გეპატიჟებით “უისელ სტოპში”

წიგნი რომლის შესახებაც მინდა გიამბოთ ფილმად უკვე ნანახი მქონდა და შესაბამისად განწყობაც შექმნილი ასე ვთქვათ, მაგრამ სულ ტყუილად!

ვიქნები ბანალური და ვიტყვი რომ წიგნი ნამდვილად სულ სხვაა ვიდრე ფილმი. რაშია ამ წიგნის მთავარი საიდუმლო რითიც ასე აყვარებს თავს თითქმის ყველანაირ მკითხველს?! ამის ძალიან ბევრი მიზეზის ჩამოთვლა შემიძლია, პირველ რიგში ისევ ბანალური ვიქნები და ვიტყვი რომ ამ ამბავში ძალიან დიდი სიყვარული და მეგობრობაა გაშლილი, ის ოჯახური გარემო რომელიც ფენი ფლეგმა შექმნა წიგნის ფურცლებზე ძალიან რეალურია და შენ როგორც მკითხველს გიხმობს სტუმრად, ჰოდა თუკი ეწვევი აუცილებლად მოგიყვება ისეთ საინტერესო ამბებსა და ისტორიებს რომ გულგრილს არ დაგტოვებს, ვერც ეველინმა დატოვა ნინნი, სულმოუთქმელად სტუმრობდა მოხუცებულთა თავშესაფარს “ვარდების ტერასა” და გამოწერილი წამალივით იღებდა ახალ თავგადასავლებს ამერიკის სამხრეთში, პატარა ქალაქ უისელ სტოპის მცხოვრებთა შესახებ, რომლებსაც ძალიან უყვარდათ ამავე სახელწოდების კაფეში სტუმრობა და რუთისა და იჯის მასპინძლობა.

წიგნში უამრავი პრობლემა საოცარი ოსტატობით წამოჭრა მწერალმა, მოქმედების ადგილმა თავისთავად იგულისხმა რასობრივი დისკრიმინაცია და მისი მსხვერპლი უკეთილშობილესი ადამიანები, ყველაზე ერთგულები და მზრუნველები.

“ცუდი ზანგი ეს უბრალოდ ცუდი ზანგია, ხოლო გარეწარი თეთრკანიანი ძაღლზე უფრო დაბლა დგას!”

“ვერ გაიგებ რა თევზი დაიჭირე, სანამ წყლიდან არ ამოიყვან!”

მთელი წიგნი ფემინისტური მსოფლმხედველობითაა გაჟღენთილი და ეს კიდევ არაფერია, წიგნის მთავარი სასიყვარულო ურთიერთობა ორ ქალზეა მორგებული რუთსა და იჯიზე, შესაბამისად ლესბოსური სიყვარულის მაგალითს გვიჩვენეს ფლეგი, თუმცა ყოველგვარი ინტიმური ჩანართების გარეშე, ხოლო ის დიდი მხარდაჭერა რომელსაც იჯის მშობლები იჩენენ კიდევ ცალკე აღნიშვნის ღირსია.

“იცით, შეიძლება გული გაგიტყდეთ მაგრამ ის მაინც აგრძელებს ცემას… ღმერთი არასოდეს ხურავს ერთ კარს ისე, მეორე რომ არ გაგვიღოს…”

მოძალადე ქმრის მარწუხებიდან იხსნის იჯი რუთს და ერთად ზრდიან პატარა ბიჭს რომელსაც მატარებელი ცალ ხელს წაართმევს, ისევე როგორც სიცოცხლე წაართვა ბიძამის ბადის. ეს ბიჭი – სტამპი ყველაზე მაგარ კაცად იზრდება ჩვენს თვალწინ და ის იჯისთან ერთად უამრავ პრობლემას გადალახავს, მათი გულახდილი საუბრები კი გულგრილს ნამდვილად ვერავის დაგტოვებთ! თანადგომისა და სხვა ბევრი კეთილი მაგალითის მოყვანა შეიძლება კიდევ ამ წიგნიდან მაგრამ თავად წაიკითხეთ ჯობია.

“ნეტავ რატომ მარგუნა ღმერთმა ასეთი ტვირთი-მეთქი, ისეთი მძიმე რომ მეგონა ვეღარ გავუძლებდი, მაგრამ ის მხოლოდ იმდენს გვაძლევს, რამდენსაც გავუმკლავდებით, მეტს არა…”

ნინნის მოყოლილი ოჯახური ისტორიები და ამ ადამიანთა ცხოვრების მდინარება საოცარ დადებით გავლენას ახდენს ეველინზე – 80 იანი წლების ამერიკელი მსუქანი დიასახლისის ცხოვრებაზე.

“მნიშვნელობა არა აქვს როგორ გამოიყურები, ყოველთვის არსებობს ადამიანი რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ლამაზად მოეჩვენები”

წიგნს უჩვეულო კომპოზიცია აქვს, აქ არ არსებობს თანმიმდევრული ქრონოლოგიური ხაზი, ისტორიები პერსონაჟების ცხოვრების სხვადასხვა დროს ხდება, ამბები სხვადასხვა რაკურსითაა წარმოჩენილი მაგრამ ნუ დაფრთხებით, ამაზე ადვილადასაწყობი პაზლი წიგნი ალბათ ჯერ არ დაწერილა მგონია, იმდენად მარტივია და იმდენად სწრაფად იკითხება ვერც კი ასწრებ აზრზე მოსვლას, ხან ტირი, ხანაც გულის წასვლამდე იცინი… ხომ გქონიათ განცდა რომ ამ ადგილზე უკვე იყავით, ან ამ ადამიანს უკვე იცნობთ ან ეს ისტორია უკვე გაგიგონიათ, აი ასეთი განცდა დამეუფლებოდა ხოლმე კითხვის დროს…

“უკანა ეზოსთან ლიანდაგები გადიოდა, კარგად მახსოვს ამ ეზოში გატარებული ღამეები – ციცინათელებით სავსე და ლიანდაგებიდან ამოზრდილი ველური ცხრატყავას სუნით გაჟღენთილი” ყვება ნინნი ტრედგუდების სახლის შესახებ და ასე მეგონა ჩემი ბავშვობის ციცინათელებიან საღამოებსაც იხსენებდა, ლიანდაგებთან რომ არ გვიშვებდნენ იმასაც და ჩემს ცელქობებსაც მოყვებოდა იჯის ცელქობებთან ერთად, თუმცა მე იჯის ათას წელიწადს ვერ გავეჯიბრები….

პ.ს. ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი დიდი ოცნება ამიხდა, ამერიკაში ვარ, კალიფორნიაში და მხოლოდ ერთი წიგნის წაღება შევძელი ბარგთან ერთად, ეს ავირჩიე და ერთი წამითაც არ მინანია!

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s