გემრიელი წიგნები

ჯერ კიდევ 2012 წელს გამოვიდა დიანა ანფიმიადის “პირადი კულინარია”, რომლის ძირითადი ნაწილი პოსტებად იწერებოდა ჟურნალ “შოკოლადში”, სულ ველოდი ხოლმე და წარმოიდგინეთ როგორ გამიხარდებოდა ერთად მოქცეული ყველა “გემრიელი” ამბავის გამოცემა… განწყობას წაკითხვამდე გვქიმნის ავტორი წიგნის ყდაზე მიწერილი სიტყვებით: “ეს არის წიგნი ცხოვრების რეცეპტების, ლექსებისა და სიყვარულის შესახებ და თუმცა არც ძალიან კარგი მწერალი ვარ და არც ძალიან კარგი კულინარი, იმედს ვიტოვებ რომ სწორედ შენ ხარ ჩემი მკითხველი, ის ვინც სრულყოფილებას კი არა, ბედნიერებას ეძებს”

IMG_20161205_212808.jpgკარგა ხანი გავიდა მაგრამ თუ თქვენ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ მინდა გითხრათ რომ უტკბესი სასუსნავი გელოდებათ, ბერძნული ფორთოხლებივით ხასხასა და არომატული ამბებით, ტკივილებით, სევდით, ოჯახური ისტორიებითა და რა თქმა უნდა საინტერესო რეცეპტებით!

დიანა დაგვპირდა გაგრძელება იქნებაო და  4 წლის შემდეგ კიდევ უფრო კარგი (ეს ჩემი სუბიექტური აზრით) “წინასწარმეტყველება მურაბით” გამოჩნდა წიგნის თაროებზე. გადაშლი თუ არა დაგეტაკება პირდაპირ გულზე “შიმშილი” მისი თანმდევი ტკივილით, მალევე “პრიანიკის” გულისამაჩუყებელი ამბავი შემოგხვდებათ, (ამ ნაწყვეტმა ძალიან ტკბილი მოგონება გამახსენა, მიწერია კიდეც ერთ–ერთ პოსტშითაფლაკვერები” )  შემდეგ კი ისეთ ამბებს მოაყოლებს სულიერად დაგანაყრებს, ვის და რას აღარ შეხვდებით აქ, მწერლები მზარეულები, მასწავლებელი, ოჯახის წევრები, საუზმეები, სადილები და ვახშმები, საინტერესო, ნაცნობი თუ უცნობი რეცეპტები, კიდევ უფრო საინტერესო ისტორიებით… რა გინდა სულო და გულო მეტი?! Continue reading

“ევროპული აღზრდა”

თანამედროვე ევროპელ მწერალთა რიგებში ღირსეული ადგილი უჭირავს რომენ გარს, არაჩვეულებრივ ნოველისტს, რომელიც საკმაოდ ბევრ საქმიანობას ითავსებდა აღნიშნულის გარდა. ნაწარმოებებს აქვეყნებდა ფსევდონიმებით – რომენ გარი და ემილ აჟარი , თუმცა მისი ნამდვილი  გვარი კაცევი იყო. მან ორჯერ მიიღო საფრანგეთის ლიტერატური გოკურის პრემია, თანაც პირდაპირ ფსევდონიმით, ისე რომ მისი პიროვნების დაზუსტება არავის მოფიქრებია.

გამორჩეული ნაწარმოებებია “ევროპული აღზრდა” “თეთრი ძაღლი”, “ცხოვრება წინაა”, “ამის იქეთ თქვენი ბილეთი აღარ გამოდგება”

პირველი რომანი რომელიც 1945 წელს გამოაქვეყნა იყო “ევროპული აღზრდა”, იმ წელს როცა მეორე მსოფლიო ომი დასრულებულად გამოცხადდა და ნაწარმოებიც სწორედ ამ კაცობრიობის ისტორიაში ერთ–ერთი საშინელი, სასტიკი და ხანგრძლივი დაპირისპირების შესახებ გვიყვება.

12585

პოლონეთში შეჭრილი გერმანელები დაუნდობლად აწიოკებენ მშვიდობიან მოსახლეობას, კლავენ, აწამებენ, ძარცვავენ, მათ ცხოვრებას ყოვლად გაუსაძლის ხდიან… თუმცა მაინც არ ნებდებიან ადამიანები, სიცოცხლეს არ თმობენ ასე ადვილად, ტყეებში სამალავებს აკეთებენ, მიწაში ცხოვრობენ, შიმშილს ებრძვიან, პარტიზანები ფარულად აწყობენ მცირე თავდასხმებს ყველა გერმანელზე ვინც კი უახლოვდებათ.

Continue reading

“მისტერიები”

კნუტ ჰამსუნი ნორვეგიელი ნობელიანტი მწერალია. მისი ნაწარმოებებიდან გამორჩეული “შიმშილი” და “მისტერიები” მე ამ უკანასკნელზე მინდა გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები.

758

რომანი ერთი დიდი თავსატეხია ყოვლად უცნაური მთავარი გმირით სახელად ნაგელი. ეს კაცი თითქოს მისტიურია, უეცრად გამოჩნდა ნორვეგიის პატარა საპორტო ქალაქში, საკუთარ თავს აგრონომს უწოდებს და ფაქტია რომ საკმარისზე მეტი ფული აქვს, ესაა და ეს,  სხვა არაფერი ღირებული არ ვიცით ამ უცნაურ კაცზე. პატარა ქალაქში მისმა ჩამოსვლამ ხატოვნად რომ ვთქვათ “მონასტერი არია”.

ძნელია ამ ნაწარმოების შინაარის მოყოლა, ყველაფერი ერთმანეთშია არეული, არსაიდან გამოჩენილი ნაგელია მთელი ეს წიგნი,  ერთი დიდი  მცდელობაა იმისა, რომ გავარკვიოთ თუ საიდან და  რატომ გამოჩნდა აქ, ახლა და ამ ქალაქში ეს ადამიანი, მაგრამ დამაბნეველი სწორედ ისაა რომ  თავადაც ვერ გაურკვევია ბევრი რამ… Continue reading

სინდისი, როგორც დარაჯი…

რამოდენიმე წლის წინ ვწერდი თუ როგორ შემიყვარდა ატიკუს ფინჩი თავის საყვარელ ორ ბავშვთან ერთად, მისი სამართლიანი გული და შეხედულებები და ა.შ და ა.შ…  სულ ახლახანს დავხურე “ნუ მოკლავ ჯაფარაზე” ადრე დაწერილი მაგრამ სიუჟეტის მიხედვით ამ წიგნის გაგრძელება “მიდი, დააყენე დარაჯი”.  

13407702_1052537704822383_2059944549_n (1)მთელი იმედებით ველოდი  ერთი წიგნით საქვეყნოდ ცნობილი ქალის მოთხრობილ მეორე ამბავს.  ეს წიგნი არის ის რისი თქმაც ნამდვილად სურდა ჰარპერ ლის, ის რაც სარკეში გვახედებს და გვახვედრებს რომ არ არსებობს იდეალური სამყარო  უნაკლო ადამიანებით… მაგრამ ეს წიგნი არ იყო ის რისი წაკითხვაც მე მსურდა სამაგალითო და სათაყვანებელ ატიკუს ფინჩზე, რომელიც დაბერდა და ყველაზე კეთილ და ანც “ჭყიტაზე” რომელიც გაიზარდა და ახლა სულ სხვანაირი თანამედროვე დამოუკიდებელი ქალი ჯინ ლუიზია…  ჰო, ეს გმირები ისეთები აღარ არიან, მაგრამ მე მაინც არ შემიძლია მათი გადაყვარება, თუნდაც იმიტომ რომ თუ ისინი “ნუ მოკლავ ჯაფარაში” ზღაპრის გმირებს გვანან, აქ ნამდვილად რეალური პიროვნებები არიან თავიანთი ბნელი და ნათელი მხარეებით… ისინი გაიზარდნენ და მეც გავიზარდე, იმდენად მაინც რომ შევძლო და არასასურველ რეალობას თვალი გავუსწორო,  რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს… Continue reading

წიგნის ფესტივალი 2016

ყოველ წელს მინდა წავიდე  წიგნის ფესტივალზე და  ვერასოდეს ვერ ვახერხებ, არადა ისეთ სასწაულ წიგნებს აანონსებენ, პირდაპირ გული მიმდის რომ ვუყურებ, მხოლოდ ყდის დიზაინები რად ღირს და წაკითხვა კიდევ წინასწარ მჯერა რომ უდიდესი სიამოვნება იქნება…

არა უშავს თუ ვერ მოვახერხებ ახალი წიგნების ფესტივალზე შეძენას, მთავარია მალე დაიდოს წიგნის მაღაზიის თაროებზე და იქედან მაშინვე გადმოინაცვლებს ჩემს საკუთარ ბიბლიოთეკაში, სადაც ბებოს ნაქონი წიგნების გვერდით თავს იწონებენ ახალი გამოცემები, ყველა ჩემი შეძენილია, საკუთარი ხელფასითა და მონდომებით… ამას იმიტომ ვწერ რომ ვფიქრობ ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა რაღაცას თავად იძენ, სხვის ჩაურევლად, განსაკუთრებით კი ისეთ ნივთებს რომლებსაც დრო, შეხედულებები და სხვადასხვა ღირებულებები ვერაფერს აკლებს, ყოველთვის როცა წიგნს ვყიდულობ, წარმოვიდგენ რომ წლების მერე გადაშლის ჩემი შვილი, შემდეგ უკვე მისი შვილი და ისეთივე სიყვარულით წაიკითხავს როგორც მე ვკითხულობ ბებოს ნაჩუქარ წიგნებს… ზოგი მოეწონება, ზოგი არა, თუმცა ყველანაირი სახის ლიტერატურის წაკითხვა ვფიქრობ უფრო კარგად მიახვედრებს რაღაც ეტაპზე თუ სად იმალება ჭეშმარიტი ნააზრევი და სად ჩანს მხოლოდ ბულვარული იერსახე…

ახალგამოცემული წიგნებიდან რომლებსაც აუცილებლად შევიძენ უახლოეს მომავალში, რამოდენიმეა, ერთ–ერთი პირველი “ჰარპერ ლის “ნუ მოკლავ ჯაფარას” გაგრძელება “მიდი, დააყენე დარაჯია”, რომელიც დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაიბეჭდა და კარგად იცნობს ინგლისურენოვან მკითხველთა აუდიტორია, ჩვენთან კი მხოლოდ ახლა გამოჩნდება მშობლიურ ენაზე. ეჭვიც არ მეპარება რომ პირველი წიგნივით საინტერესო, კეთილი და სიყვარულით სავსე იდეებით იქნება გაჯერებული… ვნახოთ, ვნახოთ… Continue reading

მე ვარ მალალა

ამბავი მამაც პაკისტანელ გოგოზეა, მაგრამ გამოგონილი და ერთი ვიღაც მდიდარი ფანტაზიის მქონე მწერლის შეთხზული კი არა,   ნამდვილი, რეალური და დამაფიქრებელი ისტორიაა… ეს ავტობიოგრაბიული შინაარსის მქონე საკმაოდ მოზრდილი წიგნი-დღიურია, რომელშიც გაცოცხლებულია პაკისტანის უახლესი წარსული და დღევანდელობა, თალიბანის მმართველობა, როგითი პაკისტანელი ბავშვების  მკაცრი და არაბავშვური ცხოვრების  წესები და სხვა ბევრი საჭირბოროტო საკითხი… Continue reading