სიტყვები, როგორც ქვები და ტყვიები…

მიხეილ ჯავახიშვილის “ეშმაკის ქვა” წაგიკითხავთ? ადრე სკოლაში ისწავლებოდა, დღემდე მახსოვს ის გაკვეთილი, როცა პირველად წავიკითხეთ და გავიაზრეთ რომ არსებობს კრებითი სახელი – ხალხი, რომელიც უეცრად და გაუცნობიერებლად შეიძლება გადაიქცეს კრებით სახელ –ბრბოდ…ჩვენ გვაქვს არჩევანის უფლება და თავსაც ვინუგეშებთ რომ გონიერი ადამიანები თავიანთი უფლებებით ქმნის ხალხს, ხალხს რომელსაც ზეპირსიტიყვიერმა მემკვიდრეობამ ბრძენი უწოდა, ხომ გაგიგიათ “ხალხი ბრძენიაო”, არადა ისე შორსაა სიბრძნისგან საზოგადოება როცა ბრბოდ გადაიქცევა, როგორც ცა დედამიწისაგან….

აი ასე ვიღაც არჩევანის მქონე  სულიერს თავში მოუვა მეტად არაჯანსაღი აზრები ვიღაც ერთი პიროვნების მიმართ, მერე გასცემს ამ აზრებს და აიტაცებს უცებ ყველა… ვიზიარებთ, ვიყვირებთ, ვილაპარაკებთ, გავკიცხავთ და დავცინებთ ისე თითქოს ჩვენი ტოლი და სწორი კი არა წერტილისხელა უსულო და უფუნქციო ნამცეცი იყოს…მერე აუცილებლად დავივიწყებთ რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ… მას კი არ დაავიწყდება, მეტიც ზოგჯერ ვერ გაუძლებს… ზოგჯერ ამდენი სიბნელისა და სიცივისაგან სულაც გაქრება, არა მარტო სულიერად, ფიზიკურადაც… მაგრამ ჩვენ ხომ დავივიწყეთ… ჩვენ ხომ არაფერი გაგვიკეთებია, ეს ჩვენს გამო სულაც არ მომხარა, ჩვენ ხომ ხალხი ვართ, ხალხი რომელიც ვერ მიხვდა როდის გადაიქცა ბრბოდ…

მეგობარი ჭირში იცნობაო, ასე ამბობენ ხომ?  ხანდახან ჭირსაც გააჩნია უნდა დავძინო, მაგრამ ჭირზე მეტად მე თუ მკითხავთ ბედნიერებისას გვერდით დგომა გვიჭირს… სხვისი სიხარულის გაზიარება გვირთულდება, არ გვემეტება ადამიანები ღიმილისათვის, სიხარულისათვის, არ გვემეტება ცოდნისა და წარმატებისათვის, გაბედულებისათვის, ყველაფერ იმ კარგისთვის რაც შეიძლება ჩვენ ცოტათი გვაკლდეს… ვერაფრით ვერ ვპატიობთ მოზღვავებულ  სილაღეს და სიხალისეს… ვერ ვპატიობთ შეცდომებს!!! ავიღებთ ქვას ხელში, ქვა–სიტყვებს და დავუშენთ უმოწყალოდ, ზემოთ ნახსენები მოთხრობის გმირ დათასავით სისხლში ჩავახრჩობთ, სორაიასავით თავს გავუტეხთ, მარიტასავით ამოვსვრით ტალახში, მალენასავით თმებით ვითრევთ, სუადივითა და  ჟანა დარკივით ცეცხლს შევუნთებთ და კიდევ რამდენივით დავანაკუწებთ ნაწილ–ნაწილ… დაუფიქრებლად, გაუაზრებლად, უკანამოუბრუნებლად…

tolpa-bagandov

იმ ბრძენმა ხალხმა (ბრბოდ გადაქცევამდე რომ არიან) ხალხური ზეპირსიტყვიერი მემკვიდრეობით კიდევ ერთი გამოთქმა შემოგვინახა – “ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო” მაგრამ ის კი დაავიწყდა გავეფრთხილებინეთ რომ ხანდახან ძაღლები გვჯობიან ადამიანებს…

იშვიათად ვნანობთ კიდეც ზოგიერთები,  იმ მოთხრობის გმირ სოფიოს მსგავსად, მაგრამ უკვე გვიანია–ხოლმე… გასროლილ ტყვიასავით ვეღარ დავაბრუნებთ გასროლილ სიტყვებს… სიტყვებს რომლებიც ტყვიასავით გულს უჩერებს ადამიანს…

 

 

 

Advertisements

3 thoughts on “სიტყვები, როგორც ქვები და ტყვიები…

  1. Tinita ამბობს:

    მალე იმუნიტეტი გამოგვიმუშავდება ყველაფერზე, იმდენად სწრაფად და ბევრი ცუდი ამბავი ხდება ირგვლივ.

    ეგ ამბები პირველ საუკუნეში დაიწყო…. ღვთისმშობელმა თვითონ უყურა თავისი შვილის წამებას, შეურაცხყოფას და მოკვდინებას.

    Like

  2. katerina ამბობს:

    საოცარი მოთხრობაა, არაჩვეულებრივი… ხო, ზოგჯერ ჩვენდაუნებურად გამოგვდის “სროლა”, ეგებ ჩვენი ნასროლი სოფიოს მსგავსად სულაც არ იყოს მიზანში მოხვედრილი, მაგრამ მაინც მტანჯველია ფიქრი იმაზე, რომ შენც გასროლინეს. სერვანტესი ამბობს, დაუფუქრებელი ნათქვამი დაუმიზნებელ სროლას ჰგავსო. ბრმა ტყვია კი არანაკლებ მომაკვდინებელია

    Like

  3. annitahallo ამბობს:

    სწორად აღნიშნე: სხივისი ბედნიერების გაზიარება უფრო უჭირს ხოლმე ადამიანებს სამწუხაროდ..სწორედ მაშინ, როცა ძალიან გიხარია, განზე გადგება და უხმოდ, უტყვი სახით გაგრძნობინებს გულგრილობას და სხვა ბევრ რამეს..თორემ ჭირში ყველას ყველა ენანება და ებრალება..თუმცა, ბოლო დროს ისე გადაგვარდა საზოგადოება, ეს უნარიც კი დაკარგეს.. 😦

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s