ლამაზი ცრემლები

ყოველ საღამოს ათს რომ წუთები დააკლდება ვემშვიდობები და საწოლისკენ ვუშვებ, ვცდილობ ვაკოცო  და უცებ გამოვიდე, რომ ზედმეტად არ შეეჩვიოს ვინმესთან ერთად ძილს, იმიტომ რომ დადგება დრო, როცა მარტო მოუწევს ამის გაკეთება, ცოტა ხნით თუ დიდი ხნით ამის არჩევანს თავად გააკეთებს… გუშინაც დავტოვე, ტკბილი ძილი ვუსურვე და ოთახში ჩავაბნელე…

საჭმელი უკვე გაკეთებულია, სარეცხი გაფენილი, მისი ჩანთა ჩალაგებული, ჰოდა ჩემი თავისთვის მოვიცალე, მთელი ჩემი საკუთარი სურვილითა და ხელფასით შეძენილი წიგნები დიდ ყავისფერ ყუთებშია შეკრული და ვიცი ჩემსავით მოუთმენლად ელოდებიან ახალი სახლის კედელზე ახალი თაროების დამშვენებას… მხოლოდ ლინდგრების ტომები გვავს გამოსაჩენად და ახლახანს შეძენილი როალდ დალის “მატილდა”… გადავშალე და ვკითხულობ პატარა ჭკვიანი გოგოს ამბავს… შუა კითხვაში ვარ მოგუდული ხმა მესმის, თითქოს კატის კნუტი კნავის… მაშინვე გავედი, დავხედე და წევს თბილ საწოლში და მაინც კანკალებს, ცრემლები ცვივა ისე,  ნოემბრის წვიმის წვეთები რა მოსატანია… გავგიჟდი, გადავირიე, აბა რა დაგემართა, რა გტკივა, რა ხდება? ვეკითხები… ის კი ჩუმად აგრძელებს ტირილს… ვჩუმდები, ველოდები როდის დამშვიდდება… და იწყებს მოყოლას… Continue reading

სუსხიანი დღეები

შემოდგომაა, აღარც ადრეული და ჯერ არც გვიანი,  ოქტომბერი  დასეირნობს ქუჩებში, ყვითელ–წითელ ფოთლებს აფრიალებს და მერე ხშირად წვიმის წვეთებით ნამავს… დღეს ძალიან ცივა, ისეთი ამინდია სახლში რომ უნდა იჯდე თბილად და არსად გეჩქარებოდეს, თავზე უამრავი საქმე არ უნდა გეყაროს და ათას სულიერსაც არ უნდა ელოდებოდე…

ვინ როგორ ცდილობს შემოდგომის სუსხიანი და ცივი დღეები გადაგორებას, ყველას თავისი ჩვეულება აქვს, მათ შორის ალბათ ყველაზე მეტად საერთო – ცხელი ჩაის მირთმევა, საყვარელი ფილმების ყურება და წიგნის კითხვაა… თუმცა ამის გარდაც შეიძლება ბევრი აკეთო ან უფრო სწორად ამ სამთან ერთად.

ვისაც ჩაი არ უყვარს უგემრიელესი კომპოტების გაკეთება შეუძლია, მოხუფულს კი არ ვგულისხმობ, არამედ ახალს და ვიტამინებით გაჯერებულს…  მაგალითად სხვადასხვა ჩირის, ვაშლის, ყურძნის, ამ უკანასკნელის შესახებ არაფერი არ მსმენოდა სანამ ჩემი გოგო აღფრთოვანებული არ მოვიდა სკოლიდან და არ განაცხადა ყურძნის კომპოტი მივირთვი და ისეთი იყო, მასზე გემრიელი არაფერი დამილევიაო, ზუსტად ასე შეაფასა , მაგრამ მე პირადად კომშზე არომატული, ვერც კი წარმომიდგენია რომელი კომპოტი უნდა იყოს?!

6e1a7025ed7e655ffc7b1f8a399fb4f6წიგნების კითხვა რომ ყველა სეზონზე საუკეთესო გასართობია ამაზე უკვე  შევთანხმდით, მაგრამ ამასაც შეიძლება ახლებურად შეხედო კაცმა, მაგალითად მე და ჩემი გოგო ახლა  ფრაუ ასტრიდის შედევრებს ვკითხულობთ, ცელქზე ცელქი ბიჭი ემილი უკვე გავიცანით, დაიკო იდაც ძალიან შეგვიყვარდა, კაცუნებიც გამოვთალეთ და ახლა ბულერბიელ ბავშვებთან ერთად ვთამაშობთ, ლიზა, ანა და ბრიტა  ანუკის მეგობრები გახდნენ, ლასე, ბოსე და ულეც ისევ ძველებურად გვაწვალებენ გოგონებს, ყველა შეუყვარდა ჩემს ანას, მაგრამ განსაკუთრებით ულეს დედისერთობამ აუჩუყა გული, ჩემსავით ერთი “ცალიაო” და წარმოიდგინე ეს ბავშვები რომ არ ჰყავდეს რა ცოდო იქნებოდაო?! მაგრამ, მხოლოდ წიგნის წაკითხვა ძველი ტრადიციაა, ამიტომ ჩვენ ერთი დეტალი დავამატეთ და საღამოობით ვხატავთ კიდეც ჩვენს ლიტერატურულ გმირებს, ცოდვა გამხელილი სჯობიაო, ხატვა არც მე და არც ჩემს გოგოს დიდად არ გვეხერხება მაგრამ მთავარია ვხალისობთ, თქვენ გიცდიათ საყვარელი პერსონაჟის დახატვა?! დამიჯერეთ სახალისოა, თუნდაც ისე ლამაზი ვერ გამოგივიდეთ, როგორც წარმოგიდგენიათ. Continue reading

სინდისი, როგორც დარაჯი…

რამოდენიმე წლის წინ ვწერდი თუ როგორ შემიყვარდა ატიკუს ფინჩი თავის საყვარელ ორ ბავშვთან ერთად, მისი სამართლიანი გული და შეხედულებები და ა.შ და ა.შ…  სულ ახლახანს დავხურე “ნუ მოკლავ ჯაფარაზე” ადრე დაწერილი მაგრამ სიუჟეტის მიხედვით ამ წიგნის გაგრძელება “მიდი, დააყენე დარაჯი”.  

13407702_1052537704822383_2059944549_n (1)მთელი იმედებით ველოდი  ერთი წიგნით საქვეყნოდ ცნობილი ქალის მოთხრობილ მეორე ამბავს.  ეს წიგნი არის ის რისი თქმაც ნამდვილად სურდა ჰარპერ ლის, ის რაც სარკეში გვახედებს და გვახვედრებს რომ არ არსებობს იდეალური სამყარო  უნაკლო ადამიანებით… მაგრამ ეს წიგნი არ იყო ის რისი წაკითხვაც მე მსურდა სამაგალითო და სათაყვანებელ ატიკუს ფინჩზე, რომელიც დაბერდა და ყველაზე კეთილ და ანც “ჭყიტაზე” რომელიც გაიზარდა და ახლა სულ სხვანაირი თანამედროვე დამოუკიდებელი ქალი ჯინ ლუიზია…  ჰო, ეს გმირები ისეთები აღარ არიან, მაგრამ მე მაინც არ შემიძლია მათი გადაყვარება, თუნდაც იმიტომ რომ თუ ისინი “ნუ მოკლავ ჯაფარაში” ზღაპრის გმირებს გვანან, აქ ნამდვილად რეალური პიროვნებები არიან თავიანთი ბნელი და ნათელი მხარეებით… ისინი გაიზარდნენ და მეც გავიზარდე, იმდენად მაინც რომ შევძლო და არასასურველ რეალობას თვალი გავუსწორო,  რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს… Continue reading

საოცრება ბიჭის ამბავი

13389303_1050773364998817_1517282637_oროცა სამსახურში წინა მაგიდიდან დაბადების დღის საჩუქრად ლურჯყდიანი და უცხო პორტრეტიანი წიგნი გადმომაწოდა ანამ, ძალიან გამიხარდა, ჯერ ერთი იმიტომ რომ ვთვლი არსებობს საჩუქრების ორი სახეობა : სიყვარული და წიგნი 🙂 სხვა დანარჩენი ნივთებია, რომლებიც ზოგჯერ მოგვწონს ზოგჯერ არა და ისე უბრალოდ ვამბობთ ხოლმე “ნაჩუქარ ცხენს კბილი არ მოესინჯებაო”… მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნე წიგნი საუკეთესო საჩუქარია ჩემთვის, არა იმიტომ დიდი ლიტერატორი ვარ და საოცარი ბიბლიოთეკა მაქვს, უბრალოდ მე მიყვარს კითხვა და ეს სიამოვნებას მანიჭებს, მრავალნაირად ვუყურებ ყველაფერს და რაღაც ახალს ვსწავლობ ყოველი წიგნის დახურვის შემდეგ… საერთოდაც იძულებით წაკითხული არაფერი ვარგა, ისევე როგორც იძულებით გაკეთებულ საქმეებს არ უვარგა შედეგი… 


მოკლედ ასე დავიწყე კითხვა რ.ჯ. პალაციოს მიერ მოთხრობილი დეფორმირებულ სახიანი ავგუსტ პულმანის გრძნობების, ტკივილებისა და სიხარულების შესახებ, ეს ბიჭი ნამდვილად საოცრებაა, ჯერ ეს ერთი იმიტომ რომ 4 მილიონში ერთი იბადება თურმე ასეთი და ცხოვრების ლატარეამ როგორც პალაციო წერს მას არც თუ მომგებიანი ბილეთი ამოუგდო, მაგრამ ხომ გაგიგიათ ყველაფერს ორი მხარე აქვს, ამ ბილეთის მეორე მხარეს კი განსაკუთრებული მზრუნველობა, კეთილი ოჯახი, ყურადღებიანი დაიკო და ერთგული ძაღლი დეიზი აღმოჩნდა…
Continue reading

სანელებლები და ვნებები

კულინარია ხელოვნებაა… ამაში დიდი ხანია დავრწმუნდი, ჯერ კიდევ მაშინ როცა დედაჩემის ხელები ამქვეყნად ყველაზე გემრიელ და ლამაზ კერძებს ამზადებდა უშუქობის, გაჭირვების და შიმშილის დროებაში… ჩვენ დიდი ეზო გვაქვს და გვქონდა, ორად გაყოფილი – სახლის წინ და სახლის უკან…  წინ ლამაზი ბაღი არის, ხილითა და ყვავილებით სავსე, მწვანე ხასხასა გაზაფხულობით და ოქროსფერი, მწიფე ნაყოფებით დახუნძლული შემოდგომებზე… უკანა ეზო სოფლური ცხოვრების ყველა სიკეთით იყო სავსე , ბოსტანი მწვანილებით, ბოლოკებით, ყაბაყებით და მწვანე ხახვით სავსე, ბოსტნის შემდგომ ეზოში ქათმებით, პერიოდულად კი ბატებით და ახალდადებული თბილი კვერცხებით სავსე… კიდევ უფრო შორს საშობაოდ ნაზარდი ბურვაკი და ხბოს ლამაზი თვალები ჩანდნენ… სულ ბოლოს ნიგვზის, თუთისა და ტყემლის ხეები ჩამწკრივებულიყვნენ…  

11the-hundred-foot-journey

…და როცა დედა დაასრულებდა, მე დაახლოებით ასე ბედნიერი სახით მივართმევდი ხოლმე სხვებს 🙂

ყველაფერი ჯანსაღი, ყველაფერი ახალი, ყველაფერი ქორფა… გემრიელი კერძების მთავარი საიდუმლო დიდ სიყვარულთან ერთად ხომ ესაა… მე არასოდეს არ მიყვარდა ჭამა, არც სამზარეულოში ყოფნა მხიბლავდა, მაგრამ სურნელები მიყვარდა ყოველთვის და დედაჩემის გაკეთებული საჭმელების სურნელს ყოველთვის ათას სურნელში გამოვარჩევ… იმ დროს როცა ოჯახებში მრავალფეროვანი მენიუს ქონა  დიდი იშვიათობა გახლდათ, ჩვენთან მაინც გემოების ზეიმი იყო…
Continue reading

მეგობრისთვის მისაწერი

რამოდენიმე დღის წინ მაღალმთიან აჭარაში, ხულოში ვიყავი და სწორედ ისე თოვდა როგორც თინამ აღწერა მის ბოლო პოსტში, ამას დამატებული სულ მთები და ამ მთებს შორის ვიწროზე ვიწრო გზა, ისე შეჭრილი შიგადაშიგ  წინ თუ რამეა ვეღარ ხედავ ადამიანი და გგონია პირდაპირ მთებში გადაფრინდები…. და ამ დროს და ამ განცდებში თოვს, თოვს ისე ნაზად და ლამაზად როგორც ფილმებში… ბავშვობიდან პირველი თოვლი რომ მოვა სულ ირაკლი აბაშიძის ლექსის სტრიქონები მახსენდება:

“წუხელ თოვდა,

ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი,

გენახე და ძილში თბილად დაგეხურე…

მე ავდექი პირველ თოვლზე განთიადში

და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს…”

შეჩვეული ჭირია ქართველები რომ საქართველოდან წასვლაზე ოცნებობენ, მე არ ვოცნებობ მაგრამ ხანდახან მეფიქრება ხოლმე… ნეტავ როგორი შეიძლება იყოს ის დილა აქ რომ არ გამეღვიძება, ან რა გემო ექნება  ყავის იმ ჭიქას რომლის ორთქლიც ჩემი ქალაქის ჰაერს არ შეერევა… სულ რომ ცივი იყოს ალბათ მდუღარედ გადამეყლუპება… გულში ვლოცულობ ხოლმე რომ ამ ყველაფრის განცდა არ მომიწიოს… Continue reading