დაბრუნება

ჩვენ ადამიანები ბევრ რამეს ვუკეთებთ ერთმანეთს მაგრამ ბევრსაც ვუშავებთ, ზოგჯერ გაცნობიერებულად, ზოგჯერ გაუცნობიერებლად, მერე სულ ამ ამბების გააზრებასა და გამოსწორებას ვცდილობთ, თუმცა არსებობს ადამინი ჩვენს ცხოვრებაში რომელსაც არაფერი სჭირდება ჩვენი, არც გაკეთება და არც გაფუჭება, მას უბრალოდ უნდა რომ მისი ნაწილი ვიყოთ… ჩვენ ვართ კიდეც მისი ნაწილი, აურჩევლად, გაუზარებლად, დაუფიქრებლად, ყოველგვარი კითხვისნიშნების გარეშე… მასში გავჩნდით, მასთან ერთად გავიზარდეთ და მასთან ერთად დავბერდებით, თუნდაც ის დიდი ხნის წასული იყოს ჩვენი ცხოვრებიდან…

ცუდად დავტოვე, სიცხიანი და უმწეო… გამივლისო, ჰოდა დღეს მითხრა გამიარაო, სულ ტყუილი, მე ხომ ვიცი…  უაზრო მოვალეობები, სამსახური, სკოლა, საჭმელი და სხვა საქმენი… არადა ამ მოვალეობების მიღმა სულ მთავარი მოვალეობა იკარგება და როცა ურემი გადაბრუნდება მერეღა ვახელთ ფართოდ  დახუჭულ თვალებს, მერე როცა აღარ შეგვიძლია არაფერი…

ალმადოვარის ბოლო ფილმი ხომ არ გინახავთ? დედა–შვილობის ამბავზეა, გულში ყველაფერი რომ უდუღს იმ დედაზე და შვილზე რომელმაც დედა დაკარგა ნებით და ბოლოს მაინც მოიხმო , რაღა თქმა უნდა გაჭირვების ჟამს… სანამ საკუთარ ტყავზე არ ვიგრძნობთ ღია ჭრილობას, მარილს არ მოგვაყრის მერე ცხოვრება და სანამ ვიღაცის გულში დანთებული ცეცხლი ჩვენს სხეულსაც არ დაწვავს, მანამდე არ გვახსენდებიან, არ გჭირდებიან, მერე მხოლოდ მოსაშუშებლად ვეძახით…

ისინი კი არაფრის ახსნას არ გვთხოვენ… არც ხულიეტა მოთხოვს…  ანტია კი დაელოდება… ალბათ ცრემლებით ყველაფერს ეტყვის … ეს აღარ სჩანს მაგრამ ჩვენს წარმოსახვაში ვაგრძელებთ სცენარს, სიბერე შეპარულმა პედრომ ასე ჩაიფიქრა ალბათ…

დღეში უამრავჯერ მეტყვის ჩემი გოგო რომ ძალიან ვუყვარვარ, როგორ მოვწონვარ მაშინ როცა ვეფერები და კიდევ უფრო მაშინ როცა გავუბრაზდები, თვალებს ვაბრიალებ და საყვარლად ვამბობ: ანაა!  ასე ის მიყვება… გვერდით ვუწვები, მომეკრება და და ასე მგონია ისევ ერთი ვართ… სიყვარულს მიხსნის უსასრულოდ და მპირდება რომ სულ ჩემთან იქნება…

როგორ ვუძლებდი ნეტა იმ დღეებს ერთად რომ არ ვიყავით, მის თბილ კისერში რომ არ ჩავყოფდი ცხვირს და მთელი გზას სკოლამდე მოგფერებაში რომ არ გავლევდით… არ ვიცი… სულ ტყუილად ვნერვიულობდი, იმაზე ათასჯერ უკეთესად ავეწყვეთ ვიდრე მეგონა, იმაზე დიდი გახდა უცებ, ვიდრე მეგონა, იმაზე დამოუკიდებელი, ვიდრე ვიფიქრებდი…

მერე ერთ დღეს წავა, მერე ერთ დღეს მეც მედგმება საწოლთან ტუმბო, წყლით და  წამლის ფირფიტებით, ის მოვა დამხედავს და მერე აუცილებლად მეტყვის “უნდა წავიდე დე”…

წავა, წავა რადგან სხვა გზა არ ექნება, უამრავ ყოფით მოვალეობას ვერსად ვერ გაექცევა… მე კი დავრჩები და იმაზე ვიფიქრებ როგორ მეფერებოდა სკოლისკენ მიმავალ გზაზე და როგორ მთხოვდა სულ ჩახუტებას კნუტივით…

ასეა, ვერავინ ვერასდროს ვერ ვასრულებთ დედის წინაშე დადებულ ბავშვურ დაპირებებს…

პ.ს. ალმადოვარს ერთი ფილმი აქვს კიდევ დედაშვილობაზე, იქნებ არ გქონდეთ ნანახი, მაინც ყოველი შემთხვევისთვის გირჩევთ :  “VOLVER”

პ.ს. ჰოდა მუსიკა, ამ ფილმების მუსიკა საოცრად ახმოვანებს ამ გმირებისა და ყველა ჩვენგანის გულში დანთებული ცეცხლის ხმას…

5848532486817318764_n

ეს ფოტოც აქ იყოს ისე, უბრალოდ… ბათუმი. ძველი სახლის გაფერადებული კარი ქუჩაში ალმადოვარის ფილმებიდან ამოჭრილ კადრს გავს.. ❤

 

Advertisements

8 thoughts on “დაბრუნება

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      არც კი მეგონა ასე წაში თუ ვინმე შემომიხედავდა, გაიზიარებდა ჩემს გულისთქმას… მადლობა ძვირფასო ემოციებისთვის… იმდენი რამე დამიგროვდა მოსაყოლი… ძალზე ბევრი… მგონი დავბრუნდი… რამხელა სტიმული მომეცი ახლა შენ, თავადაც რომ არ იცი 🙂

      Liked by 1 person

      • letters from a woman ამბობს:

        ვაიმე რას ამბობ, ისე ველოდებოდი შენს ახალ პოსტებს ❤
        სტიმულზე მართალი ხარ, ჩემთვისაც ისეთი მნიშვნელოვანია ვინმე რომ მელოდება და ადარდებს დავწერ თუ არა რამეს.

        Like

  1. Tinita ამბობს:

    ოჰ, რა გემრიელად მატირე, ვერიკო! 🙂 ❤

    ანა ძალიან ჭკვიანი, განსაკუთრებული ბავშვია. ყველაფერი თავის გზით წავა, როგორც თქვი, მაგრამ მაინც განსაკუთრებული ურთიერთობა გექნებათ. ამ პოსტსაც წაიკითხავს და სხვებსაც, როცა დრო მოვა.

    ბოლო კადრი მეც მაგიჟებს, ან რა ხედი ჩანს, ან რა სიმღერა ბებერი ჩაველასი და რა სურათები წარმოგვიდგება წინ, მათი შეხვედრის… იმ წერილის სიტყვებს ვერ ვუძლებ ისედაც.

    Volver ძალიან მიყვარს. კარმენ მაურა პედროს ერთ-ერთი მუზაა, პენელოპესავით. იმ სიმღერას რომ მღერის და დედა მანქანიდან უყურებს, ოჰ, რა არის!

    კიდევ ბევრი საყვარელი მომენტია მანდ. დეიდა პაულას სახლი და მისი მეზობლები იმერეთს არ გაგონებს ? :))) ღამე რომ ქარია და ნაგვის ურნებს აგორავებს აქეთ-იქეთ.

    მაგ ფილმის ინტერვიუში პედრო ამბობდა, მეზობლებს მივუძღვენიო, შვილები რომ დიდ ქალაქებში გაგზავნეს და სიესტას შემდეგ რომ გამოეფინებიან და ერთად დასხდებიან, იმ დედებსო, ჩემს კასტილია ლა მანჩასო.

    (ჩვენც ხომ გვაქვს ჩვენი კასტილია ლა მანჩა?)

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      თინი, პირველ რიგში უნდა გითხრა რომ მომენატრე 🙂 აქ და ასეთი ინტელექტუალური ღრმა და და დამაფიქრებეი კომენტარებით ❤ ჩემს პოსტებს მუდამ ავსებ–ხოლმე შენი აზრებით, სულ ვფიქრობ როგორ ახერხებს ამას–თქო 🙂
      ბოლო კადრი და დიალოგი მეც საოცარ განცდას მიტოვებს "ხულიეტაში"
      "–მაგრამ რომ არ დავუპატიჟებივარ?!
      –13 წლის შემდეგ ვერ გაბედა, მაგრამ მისამართი დაგიტოვა…" და მუსიკა… უფ… ვგიჟდები ამ მასახიობის შესრულებაზე, რა ვიფიქრე იცი ასე მგონია საქართველოში რომ გადაეღოთ მსგავსი ფილმი, ნანუკა ხუსკივაძე წარმოვიდგინე ხულიეტად 🙂 არ ვიცი რატომ, მაგრამ უცებ გამიელვა…
      "დაბრუნებაში" ეგ კადრია მთელი ეპილოგი, ამბავი და პროლოგი, რა ცრემლიანი თვალები აქვს და რა გრძნობით მღერის… 16 წლის ვიყავი რომ ვუყურე ანუ იმ წელს როცა გამოვიდა და დღემდე შთაბეჭდილების ქვეშ ვარ…

      იცი ისედაც ხომ საუბრობენ ესპანელებისა და ქართველების კავშირების შესახებ, ჰოდა მე მჯერა ამის, პედრომ ჩემი იმერეთის სოფლებში ჩამოიარა თითქოს, დაღლილი, ნატანჯი და მაინც გულიანი სიცილის პატრონი იმერელი ქალების მუსაიფს შეესწრო საღამოს, მეზობელი რომ მეზობელს გადაუძახებს, ათასჯერ მონაყოლ და გაგებულ ამბავს ათასმეერთედ რომ მოყვებიან და ხვალინდელ, ისევ ჩვეულებრივ დღეს, გუშინდელსა და გუშინწინდელს რომ ტყუპივით გავს, მაინც სხვა იმედით ახსენებენ, მერე უცებ დაიშლებიან, თურმე ვიღაცას ყველი აქვს ამოსაყვანი, ვიღაცას ქამარ–შვილისთვის პერანგები აქვს "დასატკიცინებელი" და ასე უსასრულოდ, ყოველთვის…

      გუშინ ჩემმა ქყთაისელმა მეზობელმა–მეგობარმა ქალებმა ერთმანეთი დაპატიჟეს ყავაზე ფეისბუკით (სად წავიდა სამყარო აზრზე ხარ?!), ისე შემეხარბა, მივუწერე მეც მინდა–თქო, ხომ ვიცი იმ ყავას რა ამბებს, რა ღიმილს, რა ხუმრობებსა და გულისტკივილებს ჩააყოლებდნენ შოკოლადივით… მე კი სამსახურში ვიჯექი… არ ვწუწუნებ, ასეა საჭირო, მაგრამ ისე გულით მინდება ხანდახან სახლში, ჩემს მშობლიურ ხალხთან ერთად ყოფნა, დილის ასე დაწყება და ჩვენი შვილების თამაშის ცქერა რომ გული მეწურება…

      ოჰ თინი, თინი…. რა გრძნობებს ამიშლი ხოლმე…

      Like

      • Tinita ამბობს:

        მე კი არა, შენ ხარ ასე, ისეთ კომენტარებს მიწერ, ვმუნჯდები და მარტო სმაილიკებს გიწერ პასუხად :)))

        ხულიეტას მეგობარი კაციც ხომ იცანი, Hable con Ella-დან. იქაც ასეთსავე მგრძნობიარე ადამიანს თამაშობს.

        ყველის ამოყვანის ყურება მიყვარდა ძალიან, მერე ბებია სულ მასინჯებდა სულ ახალ, თბილ და უმარილო ყველს.

        ❤ ❤

        Like

      • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

        კი, როგორ არ ვიცანი, სახე აქვს ფანტასტიკური, თბილი და ემოციური გამოხედვით.
        მე მამიდა მასინჯებდა ხოლმე, აი ის პოსტი რომ მიწერია დიდი სახლის მარტოსულ დიასახლისზე 😦 სად გროვდება ნეტა ამდენი ემოციები და როგორ ზუსტ დროს ამოყოფს–ხოლმე თავს!

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s