შემოდგომის გერმანული ზღაპარი

ბოლო დროს მოულოდნელობებით აივსო ჩემი ერთფეროვანი დღეები, სულ ვოცნებობდი და ახლაც ვოცნებობ ვნახო ჩვენი დიდი დედამიწის უნახავი ადგილები, თითქოს ჩარაზული კარი გავხსენი და ჩუმად გავიპარები ხოლმე და მერე ვბრუნდები სავსე პოზიტივით და თვალებში ნაპერწკლებით.

ამჯერად გერმანიაში მოვხვდი მოულოდნელად, მიუნხენიდან საათნახევარი დაგჭირდებათ რომ ულამაზეს მთებში ჩაფლულ მწვანე და ჯანსაღი ჟანგბადით მდიდარ, იდეალურად მოწყობილ პატარა ზამთრის კურორტზე აღმოჩნდეთ –Garmisch-Partenkirchen – German ski resort in Bavaria.

დილით ისეთი პეიზაჟები იშლება ჩემი ოთახის ფანჯრიდან ვდგავარ და გავყურებ, აქვეა ყველაზე მაღალი მწვერვალი გერმანიაში –   Zugspitze. დილით ნისლითაა დაბურული, მერე ნელნელა თოვლით დაფარული წვერი გამოჩნდება, მწვანე ხასხასა მინდორი ცვარითაა დანამული, პირველივე დილას გახედვისთანავე ამეკვიატა გალაკტიონი: “ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველი არ გაიარე რაა მამული?!” ან კიდევ:

“გინახავთ თქვენ ფერი დაბინდულ ქლიავის?

– ეს ჩემი სამშობლოს მთებია!

აქაურ გერმანელ გლეხს, ისე საგულდაგულოდ დაუმუშავებია ირგვლივ ყველაფერი, გეგონება ციდან ხალიჩა გაფინაო თავისი მიწის ნაგლეჯზე, რომელზეც სავარაუდოდ რომ იცოდეს ჭილაძისებური შეფასება იტყოდა “შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერიო”

არც მიწა გვაკლია უხვი და ბარაქიანი, არც ნაძვები და სიმწვანე, არც დაბინდულ ქლიავის ფერი მთები, ჩვენ ვაკლივართ, ადამიანები ზრუნვისა და მოვლის სურვილით სავსენი… Continue reading

Advertisements

სანელებლები და ვნებები

კულინარია ხელოვნებაა… ამაში დიდი ხანია დავრწმუნდი, ჯერ კიდევ მაშინ როცა დედაჩემის ხელები ამქვეყნად ყველაზე გემრიელ და ლამაზ კერძებს ამზადებდა უშუქობის, გაჭირვების და შიმშილის დროებაში… ჩვენ დიდი ეზო გვაქვს და გვქონდა, ორად გაყოფილი – სახლის წინ და სახლის უკან…  წინ ლამაზი ბაღი არის, ხილითა და ყვავილებით სავსე, მწვანე ხასხასა გაზაფხულობით და ოქროსფერი, მწიფე ნაყოფებით დახუნძლული შემოდგომებზე… უკანა ეზო სოფლური ცხოვრების ყველა სიკეთით იყო სავსე , ბოსტანი მწვანილებით, ბოლოკებით, ყაბაყებით და მწვანე ხახვით სავსე, ბოსტნის შემდგომ ეზოში ქათმებით, პერიოდულად კი ბატებით და ახალდადებული თბილი კვერცხებით სავსე… კიდევ უფრო შორს საშობაოდ ნაზარდი ბურვაკი და ხბოს ლამაზი თვალები ჩანდნენ… სულ ბოლოს ნიგვზის, თუთისა და ტყემლის ხეები ჩამწკრივებულიყვნენ…  

11the-hundred-foot-journey

…და როცა დედა დაასრულებდა, მე დაახლოებით ასე ბედნიერი სახით მივართმევდი ხოლმე სხვებს 🙂

ყველაფერი ჯანსაღი, ყველაფერი ახალი, ყველაფერი ქორფა… გემრიელი კერძების მთავარი საიდუმლო დიდ სიყვარულთან ერთად ხომ ესაა… მე არასოდეს არ მიყვარდა ჭამა, არც სამზარეულოში ყოფნა მხიბლავდა, მაგრამ სურნელები მიყვარდა ყოველთვის და დედაჩემის გაკეთებული საჭმელების სურნელს ყოველთვის ათას სურნელში გამოვარჩევ… იმ დროს როცა ოჯახებში მრავალფეროვანი მენიუს ქონა  დიდი იშვიათობა გახლდათ, ჩვენთან მაინც გემოების ზეიმი იყო…
Continue reading

ბაბუა

მე ბაბუა მყავდა… ბაბუა ვის არ ჰყოლიაო გაიფიქრებთ, მაგრამ… იცით როგორი იყო? აი ერთი სიტყვით კი არა, მრავალი სიტყვითაც რომ ვერ აღწერ და ამოწურავ მის სახეს ისეთი… კეთილი იყო და მშრომელი, დილაადრიან ყველაზე ადრე დგებოდა ხოლმე, ძილის წინ საწოლის თავთან ლამაზად გადაკიდებულ ტანსაცმელს  ჩაიცმევდა, თითო-ოროლად შემორჩენილ ჭაღარა თმას გადაივარცხნიდა შემელოტებულ ქათქათა თავზე და სხვებისთვის ზრუნვას დაიწყებდა, ლამპას აანთებდა, მაშინ უშუქობის ხანა იდგა, ზამთრის ცივ დილებში ცეცხლს გააჩაღებდა, ჩაის დაადგამდა და ეზოში მოკრეფილ ლიმონს ლამბაქზე დააწყობდა… მერე ნელ-ნელა ყველა ვიღვიძებდით…

Continue reading

დედები და შვილები

“Мамины глаза все на свете понимают”

მე არ ვიცოდი რა იყო დედობა… არც შვილობა მცოდნია თურმე, ისე უსასრულო და რთული რამ ყოფილა, მიკვირს როგორ შეიძლება გულმა გაუძლოს ამდენს… ამდენ სიხარულს, შვილის პირველ გაღიმებას, პირველ ნაბიჯებს, პირველ ტიკტიკა, დათაფლულ სიტყვებს, პირველ გაკვეთილს, პირველ ფრიადს, პირველ სიყვარულს… მიკვირს როგორ შეიძლება გულმა გაუძლოს ამდენ დარდს, პირველ უძინარ ღამეს, პირველ ტკივილს,  შეციებას და პირველ სურდოს, პირველ სიცხეს, პირველ წაქცევას, პირველ ნატკენ მუხლს, პირველ კიჭებს და მერე პირველ მონაცვალ კბილებს… პირველ გულისტკივილს და პირველ ცრემლებს შვილის თვალებში… მიკვირს როგორ უძლებენ დედები იმ წუთს, როცა შეგრძნობებ რომ შვილები გაიზარდნენ, როცა ჰგონიათ რომ დედა აღარ სჭირდებათ, როცა სურთ თავის გზას  დაადგნენ… Continue reading

თითქმის იდეალური სიტკბოება

ძველ ფოტოებს ვათვალიერებდი და ისეთი მადის აღმძვრელი ტკბილეულის ფოტოები შემხვდა თქვენთვის რომ არ გამიზიარებია… ჰოდა ვზივარ ახლა სამსახურში და ვუყურებ ამ მტანჯველ ფოტოებს 🙂

ეს შვრიის პეჩენიები ნატეხი შოკოლადით ზამთრის ერთ სუსხიან საღამოს გამოვაცხვე, მე დიდად არ მომეწონა, გემრიელი კი იყო, მაგრამ  ფუმფულა გამოვიდა ანუ ფხვიერი არ იყო, მე კი ხრაშუნა ყოფილიყო მინდოდა…

DSC_0457

მიყვარს ნამცხვარი “იდეალი”, მოხარშული რძის არომატი სულ ჩემს პატარაობას მახსენებს, ალბათ გახსოვთ ადრე პატარა ნამცხვრები იყო, გირჩებს ეძახდნენ,  შუაგულში სულ მოხარშული რძე იყო, უგემრიელესი ფაფუკი და საყვარელი, აი იმას მაგონებს სულ იდეალის გემო… Continue reading

ცხოვრება, როგორც ალუბლის ნამცხვარი

12347410ივნისი მხოლოდ იმიტომ შეიძლება მიყვარდეს რომ ამ დროს ულამაზესი კვირტები და ყვავილები უკვე ბორდოსფერი, პრანჭია ალუბლები არიან 🙂

ბავშვობიდან მიყვარს ალუბალი, მახსოვს ბებომ სტუმრად წამიყვანა ბავშვობაში და დილით უცხო სახლში რომ გავიღვიძე უცნაურად ვიგრძენი თავი, ჯერ კიდევ ყველას ეძინა, ადრიანი დილა იყო… ფეხაკრებით ჩავიპარე ეზოში, სადაც პატარა მაგრამ ულამაზესი ალუბლის ხე იყო… ვიჯექი მარტო  უცხო ეზოში და ალუბლის მჟავე კაკლებს ხარბად ვჭამდი… Continue reading