და ისევ გგონია რომ ეხლა ნამდვილად ისწავლი ჭკუას… მაგრამ…

გუშინ ერთი კარგი ფრაზა გავიგონე, როცა ვინმეს დადანაშაულებას გადაწყვეტ და თითს გაიშვერ შემოიტრიალე ეს თითი და თვალში იტაკეო 🙂 ჟღერს ცოტა გლეხურად, ვიდრე დიდი მწერლებისა და მოაზროვნეების შემოქმედებაში მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, შესაკრებთა გადადგილებით ჯამი არასოდეს არ იცვლება, ისეა ესეც სიტყვათა სხვადასხვა წყობა,  მაგრამ ერთი საერთო ჭეშმარიტი აზრი!

ჰოდა რას ვამბობდი, მოკლედ ყველაფერი უნდა გაიარო ადამიანმა, კარგიც და ცუდიც, ბედნიერებისგან ცაზეც უნდა იფრინო და მიწაზეც იხოხო გაჭირვებისგან… უძილობა დამჩემდა ამ ბოლო დროს, იმ ამბებზე, შემთხვევებზე და ურთიერთობებზე მეფიქრება რომლებსაც რაღაც უნდა ესწავლებინათ ჩემთვის მაგრამ ვერადა ვერ ვსწავლობ… აშკარად არ გამოდის ეს ამბავი…  დრო ისეთ უაზრო რამეებში მეკარგება ვდარდობ, აბა ხომ აღარ დაბრუნდება გუშინდელი დღე მაგრამ ვზივარ და ახლა ვფიქრობ რომც დაბრუნდეს გუშინდელი დღე, გუშინწინდელი და იმისწინდელი მეყოფა კი ძალა შევცვალო ის რაც არ მომწონდა ან არ მომწონს…
IMG_20160228_130610მაინც როდის ვხვდებით ერთმანეთს რატომ და რისთვის, ან კიდევ უფრო მეტი რატომ ვშორდებით?! შემოივლიან ჩვენს ცხოვრებაში ადამიანები, ჩამოსხდებიან ცოტა ხნით, რაღაც ამბებს შექმნიან, მოყვებიან, განიცდიან ჩვენთან ერთად, მერე ადგებიან და ან სურვილით ან უსურვილოდ გავლენ, ხან მშვიდად და ხან ფორიაქით…მეტიც ხანდახან ჩვენ ვაიძულებთ იმ ადამიანებს რომ გავიდნენ…  ქუჩის კუთხეში ღია კარიან კაფეს ვემსგავსებით, ხან სულ სავსენი ვართ ხან სულ ცარიელნი…  და როცა მარტო ზიხარ ამ კაფეში ფანჯრის რაფასთან და უზომოდ წვიმს შენს ცხოვრებაში, მაშინ მხოლოდ ერთი რამ გაძლებინებს, იმედი… იმედი რომ შენს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული… ამბობენ შენ უნდა მოიყვანოო ის გაზაფხული, შენ უნდა შექმნაო და გააცოცხლოო მაგრამ თუ კვირტები არ გაჩნდა ხეზე, მერე არ დასკდა და არ გადაიპენტა თეთრად ხეები, ვერც ვერასოდეს ვერ აიძულებ ასე მოიქცეს… მარტო ვერაფრით შექმნი ბედნიერებას, ბედნიერებას სჭირდება ჰაერი რომ ისუნთქოს და წყალი რომ იცოცხლოს, ბედნიერებას სჭირდება ფესვები რომ მყარად იდგეს და გაიზარდოს, ნელ–ნელა გაიზარდოს… ბედნიერებას სჭირდება კვირტები რომ გალამაზდეს, გაცოცხლდეს და გამრავლდეს… და რაც არ უნდა ეცადო ვერაფრით გაზრდი ბედნიერების პატარა ნერგს დიდ ნაყოფიერ ხედ თუ კი არ მოხვდა საჭირო გარემოში… ყველა სხვა შემთხვევაში ის უბრალოდ ჭკნება… იძარცვება… ხმება…