შემოდგომის გერმანული ზღაპარი

ბოლო დროს მოულოდნელობებით აივსო ჩემი ერთფეროვანი დღეები, სულ ვოცნებობდი და ახლაც ვოცნებობ ვნახო ჩვენი დიდი დედამიწის უნახავი ადგილები, თითქოს ჩარაზული კარი გავხსენი და ჩუმად გავიპარები ხოლმე და მერე ვბრუნდები სავსე პოზიტივით და თვალებში ნაპერწკლებით.

ამჯერად გერმანიაში მოვხვდი მოულოდნელად, მიუნხენიდან საათნახევარი დაგჭირდებათ რომ ულამაზეს მთებში ჩაფლულ მწვანე და ჯანსაღი ჟანგბადით მდიდარ, იდეალურად მოწყობილ პატარა ზამთრის კურორტზე აღმოჩნდეთ –Garmisch-Partenkirchen – German ski resort in Bavaria.

დილით ისეთი პეიზაჟები იშლება ჩემი ოთახის ფანჯრიდან ვდგავარ და გავყურებ, აქვეა ყველაზე მაღალი მწვერვალი გერმანიაში –   Zugspitze. დილით ნისლითაა დაბურული, მერე ნელნელა თოვლით დაფარული წვერი გამოჩნდება, მწვანე ხასხასა მინდორი ცვარითაა დანამული, პირველივე დილას გახედვისთანავე ამეკვიატა გალაკტიონი: “ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველი არ გაიარე რაა მამული?!” ან კიდევ:

“გინახავთ თქვენ ფერი დაბინდულ ქლიავის?

– ეს ჩემი სამშობლოს მთებია!

აქაურ გერმანელ გლეხს, ისე საგულდაგულოდ დაუმუშავებია ირგვლივ ყველაფერი, გეგონება ციდან ხალიჩა გაფინაო თავისი მიწის ნაგლეჯზე, რომელზეც სავარაუდოდ რომ იცოდეს ჭილაძისებური შეფასება იტყოდა “შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერიო”

არც მიწა გვაკლია უხვი და ბარაქიანი, არც ნაძვები და სიმწვანე, არც დაბინდულ ქლიავის ფერი მთები, ჩვენ ვაკლივართ, ადამიანები ზრუნვისა და მოვლის სურვილით სავსენი… Continue reading

Advertisements

სუსხიანი დღეები

შემოდგომაა, აღარც ადრეული და ჯერ არც გვიანი,  ოქტომბერი  დასეირნობს ქუჩებში, ყვითელ–წითელ ფოთლებს აფრიალებს და მერე ხშირად წვიმის წვეთებით ნამავს… დღეს ძალიან ცივა, ისეთი ამინდია სახლში რომ უნდა იჯდე თბილად და არსად გეჩქარებოდეს, თავზე უამრავი საქმე არ უნდა გეყაროს და ათას სულიერსაც არ უნდა ელოდებოდე…

ვინ როგორ ცდილობს შემოდგომის სუსხიანი და ცივი დღეები გადაგორებას, ყველას თავისი ჩვეულება აქვს, მათ შორის ალბათ ყველაზე მეტად საერთო – ცხელი ჩაის მირთმევა, საყვარელი ფილმების ყურება და წიგნის კითხვაა… თუმცა ამის გარდაც შეიძლება ბევრი აკეთო ან უფრო სწორად ამ სამთან ერთად.

ვისაც ჩაი არ უყვარს უგემრიელესი კომპოტების გაკეთება შეუძლია, მოხუფულს კი არ ვგულისხმობ, არამედ ახალს და ვიტამინებით გაჯერებულს…  მაგალითად სხვადასხვა ჩირის, ვაშლის, ყურძნის, ამ უკანასკნელის შესახებ არაფერი არ მსმენოდა სანამ ჩემი გოგო აღფრთოვანებული არ მოვიდა სკოლიდან და არ განაცხადა ყურძნის კომპოტი მივირთვი და ისეთი იყო, მასზე გემრიელი არაფერი დამილევიაო, ზუსტად ასე შეაფასა , მაგრამ მე პირადად კომშზე არომატული, ვერც კი წარმომიდგენია რომელი კომპოტი უნდა იყოს?!

6e1a7025ed7e655ffc7b1f8a399fb4f6წიგნების კითხვა რომ ყველა სეზონზე საუკეთესო გასართობია ამაზე უკვე  შევთანხმდით, მაგრამ ამასაც შეიძლება ახლებურად შეხედო კაცმა, მაგალითად მე და ჩემი გოგო ახლა  ფრაუ ასტრიდის შედევრებს ვკითხულობთ, ცელქზე ცელქი ბიჭი ემილი უკვე გავიცანით, დაიკო იდაც ძალიან შეგვიყვარდა, კაცუნებიც გამოვთალეთ და ახლა ბულერბიელ ბავშვებთან ერთად ვთამაშობთ, ლიზა, ანა და ბრიტა  ანუკის მეგობრები გახდნენ, ლასე, ბოსე და ულეც ისევ ძველებურად გვაწვალებენ გოგონებს, ყველა შეუყვარდა ჩემს ანას, მაგრამ განსაკუთრებით ულეს დედისერთობამ აუჩუყა გული, ჩემსავით ერთი “ცალიაო” და წარმოიდგინე ეს ბავშვები რომ არ ჰყავდეს რა ცოდო იქნებოდაო?! მაგრამ, მხოლოდ წიგნის წაკითხვა ძველი ტრადიციაა, ამიტომ ჩვენ ერთი დეტალი დავამატეთ და საღამოობით ვხატავთ კიდეც ჩვენს ლიტერატურულ გმირებს, ცოდვა გამხელილი სჯობიაო, ხატვა არც მე და არც ჩემს გოგოს დიდად არ გვეხერხება მაგრამ მთავარია ვხალისობთ, თქვენ გიცდიათ საყვარელი პერსონაჟის დახატვა?! დამიჯერეთ სახალისოა, თუნდაც ისე ლამაზი ვერ გამოგივიდეთ, როგორც წარმოგიდგენიათ. Continue reading

სიყვარულისთვის ეს ცხოვრება ისე ცოტაა…

***

“სიყვარულისთვის ეს ცხოვრება ისე ცოტაა,

უშენოდ ფლანგვა ამ დღეების ალბათ ცოდვაა…”

ეს სიტყვები  არ ვიცი ვისია, გაგრძელება დიდი არაფერი აქვს მაგრამ გუშინ ვნახე  ჩემი ბავშვობის დღიურში როგორ ლამაზად მიწერილი მქონია წლების წინ ერთი ადამიანისთვის და ვინაიდან ჩემს ცხოვრებაში რაც თავი მახსოვს სულ ის კაცია, ბედნიერი ვარ რომ დღესაც იგივე განწყობით შემიძლია ამ სიტყვების მიწერა… მაშინაც შორს იყო და ეხლაც შორსაა…

***

მარტოობაშიც არის რაღაც კარგი, სულ შენს თავს ესაუბრები, ესაუბრები ესაუბრები,  ფიქრების დიდი მდინარიდან ხან ერთ ნაპირზე გადახტები ხან მეორეზე, ხან დაილექება და კამკამა ხდება ეს ფიქრების მდინარე ხან აიმღვრევა და გაშავებული რიონივით აბობოქრდება… ხან ლამაზ მომავალზე ოცნებობ და ხან დაუბრუნებელი წარსული გედარდება… ისეთი როგორიც არის და იმის ტკივილი რომ ვერაფერს ვერ შეცვლი რაც იმ წარსულში დარჩა დიდ ტკივილს გაყენებს… და ხარ ასე მურმანის ეკალივით გაჩხერილი ამ წარსულსა და მომავალს შორის აწყმოს მარწუხებში… ეს კიდევ ერთი მინაწერი ბავშვობის დღიურიდან…

“იქედან აქეთ – რამხელა გზაა,

აქედან იქეთ – აღარაფერი”… Continue reading

ჩემი დღეები…

ბათუმში ულამაზესი შემოდგომაა… ნეკერჩხლის ყვითელ-წითელი ფოთლები ცვივა ყველა ქუჩის ფილაქანზე და მზე ანათებს დიდი და ნათელი… დილაობით ოდნავ სუსხია მაგრამ, შუადღეზე, როცა შესვენება მაქვს სამსახურში ისე თბილა გავდივარ და  ფეხით შემოვირბენ-ხოლმე ირგვლივ ქუჩებს… სულელივით მაღლა-მაღლა ვიყურები, გავცქერი ცისფერ უღრუბლო ცას და ფოთლებს… ფერად და ლამაზ ფოთლებს… Continue reading