ლამაზი ცრემლები

ყოველ საღამოს ათს რომ წუთები დააკლდება ვემშვიდობები და საწოლისკენ ვუშვებ, ვცდილობ ვაკოცო  და უცებ გამოვიდე, რომ ზედმეტად არ შეეჩვიოს ვინმესთან ერთად ძილს, იმიტომ რომ დადგება დრო, როცა მარტო მოუწევს ამის გაკეთება, ცოტა ხნით თუ დიდი ხნით ამის არჩევანს თავად გააკეთებს… გუშინაც დავტოვე, ტკბილი ძილი ვუსურვე და ოთახში ჩავაბნელე…

საჭმელი უკვე გაკეთებულია, სარეცხი გაფენილი, მისი ჩანთა ჩალაგებული, ჰოდა ჩემი თავისთვის მოვიცალე, მთელი ჩემი საკუთარი სურვილითა და ხელფასით შეძენილი წიგნები დიდ ყავისფერ ყუთებშია შეკრული და ვიცი ჩემსავით მოუთმენლად ელოდებიან ახალი სახლის კედელზე ახალი თაროების დამშვენებას… მხოლოდ ლინდგრების ტომები გვავს გამოსაჩენად და ახლახანს შეძენილი როალდ დალის “მატილდა”… გადავშალე და ვკითხულობ პატარა ჭკვიანი გოგოს ამბავს… შუა კითხვაში ვარ მოგუდული ხმა მესმის, თითქოს კატის კნუტი კნავის… მაშინვე გავედი, დავხედე და წევს თბილ საწოლში და მაინც კანკალებს, ცრემლები ცვივა ისე,  ნოემბრის წვიმის წვეთები რა მოსატანია… გავგიჟდი, გადავირიე, აბა რა დაგემართა, რა გტკივა, რა ხდება? ვეკითხები… ის კი ჩუმად აგრძელებს ტირილს… ვჩუმდები, ველოდები როდის დამშვიდდება… და იწყებს მოყოლას…

“კლასში ახალი მოსწავლე მოვიდა დღეს, ისეთი საყვარელია, ჩვენი მეორე კლასელის ბიძაშვილია, ერთნაირად აცვიათ და ერთმანეთთან თამაშობდნენ სანამ გავიცნობდით, მერე რომ გავიდა ცოტა ხნით მასწავლებელმა გვითხრა დედით ობოლია, ახლა გარდაეცვალა, თბილად მოექეცით, არ აწყენინოთ და ეცადეთ არაფერი ჰკითხოთ რომ გული არ ეტკინოსო… კიდევ კარგი დიდი დაიკო და ძამიკო ჰყავს, უნივერსიტეტში სწავლობენო..” მერე ვეცადე დამემშვიდებინა – “რადგან ასეთი დიდი დაიკო და ძამიკო ჰყავს სიყვარულს არ მოაკლებენ, მოუვლიან, იზრუნებენ მასზე, ასწავლიან და ისიც კარგ ადამიანად გაიზრდება, მისი  დედიკო კი მხარზე ანგელოზად ეყოლება და სულ დაიცავს–თქო…” გაჩუმდა და მიყურებს… მგონია ცოტათი მაინც გავინაწილე და შევამსუბუქე სხვისი ტკივილით მისი გულის დადარდიანება… ვკ6925694-fence-street-snow-close-upოცნი და ისევ ვემშვიდობები… არ მიშვებს, მეხუტება და კისერში მიდებს პატარა სახეს… არ იშლის თავისას “ჰო მაგრამ ძილის წინ რომ მისი დედიკო მოენატრება რა უნდა ქნასო?! მისი სუნი რომ არავის ექნებაო…” ვგრძნობ მისი გულის ცემას ჩემს გულთან ახლოს და ამჯერად პასუხი არ მაქვს…  იმ ბავშვის გული ალბათ უფრო გამალებით ძგერს, თითქოს იმის გულისძგერაც მესმის ჩემი შვილის გულისძგერასთან ერთად… მტკივა, ძალიან მტკივა… და თან სითბო მეღვრება გულში… ჩემმა გოგომ სხვისი ტკივილი იგრძნო, სხვისი დარდი წარმოიდგინა, ღრმად ჩაებეჭდა, ერთი წუთით მაინც შეიპარა სხვის ტყავში და გაიზიარა… თითქოს უცებ გაიზარდა… მგონია რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ადამიანობის არსის შეცნობის გზაზე…  გაუაზრებლად, გულწრფელად, ინსტიქტურად… მაგრამ მაინც…

… ზაფხულში “ლამაზ ცრემლები” წავიკითხეთ, მთელი გულით იტირა, ჰოდა ვიფიქრე სხვა მოთხრობებს ცოტა მოგვიანებით წავაკითხებ, როცა დაშვიდდება–თქო… ოთახიდან გამოსვლის შემდეგ ისევ რევაზ ინანიშვილის “დედა” გამახსენდა… ვერასოდეს ვერ გავიზრდები იმხელა ამ მოთხრობებზე რომ არ ამეტიროს… ვერასოდეს ვერ გაიზრდება ჩემი შვილიც იმხელა, რომ ისევ ისე გულით არ აეტიროს მასაც…უცნაურია წუთისოფელი, ზოგს მხოლოდ მოთხრობებზე ტირილს არ აკმარებს და ცხოვრებაში აატირებს იმ მომენტების  რეალობად ქცევის ჟამს, რომლებიც ამ მოთხრობებშია გაშლილი, ნაადრევ დარდად აკიდებს და გაუშვებს ცხოვრების გზაზე…

Advertisements

7 thoughts on “ლამაზი ცრემლები

  1. უსახელო ბლოგი ამბობს:

    ცრემლები თავისთავად მომაწვა თვალებზე 😦 ყველა ბავშვს ლამაზი და ბედნიერი ბავშვობა უნდა ჰქონდეს… შენს გოგონას დიდი და კეთილი გული აქვს, ნამდვილად ვიცი, რომ გაიზრდება, მაშინაც ზუსტად ასეთი იქნება

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      მთელი გრძნობით გეთანხმები, ყველა ბავშვს აქვს უფლება ჰქონდეს ლაღი ბავშვობა, მაგრამ არ ვიცი რა მიზეზებით მაგრამ სამწუხაროდ ზოგიერთ მათგანს არ ანებივრება ცხოვრება ამით…
      იმედია რომ ასეთი გული და გრძნობები შერჩება, ამის მეტს ცოტა რამეს თუ ვნატრობ…

      Like

  2. Tinita ამბობს:

    ” ჩემმა გოგომ სხვისი ტკივილი იგრძნო, სხვისი დარდი წარმოიდგინა, ღრმად ჩაებეჭდა, ერთი წუთით მაინც შეიპარა სხვის ტყავში და გაიზიარა… თითქოს უცებ გაიზარდა… მგონია რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ადამიანობის არსის შეცნობის გზაზე…”

    ბედნიერებაა, ასეთი რომ გყავს. ❤ ❤ ბევრი კოცნა და ჩახუტება ანაკოს.

    Like

  3. katerina ამბობს:

    “უცნაურია წუთისოფელი, ზოგს მხოლოდ მოთხრობებზე ტირილს არ აკმარებს და ცხოვრებაში აატირებს იმ მომენტების რეალობად ქცევის ჟამს, რომლებიც ამ მოთხრობებშია გაშლილი, ნაადრევ დარდად აკიდებს და გაუშვებს ცხოვრების გზაზე…”-რა კარგი გოგო ხარ… ლამაზი ცრემლებით გამითბა გული ❤

    Like

  4. letters from a woman ამბობს:

    ,,ზოგს მხოლოდ მოთხრობებზე ტირილს არ აკმარებს და ცხოვრებაში აატირებს იმ მომენტების რეალობად ქცევის ჟამს, რომლებიც ამ მოთხრობებშია გაშლილი, ნაადრევ დარდად აკიდებს და გაუშვებს ცხოვრების გზაზე…” – აი ესენი არიან ადამიანები და უბედნიერესი ადამიანი ხარ, რომ შენ შვილს ასეთი დიდი და ადამიანური გული აქვს, თავის სევდასთან და საფიქრალთან ერთად, სხვის დარდსაც რომ იტევს. ნეტა ბევრი გვყავდეს ჩვენ გარშემო შენი გოგოს მსგავსი ადამიანები, სამყარო უფრო ლამაზი და დიდი იქნებოდა.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s