ლამაზი ცრემლები

ყოველ საღამოს ათს რომ წუთები დააკლდება ვემშვიდობები და საწოლისკენ ვუშვებ, ვცდილობ ვაკოცო  და უცებ გამოვიდე, რომ ზედმეტად არ შეეჩვიოს ვინმესთან ერთად ძილს, იმიტომ რომ დადგება დრო, როცა მარტო მოუწევს ამის გაკეთება, ცოტა ხნით თუ დიდი ხნით ამის არჩევანს თავად გააკეთებს… გუშინაც დავტოვე, ტკბილი ძილი ვუსურვე და ოთახში ჩავაბნელე…

საჭმელი უკვე გაკეთებულია, სარეცხი გაფენილი, მისი ჩანთა ჩალაგებული, ჰოდა ჩემი თავისთვის მოვიცალე, მთელი ჩემი საკუთარი სურვილითა და ხელფასით შეძენილი წიგნები დიდ ყავისფერ ყუთებშია შეკრული და ვიცი ჩემსავით მოუთმენლად ელოდებიან ახალი სახლის კედელზე ახალი თაროების დამშვენებას… მხოლოდ ლინდგრების ტომები გვავს გამოსაჩენად და ახლახანს შეძენილი როალდ დალის “მატილდა”… გადავშალე და ვკითხულობ პატარა ჭკვიანი გოგოს ამბავს… შუა კითხვაში ვარ მოგუდული ხმა მესმის, თითქოს კატის კნუტი კნავის… მაშინვე გავედი, დავხედე და წევს თბილ საწოლში და მაინც კანკალებს, ცრემლები ცვივა ისე,  ნოემბრის წვიმის წვეთები რა მოსატანია… გავგიჟდი, გადავირიე, აბა რა დაგემართა, რა გტკივა, რა ხდება? ვეკითხები… ის კი ჩუმად აგრძელებს ტირილს… ვჩუმდები, ველოდები როდის დამშვიდდება… და იწყებს მოყოლას… Continue reading

დაბრუნება

ჩვენ ადამიანები ბევრ რამეს ვუკეთებთ ერთმანეთს მაგრამ ბევრსაც ვუშავებთ, ზოგჯერ გაცნობიერებულად, ზოგჯერ გაუცნობიერებლად, მერე სულ ამ ამბების გააზრებასა და გამოსწორებას ვცდილობთ, თუმცა არსებობს ადამინი ჩვენს ცხოვრებაში რომელსაც არაფერი სჭირდება ჩვენი, არც გაკეთება და არც გაფუჭება, მას უბრალოდ უნდა რომ მისი ნაწილი ვიყოთ… ჩვენ ვართ კიდეც მისი ნაწილი, აურჩევლად, გაუზარებლად, დაუფიქრებლად, ყოველგვარი კითხვისნიშნების გარეშე… მასში გავჩნდით, მასთან ერთად გავიზარდეთ და მასთან ერთად დავბერდებით, თუნდაც ის დიდი ხნის წასული იყოს ჩვენი ცხოვრებიდან…

ცუდად დავტოვე, სიცხიანი და უმწეო… გამივლისო, ჰოდა დღეს მითხრა გამიარაო, სულ ტყუილი, მე ხომ ვიცი…  უაზრო მოვალეობები, სამსახური, სკოლა, საჭმელი და სხვა საქმენი… არადა ამ მოვალეობების მიღმა სულ მთავარი მოვალეობა იკარგება და როცა ურემი გადაბრუნდება მერეღა ვახელთ ფართოდ  დახუჭულ თვალებს, მერე როცა აღარ შეგვიძლია არაფერი…

ალმადოვარის ბოლო ფილმი ხომ არ გინახავთ? დედა–შვილობის ამბავზეა, გულში ყველაფერი რომ უდუღს იმ დედაზე და შვილზე რომელმაც დედა დაკარგა ნებით და ბოლოს მაინც მოიხმო , რაღა თქმა უნდა გაჭირვების ჟამს… სანამ საკუთარ ტყავზე არ ვიგრძნობთ ღია ჭრილობას, მარილს არ მოგვაყრის მერე ცხოვრება და სანამ ვიღაცის გულში დანთებული ცეცხლი ჩვენს სხეულსაც არ დაწვავს, მანამდე არ გვახსენდებიან, არ გჭირდებიან, მერე მხოლოდ მოსაშუშებლად ვეძახით…

Continue reading

მეგობრისთვის მისაწერი

რამოდენიმე დღის წინ მაღალმთიან აჭარაში, ხულოში ვიყავი და სწორედ ისე თოვდა როგორც თინამ აღწერა მის ბოლო პოსტში, ამას დამატებული სულ მთები და ამ მთებს შორის ვიწროზე ვიწრო გზა, ისე შეჭრილი შიგადაშიგ  წინ თუ რამეა ვეღარ ხედავ ადამიანი და გგონია პირდაპირ მთებში გადაფრინდები…. და ამ დროს და ამ განცდებში თოვს, თოვს ისე ნაზად და ლამაზად როგორც ფილმებში… ბავშვობიდან პირველი თოვლი რომ მოვა სულ ირაკლი აბაშიძის ლექსის სტრიქონები მახსენდება:

“წუხელ თოვდა,

ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი,

გენახე და ძილში თბილად დაგეხურე…

მე ავდექი პირველ თოვლზე განთიადში

და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს…”

შეჩვეული ჭირია ქართველები რომ საქართველოდან წასვლაზე ოცნებობენ, მე არ ვოცნებობ მაგრამ ხანდახან მეფიქრება ხოლმე… ნეტავ როგორი შეიძლება იყოს ის დილა აქ რომ არ გამეღვიძება, ან რა გემო ექნება  ყავის იმ ჭიქას რომლის ორთქლიც ჩემი ქალაქის ჰაერს არ შეერევა… სულ რომ ცივი იყოს ალბათ მდუღარედ გადამეყლუპება… გულში ვლოცულობ ხოლმე რომ ამ ყველაფრის განცდა არ მომიწიოს… Continue reading

ნაცრისფერ დილას საკითხავი

ჩამომიჯექით ფანჯრის რაფასთან, ერთად ვუყუროთ ნაცრისფერ დილას და წვიმის წვეთებს ფანჯრის მინებზე… ბოლო დროს ძველი მოთხრობები მახსენებენ თავს ან ახალი მოთხრობები მიტაცებენ… ქარჩხაძეს ვკითხულობ, ისე მომწონს რომ არც კი მინდა დავამთავრო და გამოწერილი წამალივით ნელ-ნელა ვიღებ და ვკითხულობ… არადა ნათხოვარი წიგნია, სქელტანიანი, მუქი მწვანე ყდით, ისეთი შემოდგომის მწვანეს რომ ვეძახით… პირველი მოთხრობა რომ წავიკითხე, ჩემი ჩანაწერი გამახსენდა დედებისა და შვილების ურთიერთობებზე..
IMG_20151031_094817

“შვილები იგრძნობენ, რომ ელენე მათთვის “ტკბილი დედიკო” იყო და არა ოფიციალური “დედაჩემო”, მოუნდებათ საგულდაგულოდ შენიღბული ემოციების გამჟღავნება, მაგრამ გვიან იქნება და გულ-მუცელი აეწვებათ, რადგან მათი სურვილი, სურვილადვე დარჩება” -ამ ნაწყვეტმა მოთხრობიდან “აბზიანიძეების ოჯახი” ისევ განმიახლა ჩანაწერში აღწერილი ჩემი პირადი ემოციები, ეს ამბავი და ურთიერთობები ზედმიწევნით რეალურია და ეს რეალობა ორჯერ მეტად მტკივნეული…

მთელი ტრაგიზმი იმაშია რომ, შვილები ვაგვიანებთ, ყოველთვის ვაგვიანებთ, ამას ვხვდებით ხოლმე და მაინც ვაგვიანებთ… Continue reading