სანამ არ ჩაქრებიან…

შემოაბიჯებს, ძალიან მალე შემოაბიჯებს ახალი წელი ჩვენი პატარა სოფლების ვიწრო ორღობეებში, ამბობენ მარჯვენა ფეხით სჯობია შებრძანება სადაც შედიხარო… იყოს მარჯვენა, თუკი ასე სწამს ვინმე ერთ სულიერს მაინც ამქვეყნად… მაგრამ ჯერ გული იყოს, წრფელი და კეთილი, ბევრი სითბო და სიყვარული კვალად  რომ შემოაყოლოს იმ პირველ ნაბიჯს…

სულ მალე, სულ ცოტაც და შემოვიპატიჟებთ ნალოდინებ და სასურველ სტუმარს – ახალ წელიწადს… დატრიალდებიან იმ ორღობეების მეზობლად მცხოვრები გლეხი კაცები, შრომითა და მზრუნველობით შეზავებულ, ეზოში მოკრეფილი ყურძნის კაკლებისგან დაწურულ, სისხლივით წითელ ღვინოს ჩამოასხამენ ძველებურ დოქებში, ცეცხლს შეუკეთებენ სიძველისგან გახუნებულ დიდ ღუმელს, ტკაცა–ტკუცის ხმად ამღერდება ხმელი შეშა…

ფანჯრის დაორთქლილი მინების მიღმა დატრიალდებიან ოქროსხელება დიასახლისები, დააწითლებენ ეზოს ვარიებს, ყანებში მოწეული, მთელი წლის ნაფერები სიმინდისგან დაფქული ფქვილით მოზელენ რუდუნებით  ბორბალა მჭადებს, დიდ ნაჭრებად გადააფენchichilakiiენ ერთმანეთს საკუთარი ხელებით ამოყვანილ ყველს…

დაიწინწკლება თეთრი თოვლი ალისფერ წერტილებად… საშობაოდ ნაზარდ ბურაკს მიადგება სხვებისგან გამორჩეული, ერთი რომელიმე ხელგაწაფული ბერიკაცი და მანამდე არ მოშორდება სანამ ბროწეულის წვენს არ გადააპკურებს იმ დიასახლისების გაწყობილ კოხტა სუფრაზე არომატულ ორთქლში გახვეულ მწვადის მოზრდილ ნაჭრებს…

ოთახის კუთხეში კამფეტებით გაპრანჭულ ჩიჩილაკს შეავლებ თვალს და გაგეღიმება, იქვე ნაძვის ხეც იდგმება სადმე მაგრამ ეს ჩიჩილაკი ისე გამოუდგამს ამ შენს მასპინძელს, მაშინვე მიხვდები როგორ უყვართ ეს ძველისძველი ტრადიცია ამ ოჯახის კედლებში ყველას…

ოთახებში ირბენენ ლოყებდაწითლებული და თითებგაყინული პატარა გოგო–ბიჭები ანთებული თვალებით… 

მიუსხდებიან გაშლილ სუფრას, წითელი ღვინით აივსება ყველა ჭიქა, ითქმება ბევრი ტკბილი და კეთილი სიტყვა…მადლიერებით  გააცილებენ ძველს და მთელი გულით დალოცავენ ახალ მოსულს…მერე არც ერთ წვეთს არ დატოვებენ იმ ჭიქებში, თითქოს ამით უმტკიცებენ ახალ წელს იმას თუ როგორ უნდათ რომ ეს წელიწადი საუკეთესო იყოს,  როგორ უყვართ უკვე, როგორ ეიმედებათ უკვე… ერთ ჭიქას მეორე მოყვება, მეორეს მესამე და საათიც რახანია გადაცდენილა ჯადოსნურ 12–ს… ლოყებდაწითლებული, სიყვარულის ახსნის მუზებწვეული გლეხი კაცები დაშორდებიან ძლივს–ძლივს ერთმანეთს  ეზოს ჭიშკართან…

გაუყვება  ბერიკაცი იმ ვიწრო, ახლად გადაფიფქებულ ორღობეს ღიღინ–ღიღინით, იცის მის სახლშიც როგორ ელიან, შევა იმერული ოდის კარებში მეკვლედ და თან შეიყოლებს მეზობელთან უკვე ათასჯერ დალოცვილ სტუმარს…

ასე გაგრძელდება დაუსრულებლად მანამდე,  სანამ ამ სახლის ფანჯრების დაორთქლილ მინებში ერთი სანთელი მაინც იქნება ანთებული… ღმერთმა ვინძლო არ ჩაქრება ცეცხლი არასდროს, შვილებსა და შვილიშვილებში გაგრძელდება  ეს კეთილი ტრადიციები, ჩიჩილაკები თავმომწონედ იდგებიან კიდევ კარგა ხანს და ყოველ წელიწადს ერთად გააცილებენ ძველს და დაელოდებიან უსათუოდ მოსასვლელ ახალს… ყოველ წელიწადს კი სანთელივით ინათებს ადამიანთა გულებში იმედი, უკეთესი მომავლის იმედი….

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ეს ჩანახატი იმ ადამიანთა სახეებს აცოცხლებს რომლებიც ჩემს ცხოვრებაში იყვნენ, ჩემი ბავშვობა გაალამაზეს და ახალი წელი ყველაზე დიდ, თბილ და ოჯახურ დღესასწაულად მაგრძნობინეს…

Advertisements

3 thoughts on “სანამ არ ჩაქრებიან…

  1. Tinita ამბობს:

    რა კარგი იყო, რა სიამოვნებით წავიკითხე!

    “და დაელოდებიან უსათუოდ მოსასვლელ ახალს… ყოველ წელიწადს კი სანთელივით ინათებს ადამიანთა გულებში იმედი, უკეთესი მომავლის იმედი”…. ამენ!

    ბევრი შუქი ენთოს ფანჯრებში, ბევრი ღიმილი იყოს და სიხარული.

    ქეთი მელუას ბოლო ალბომს თუ მოუსმინე, ერთი სიმღერა აქვს უკრაინული, გორის გუნდთან ერთად მღერის. “შჩედრიკ” ქვია. ასეთი შინაარსი აქვს: მერცხალი შეფრინდება გლეხის ეზოში და ეუბნება, გაზაფხული მოვა, ყველაფერი გექნება, ბევრი ფული, საქონელი ბევრ ნაშიერს მოიგებს, თუ ფული არა, მოსავალი გექნება ულევი. ბარაქის სიმღერად და საშობაო მახარობლად ითვლება ეს სიმღერა. ხომ საოცარია?

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      როგორც ყოველთვის ჩვენი ფიქრები იკვეთება ხოლმე 🙂 მელუას და გორის ქალთა კამერულ გუნდზე ძალიან კარგი სიუჟეტი ვნახე “P.S-ში”, ჰოდა იქვე მოვისმინე ეს სიმღერა, მე და შოთა განაბული ვუსმენდით, ისე მოგვეწონა ხმა ვერ ამოვიღეთ, ეს ქალებიც რა მაგრები არიან, საოცარი ენერგია აქვთ, წარმოიდგინე რამდენ მათგანს უწევს ყოველდღიური რუტინა, ოჯახური საქმეები, ერთი პატარა ქალაქის ზეგავლენით ცხოვრება, მაგრამ გამოვლენ, ჩაიცმევენ “საგარეო” ტანსაცმელს და სულ სხვანი არიან, უკეთეს ქვეყანაში ალბათ უკეთესად დააფასებდნენ…

      ის ზოგადი ამბავი რაც ავღწერე ძალიან კონკრეტულ ამბებამდე დადის და ყველაზე ტკბილი მოგონებებია, კიდევ ბევრი რამე შეიძლება დაიწეროს იმ ადამიანებზე რომლებიც ჩემს ახალ წელს და შობას “ქმნიდნენ” მათი არსებობით…

      საუკეთესო წელი გქონოდეს თინი, ბედნიერების, ახდენილი სურვილების, მუზების, წარმატებების მომტანი წელი! ❤

      მიყვარხარ ძალიან, ასე შორიდან და ასე უნახავად!

      Liked by 1 person

      • Tinita ამბობს:

        მეც ❤ და ახლობლად გთვლი :* :*

        უნახავად – ეს დროებით …

        შენც ბევრ მუზებიან და ბევრ სიხარულიან წელს გისურვებ, ძვირფასო! ❤

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s