სანელებლები და ვნებები

კულინარია ხელოვნებაა… ამაში დიდი ხანია დავრწმუნდი, ჯერ კიდევ მაშინ როცა დედაჩემის ხელები ამქვეყნად ყველაზე გემრიელ და ლამაზ კერძებს ამზადებდა უშუქობის, გაჭირვების და შიმშილის დროებაში… ჩვენ დიდი ეზო გვაქვს და გვქონდა, ორად გაყოფილი – სახლის წინ და სახლის უკან…  წინ ლამაზი ბაღი არის, ხილითა და ყვავილებით სავსე, მწვანე ხასხასა გაზაფხულობით და ოქროსფერი, მწიფე ნაყოფებით დახუნძლული შემოდგომებზე… უკანა ეზო სოფლური ცხოვრების ყველა სიკეთით იყო სავსე , ბოსტანი მწვანილებით, ბოლოკებით, ყაბაყებით და მწვანე ხახვით სავსე, ბოსტნის შემდგომ ეზოში ქათმებით, პერიოდულად კი ბატებით და ახალდადებული თბილი კვერცხებით სავსე… კიდევ უფრო შორს საშობაოდ ნაზარდი ბურვაკი და ხბოს ლამაზი თვალები ჩანდნენ… სულ ბოლოს ნიგვზის, თუთისა და ტყემლის ხეები ჩამწკრივებულიყვნენ…  

11the-hundred-foot-journey

…და როცა დედა დაასრულებდა, მე დაახლოებით ასე ბედნიერი სახით მივართმევდი ხოლმე სხვებს 🙂

ყველაფერი ჯანსაღი, ყველაფერი ახალი, ყველაფერი ქორფა… გემრიელი კერძების მთავარი საიდუმლო დიდ სიყვარულთან ერთად ხომ ესაა… მე არასოდეს არ მიყვარდა ჭამა, არც სამზარეულოში ყოფნა მხიბლავდა, მაგრამ სურნელები მიყვარდა ყოველთვის და დედაჩემის გაკეთებული საჭმელების სურნელს ყოველთვის ათას სურნელში გამოვარჩევ… იმ დროს როცა ოჯახებში მრავალფეროვანი მენიუს ქონა  დიდი იშვიათობა გახლდათ, ჩვენთან მაინც გემოების ზეიმი იყო…

უცხო და განსაკუთრებული არცერთი იყო, მაგრამ გემოები იყო განსხვავებული სხვისი მომზადებული იგივე კერძებისაგან, ალბათ ყველას მისი დედის შეზავებული არომატები ყველაზე კარგი ჩვენება მაგრამ მე არა, მე ღრმად მწამს რომ ეს ასეა…

ალბათ ყველას შეგიწვავთ კვერცხი, ახლა მრავალნაირად გვთავაზობენ ფერად–ფერადი პრიალა ჟურნალები, ომლეტი ესპანურად, იტალიურად, კვერცხი ბენედიქტი, ფრანგული ტოსტები და ა.შ. ჩემს ბავშვობაში კი  დედაჩემის სამზარეულოში, რომელშიც თაროზე ბარბარე ჯორჯაძის უკარგესი წიგნი და ლამაზი ფერად ფურცლებიანი ბლოკნოტი იდო, ეს თანამედროვე დასახელები არსად ეწერა, მაგრამ გემოების, არომატების და სუნელების სახელებს იქ  არავინ კითხულობდა, იქ ყველაზე გემრიელი ომლეტი იწვებოდა  მწვანე ხახვით, შავი წიწაკით, მარილით და სიყვარულით, ფრანგულ ტოსტებს ჩვენთვის “ყიყლიყოები” ერქვა და სწორედ იმ დროს მივირთმევდით, როცა ეზოში მამალს უკვე სამჯერ ჰქონდა ნაყივლი… იმ სამზარეულოში ლამაზი ბლინებიც ცხვებოდა, ახალ მოწველილი რძით, საქათმიდან იმ წამს გამოპარული კვერცხით  და ზემოდან მუდამ ალამაზებდა ჩვენი ეზოს ალუბლით მომზადებული მურაბა… კარლსონს მოეწონებოდა, პეპისაც…

რატომ მომინდა იცით ამ ხელოვნებაზე საუბარი,  წელს დიდი ხნის შემდეგ ისევ გამოაცხო დედაჩემმა სულ ფერებ–ფერებით მოზელილი პასკები, ჩემი პასკა, შენი, პასკა, იმის პასკა, ნაირ–ნაირი რეცეპტები, ზოგში მეტი ილია, ზოგში მეტი მუსკატი, ვიღაცის ძალიან თეთრი და მსუბუქია, ვიღაცის მუქი და წებოვანი, დედაჩემის პასკა კი იდეალურია, მოყვითალო,მძიმე,  პრიალა ზედაპირით, ყოველგვარი შოკოლადისა ან თეთრი მინანქრების გარეშე… ბევრი ქიშმიშით და მუდამ გემრიელი …  ასეთი იყო ყოველთვის ახლაც და იმ გაჭირვებულ დროშიც… ასეთივე იყო და არის  თაფლის ნამცხვარი, იმ დროში მომზადებული  ყველას სამზარეულოში ერთნაირი ნამცხვრები რომ  ცხვებოდა, ჩვენთან მიხაკ–დარიჩინისა და თაფლის სურნელი ტრიალებდა, მაგიდაზე რვა, ზუსტად ერთნაირი, თანაბარი სისქის და პრიალა ზედაპირის მქონე ფენა იდო საცხობ ქაღალდზე, ტყუპებივით ერთნაირად ცხვებოდა, მერე თანაბრად განაწილებული კრემით იმოსებოდა, შიგნიდან და ზემოდან კი ქიშმიშით, ნიგვზით და შავი შოკოლადის ელვარე მინანქარით იპრანჭებოდა…

პიურე ბევრს გიყვართ ალბათ, ხომ? მაგრამ დარწმუნებული ვარ არასოდეს გაგისინჯავთ ცოტა გატარებულ ნიგოზში, ნიორში, მოთუშულ ხახვში, შავ წიწაკაში, მარილში, სახლში დაყენებულ დაძმარებულ ღვინოში და ეზოში დაკრეფილ, მომჟაო ბროწეულის კაკლებით შეზავებული… ფანტასტიკაა..

ლობიო დიდ ალუმინის ქვაბში კარგა ხნის  დუღილის შემდეგ რბილდებოდა, იხარშებოდა, მერე ჩვენებური სუნელებით, მწვანილით, ხახვით და მარილით იკაზმებოდა, სუფრაზე კი ზემოთ ხსენებულ ბოსტანში ახალ მოკრეფილი მწვანე ხახვით, პრასითა და ბოლოკით იდგმებოდა…

ჰო, პრასზე გამახსენდა, იმერული პრასის ფხალი ნიგვზით და ცხელ–ცხელი, შეშის ღუმელში გამომცხვარი “ბორბალა” მჭადით ყველაზე გემრიელი დუეტია… გემოებით ამღერებული კულინარიული დუეტი…

დესერტად ისევ იგივე შეშის ღუმელში მოხალული ეზოს თხილს მივირთმევდით, კვამლის გემო დაკრავდა და ტკაცა–ტკუცით იტეხებოდა, მთელი მხარულება ამ არომატებსა და ხმაურში ითქვიფებოდა…

კულინარია ხელოვნებაა, ყოველ წუთს და წამს ცვალებადი და მაინც უცვლელი, კულინარია ხელოვნებაა, და ამ ხელოვნების შემქმნელებს სპორტსმენებივით, ლიტერატორებივით, მსახიობებივით უმაღლესი ვარსკვლავებით აჯილდოვებენ ამ დედამიწაზე, სადაც ოკეანესავით ღრმა და უსაზღვროა არომატების და გემოების შეზავების პროცესი, სადაც გემოებს არ გააჩნიათ რუკაზე დახაზული საზღვრები, სადაც ამ სამყაროსავით მრავალფეროვანია ყველაფერი, პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით…

ერთ ფილმში ამბობენ მიშლინის ერთი ვარსკვლავი კარგიაო, ორი საოცრება და სამი მხოლოდ ღმერთებისთვის არისო… თუ დავუჯერებთ ასეთი ღმერთი ამ დედამიწაზე დღეს 72 რესტორნის შეფ–მზარეულია… ასევე თუ დავუჯერებთ ცნობილ ვარსკვლავოსან შეფ–მზარეულებს თითქმის ყველას წარმატების საიდუმლო ოჯახში მიღებული კულინარიული გაკვეთილები, იქ შეთვისებული გემოები, არომატები და ინტუიციაა…

cover1200x1200მე კი ჩემი ყველაზე მყუდრო, ლამაზი და მშვიდი რესტორანი მაქვს ამ დედამიწაზე და იმ რესტორნის შეფ–მზარეული მიშლენის სამივე ვარსკვლავის მქონე დედაჩემია… ეჭვი არ მეპარება თქვენც გყავთ საკუთარი …

დიდხანს გიცოცხლოთ თქვენი “შეფ–მზარეულები” ღმერთმა, ყოველთვის მოგეცეთ პური ჩვენი არსობისა  და ხშირად შეგძლებოდეთ გემოების სამყაროში, ნაყროვანების ცოდვის გარეშე, კულინარიული მოგზაურობა…

Bon Appétit !!!

P.S. სულ მავიწყდებოდა ზემოთ ნახსენები ფილმი , ბევრ სხვა კულინარიულ თემაზე შექმნილ სიუჟეტთან ერთად ეს ერთიც მშვენიერი ფილმია “The Hundred-Foot Journey” 

 

9 thoughts on “სანელებლები და ვნებები

  1. Tinita

    აუუუ ეს რა იყო :)))

    მართლა ჩემ გულში ზიხარ მემგონი. ზუსტად ამასწინათ ვეუბნებოდი დედაჩემს. რაღაცამ გამახსენა. ახალი დაყენებული იყო ბუნებრივი გაზი და დიდ რამედ მიგვაჩნდა ბალონების მერე. ცენტრალური გათბობა უკვე მოშლილი იყო და ამიტომ დედა გააღებდა ხოლმე გაზის დუხოვკის კარს, რომ სითბო გამოსულიყო და ოთახი გაეთბო. ძალიან მიყვარდა როცა ამას აკეთებდა იმიტომ რომ დუხოვკის სუნი ცხობის და დღესასწაულის ილუზიას ქმნიდა. ხშირად იმ დუხოვკაში გამომცხვარ პურს ვჯერდებოდით ხოლმე იმ გაჭირვების წლებში. ესეც დიდი რამე იყო. ოჰ, როგორ მომენატრა იცი ეს სიტუაცია ?

    კიდეევ მიშკა გამახსენდა ნამცხვარი, ხშირად გვიცხობდა დედა ბავშვობაში. მრგვალი ნამცხვარი იყო შოკოლადიანი. ცომიც უჩვეულო ჰქონდა. იცი რაზე გამახსენდა? სერიალში ვიღაცამ თქვა “ბეჯლი მიშკას” ფირმის კაბა მაცვიაო. მიშკა ამ შემთხვევაში დიზაინერის გვარია, მე კი პირი დავაღე და ის მიშკა გამახსენდა, სერიალი კი მიდიოდა თავისთვის :)))

    ჩემი ძმა იყო მაიმუნზე მაიმუნი ბავშვი და დედას რეცეპტების რვეულში უწერდა ხოლმე საზიზღრობებს :))) მაგალითად, ნამცხვრის რეცეპტში სტრიქონებს შორის (ფქვილი, შაქარი, კვერცხი) დაწერდა: სასურველია ცხვრის ხორცი.

    შენს პოსტში რა ფერები და სურნელებები დატრიალდა იფ იფ იფ 🙂 ღმერთმა ნუ მოშალოს ასეთი სიტკბოება თქვენს ოჯახში. პასკა ხომ დიდი მისტიკური რამაა! აი ისეთი მიყვარს ზუსტად შენ რომ აღწერე კლასიკური – მძიმე ყვითელი და ქიშმიშით გატენილი :))) პიურე რა კარგი იდეაა. შეშის ფეჩი არ გამახსენო. რა კარგი იქნებოდა ასე მოხალული თხილი. ჩვენც გვქონდა და ისეთი პარაზიტი ვიყავი სანამ შეშის ტკაცუნს არ გავიგონებდი არ ვდგებოდი ლოგინიდან რომ არ შემცივნოდა 🙂 დედაჩემი კი სულ გამურული იყო ამ შეშის შეკეთებისგან. :))) ჩემი დაქალები რომ მოვიდოდნენ, პირდაპირ ფეჩზე შემოდგამდა ჭიქებში ჩამზადებულ თურქულ ყავას. ყავა ქვემოდან იწყებდა დუღილს. მსხვილად დუღდა და სქელი მასა გამოდიოდა. ახლაც ენატრებათ ჩემს გოგოებს ის ყავა 🙂

    რა კარგი რამეები წავიკითხე იფ იფ იფ ❤ ❤ ბევრი კარგი დღესასწაული შენს ოჯახს, ფერადი, უხვი, გემრიელი და მბრწყინავი ❤

    Like

    Reply
    1. კუშის ბლოგი / kushi's blog Post author

      რა კარგი მყავხარ თინი, შენ კიდევ სულ ჩემს სათქმელს აგვირგვინებ და ასრულებ 🙂 არ ისე მსუბუქი დღე მაქვს და ამ კომენტარის გადაკითხვა ძალიან გამაბედნიერა აქ და ახლა 🙂 მადლობა შენ ამისთვის ❤

      Like

      Reply
  2. letters from a woman

    აი ზუსტად ❤
    ყველაფერი ძალიან ჩემი იყო რასაც წერ, მაგრამ დედას შემწვარი კვერცხი რომ ახსენე კივილი დავიწყე. დედასნაირად ვერავინ წვავს კვერცხს. ❤ რა უნდა კვერცხის შეწვას? ყველაზე მარტივი კერძია. რა სახითაც არ უნდა გააკეთოს, მაინც ყველაზე გემრიელია. ყველა კერძი, რაც დედას გაუკეთებია, რაღაც სხვა გემოს მატარებელია. მგონი დედებს რაღაც თავისი საკუთარი სანელებელი აქვთ და მხოლოდ შვილები ვგრძნობთ მის გემოს. კარგი გოგო ხარ, ჩემი იმერული ეზოც გამახსენე. დიდი ხანია უკვე აღარ მინახავს და უფრო მომანატრე. 😦

    პ/ს ეს ფილმი ნანახი მაქვს და ჰელენ მირენზე ვგიჟდები. ❤

    Liked by 1 person

    Reply
    1. კუშის ბლოგი / kushi's blog Post author

      მადლობა ასეთი დადებითი და გულწრფელი გამოხმაურებისთვის 🙂 დედის ხელებს და სითბოს ვერავინ შეედრება და ვერაფერი 🙂 სანელებლებზეც როგორ ზუსტად ამბობ! დიდხანს გიმყოფოს უფალმა შენი გემრიელი დედიკო ❤

      Like

      Reply
  3. Pingback: მსოფლიოს საუკეთესო მზარეულებზედ – სუფთა ფურცლიდან

  4. Nini

    დღეს შემთხვევით წავაწყდი თქვენ ბლოგს… ხან იქით გადავხტი, ხან აქეთ, ყველაფრის წაკითხვა მინდოდა…ეს კი კულმინაცია იყო …სამსახურის საქმე დამრჩა გვერდზე 🙂 …უფ, წინ კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი მელოდება, დიდი მადლობა

    Like

    Reply
    1. კუშის ბლოგი / kushi's blog Post author

      ვაიმე ძალიან დიდი მადლობა ❤ ასეთი სითბოსათვის, სიტყვებით ვერ გამოვხატავ როგორ გამახარე, დიდი ხანია ვერ მოვიცალე აქაურობისათვის და თურმე კიდევ არსებობენ შენნაირი კეთილი მკითხველები ❤ მადლობა და სიამოვნებით წავიკითხავ შენს მოსაზრებებს ❤

      Like

      Reply

Leave a comment