სუსხიანი დღეები

შემოდგომაა, აღარც ადრეული და ჯერ არც გვიანი,  ოქტომბერი  დასეირნობს ქუჩებში, ყვითელ–წითელ ფოთლებს აფრიალებს და მერე ხშირად წვიმის წვეთებით ნამავს… დღეს ძალიან ცივა, ისეთი ამინდია სახლში რომ უნდა იჯდე თბილად და არსად გეჩქარებოდეს, თავზე უამრავი საქმე არ უნდა გეყაროს და ათას სულიერსაც არ უნდა ელოდებოდე…

ვინ როგორ ცდილობს შემოდგომის სუსხიანი და ცივი დღეები გადაგორებას, ყველას თავისი ჩვეულება აქვს, მათ შორის ალბათ ყველაზე მეტად საერთო – ცხელი ჩაის მირთმევა, საყვარელი ფილმების ყურება და წიგნის კითხვაა… თუმცა ამის გარდაც შეიძლება ბევრი აკეთო ან უფრო სწორად ამ სამთან ერთად.

ვისაც ჩაი არ უყვარს უგემრიელესი კომპოტების გაკეთება შეუძლია, მოხუფულს კი არ ვგულისხმობ, არამედ ახალს და ვიტამინებით გაჯერებულს…  მაგალითად სხვადასხვა ჩირის, ვაშლის, ყურძნის, ამ უკანასკნელის შესახებ არაფერი არ მსმენოდა სანამ ჩემი გოგო აღფრთოვანებული არ მოვიდა სკოლიდან და არ განაცხადა ყურძნის კომპოტი მივირთვი და ისეთი იყო, მასზე გემრიელი არაფერი დამილევიაო, ზუსტად ასე შეაფასა , მაგრამ მე პირადად კომშზე არომატული, ვერც კი წარმომიდგენია რომელი კომპოტი უნდა იყოს?!

6e1a7025ed7e655ffc7b1f8a399fb4f6წიგნების კითხვა რომ ყველა სეზონზე საუკეთესო გასართობია ამაზე უკვე  შევთანხმდით, მაგრამ ამასაც შეიძლება ახლებურად შეხედო კაცმა, მაგალითად მე და ჩემი გოგო ახლა  ფრაუ ასტრიდის შედევრებს ვკითხულობთ, ცელქზე ცელქი ბიჭი ემილი უკვე გავიცანით, დაიკო იდაც ძალიან შეგვიყვარდა, კაცუნებიც გამოვთალეთ და ახლა ბულერბიელ ბავშვებთან ერთად ვთამაშობთ, ლიზა, ანა და ბრიტა  ანუკის მეგობრები გახდნენ, ლასე, ბოსე და ულეც ისევ ძველებურად გვაწვალებენ გოგონებს, ყველა შეუყვარდა ჩემს ანას, მაგრამ განსაკუთრებით ულეს დედისერთობამ აუჩუყა გული, ჩემსავით ერთი “ცალიაო” და წარმოიდგინე ეს ბავშვები რომ არ ჰყავდეს რა ცოდო იქნებოდაო?! მაგრამ, მხოლოდ წიგნის წაკითხვა ძველი ტრადიციაა, ამიტომ ჩვენ ერთი დეტალი დავამატეთ და საღამოობით ვხატავთ კიდეც ჩვენს ლიტერატურულ გმირებს, ცოდვა გამხელილი სჯობიაო, ხატვა არც მე და არც ჩემს გოგოს დიდად არ გვეხერხება მაგრამ მთავარია ვხალისობთ, თქვენ გიცდიათ საყვარელი პერსონაჟის დახატვა?! დამიჯერეთ სახალისოა, თუნდაც ისე ლამაზი ვერ გამოგივიდეთ, როგორც წარმოგიდგენიათ. Continue reading

Advertisements

დაბრუნება

ჩვენ ადამიანები ბევრ რამეს ვუკეთებთ ერთმანეთს მაგრამ ბევრსაც ვუშავებთ, ზოგჯერ გაცნობიერებულად, ზოგჯერ გაუცნობიერებლად, მერე სულ ამ ამბების გააზრებასა და გამოსწორებას ვცდილობთ, თუმცა არსებობს ადამინი ჩვენს ცხოვრებაში რომელსაც არაფერი სჭირდება ჩვენი, არც გაკეთება და არც გაფუჭება, მას უბრალოდ უნდა რომ მისი ნაწილი ვიყოთ… ჩვენ ვართ კიდეც მისი ნაწილი, აურჩევლად, გაუზარებლად, დაუფიქრებლად, ყოველგვარი კითხვისნიშნების გარეშე… მასში გავჩნდით, მასთან ერთად გავიზარდეთ და მასთან ერთად დავბერდებით, თუნდაც ის დიდი ხნის წასული იყოს ჩვენი ცხოვრებიდან…

ცუდად დავტოვე, სიცხიანი და უმწეო… გამივლისო, ჰოდა დღეს მითხრა გამიარაო, სულ ტყუილი, მე ხომ ვიცი…  უაზრო მოვალეობები, სამსახური, სკოლა, საჭმელი და სხვა საქმენი… არადა ამ მოვალეობების მიღმა სულ მთავარი მოვალეობა იკარგება და როცა ურემი გადაბრუნდება მერეღა ვახელთ ფართოდ  დახუჭულ თვალებს, მერე როცა აღარ შეგვიძლია არაფერი…

ალმადოვარის ბოლო ფილმი ხომ არ გინახავთ? დედა–შვილობის ამბავზეა, გულში ყველაფერი რომ უდუღს იმ დედაზე და შვილზე რომელმაც დედა დაკარგა ნებით და ბოლოს მაინც მოიხმო , რაღა თქმა უნდა გაჭირვების ჟამს… სანამ საკუთარ ტყავზე არ ვიგრძნობთ ღია ჭრილობას, მარილს არ მოგვაყრის მერე ცხოვრება და სანამ ვიღაცის გულში დანთებული ცეცხლი ჩვენს სხეულსაც არ დაწვავს, მანამდე არ გვახსენდებიან, არ გჭირდებიან, მერე მხოლოდ მოსაშუშებლად ვეძახით…

Continue reading

ფოთლების და ყვავილების ქვეყანაში

ბათუმში შარშანდელთან შედარებით უმეტესად წვიმიანი შემოდგომაა წელს…თუმცა ეს ხომ წვიმის ქალაქია…  თანამედროვე პოეტის, როინ აბუსერიძისა არ იყო

“წვეთები ტოტებს აესხა მძივად,

და ქარის ხმაში კრთოდა გიტარა,

წუხელ ბათუმში მოვიდა წვიმა, 

ანუ ბათუმში გამოიდარა…”

მაგრამ წვიმიან დღეებსაც აქვს რაღაც ლამაზი…

1252

IMG_20150915_185453 Continue reading

დედები და შვილები

“Мамины глаза все на свете понимают”

მე არ ვიცოდი რა იყო დედობა… არც შვილობა მცოდნია თურმე, ისე უსასრულო და რთული რამ ყოფილა, მიკვირს როგორ შეიძლება გულმა გაუძლოს ამდენს… ამდენ სიხარულს, შვილის პირველ გაღიმებას, პირველ ნაბიჯებს, პირველ ტიკტიკა, დათაფლულ სიტყვებს, პირველ გაკვეთილს, პირველ ფრიადს, პირველ სიყვარულს… მიკვირს როგორ შეიძლება გულმა გაუძლოს ამდენ დარდს, პირველ უძინარ ღამეს, პირველ ტკივილს,  შეციებას და პირველ სურდოს, პირველ სიცხეს, პირველ წაქცევას, პირველ ნატკენ მუხლს, პირველ კიჭებს და მერე პირველ მონაცვალ კბილებს… პირველ გულისტკივილს და პირველ ცრემლებს შვილის თვალებში… მიკვირს როგორ უძლებენ დედები იმ წუთს, როცა შეგრძნობებ რომ შვილები გაიზარდნენ, როცა ჰგონიათ რომ დედა აღარ სჭირდებათ, როცა სურთ თავის გზას  დაადგნენ… Continue reading

საკუთარი ოთახი

მეგობარს ვუყვებოდი გუშინ, თუ როგორი ოთახი მქონდა ბავშვობაში… ოთახი რომელსაც ჩემს ძმასთან ვიყოფდი… დიდი არა, მაგრამ გრძელი და მყუდრო იყო, ორი ყვითლად შეღებილი ფანჯარა ჰქონდა და გარედან მზის ფორმის გისოსი…ამ ფანჯრებიდან დილაობით ოქროსფერი მზე შემოგვანათებდა და გვაღვიძებდა…ამ ფანჯრებიდან ჩანდა ჩვენი ფართო მწვანე ეზო…

ჩვენი ხე-გამოკრული და მყუდრო ოთახი თვისობრივად ორად იყო გაყოფილი, მარცხენა მხარეს ჩემი საწოლი იდგა პატარა ტუმბოთი, მარჯვენა  მხარეს ჩემი ძმის.  მარცხენა ფანჯრის წინ ჩემი სამუშაო ხის მაგიდა იყო წიგნებითა და პატარა ლარნაკით, რომელშიც ნაირნაირი პასტები და ფანქრები მეწყო, მარჯვენა მხარეს ჩემი ძმის მაგიდა, ერთი-ორი წიგნითა და რვეულით, ამ მაგიდებზე მამიკოს მოტანილი მინები გვედო რომელიც მე ავიჩემე მხოლოდ იმიტომ რომ ბებოს ედო მინა მაგიდაზე სამსახურში, იმ მინის ქვეშ სხვა მნიშვნელოვან ჩანაწერებთან ერთად გაზეთიდან ამოჭრილი ნოდარ დუმბაძის სურათი და ვიღაც უცხო თეთრ ფორმაში გამოწყობილი მეზღვაურის სურათი ედო…ჩვენი მაგიდების წინ კედელზე გაკვეთილების   ცხრილი და ორიოდე ხატი გვეკიდა… სულ მაღლა ბაბუას ნაქონი ვარდისფერი საათი, საერთოდაც ამ ოთახის მობინადრეები ადრე ბებია და ბაბუა იყვნენ, მერე ჩვენ შევსახლდით, ძველებური დიდი კარადა იდგა სარკით, იმ სარკეში სულ ვიპრანჭებოდი, კარადაში ჩემს ტანსაცმელებთან ერთად ჩემი ძმის ავლადიდებაც ეკიდა და ქვემოთ ბნელ კუნჭულში პატარა თეთრი ფეხსაცმელები ეწყო, ბებიას ნიშნობის დროს რომ ეცვა… მამაჩემი ამ ფეხსაცმელებს კარგა ხანს ინახავდა…მე კიდევ სულ კონკიას ბროლის ფეხსაცმელს მაგონებდა და ვინ იცის რამდენჯერ ჩამიცვამს და კაკუნ-კაკუნით მივლია ჩემს პატარა ოთახში… Continue reading

ჩემებური იტალია

მე რომ შემეძლოს ახალა გავაქრობდი საზღვრებს და  გავიჭრებოდი ჩემი ბავშვობის საოცნებო იტალიაში,გეოგრაფიის გაკვეთილიდან პირდაპირ იტალიის ქუჩებში რომ ამოვყოფდი ხოლმე თავს, ის დრო დიდი ხანია ჩამოვიტოვე, მაგრამ ოცნება ვერა და ვერ დავტოვე 🙂

რა იყო მაშინ ჩემთვის იტალია ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ დაახლოებით ასე შემიძლია განვსაზღვრო, წარმომედგინა ჩექმის ფორმის მიწის ნაგლეჯზე მცხოვრები ჩემი ტოლი გოგო-ბიჭები რენე რეჯანის “მზის მატარებლიდან” აგატას მსგავსი დახატული, გაბედული და იმედიანი გოგონები და “ხუთი ბავშვი და ერთი ძაღლიდან” გადმოსული ცელქი ბიჭები, “ჩიპოლინოს” ზღაპრის წამკითხველი მშობლების გარეშე დარჩენილები მაგრამ აი ისეთები გაჭირვებას რომ არ უშინდებიან და ცხოვრება ყველაფრის მიუხედავად რომ უხარიათ, წარმომედგინა ესპანეთის მოედნის ლამაზი კიბეები რომში და კოლიზეუმის ამაყი კედლები, ამდენი ამბისა და თავგადასავლის გადამტანი… წარმომედგინა ვენეცია, წყალში ჩაძირული ფერადი სახლებით, ბებერი მაგრამ ურყევი ხიდებით და გონდოლებით, გონდოლებზე კი მშობლიურ “მომღერალ” ენაზე მეტყველი  იტალიელი მენავეებით… წარმომედგინა მოედნებზე მტრედებით და ქუჩის ბოლოს პატრა კაფეებით, პიცის სურნელით გაჟღენთილი ჰაერითა და რესტორნის უკან სპაგეტის მჭამელი შეყვარებული ლეკვებით (გეცნოთ ალბათ კადრი ყველასათვის საყვარელი მულტფილმიდან “ლედი და მაწანწალა”) და  რა ვიცი კიდევ ბევრი რამ წარმომედგინა… Continue reading