ო, ენავ ჩემო…

ადამიანები გაუცნობიერებლად იწყებენ საუბარს, ამბობენ სიტყვებს რომლებიც ესმით, სიტყვას სიტყვა ემატება და ასე იხვეწება ნელ–ნელა იმ გრძნობებისა და განცდების გადმოცემის ენა რომელიც გაუაზრებლად გავახმოვანეთ, ენაზე რომელსაც შემდგომში მშობლიურად მოვიხსენიებთ… როგორი მრავლის მთქმელი სიტყვები აქვს ჩვენს ენას, ვამბობთ “მშობლიურიო”, ენას ცოცხალ  და მშობელთან გათანაბრებულ არსებად აღვიქვამთ… სულ პირველ წიგნს რომელსაც ვფურცლავთ “დედა ენა” ჰქვია… დედაშვილობაზე დიდი განცდა კი იშვიათია ამქვეყნად… ამაზე მეტი რა ეპითეტით უნდა შეამკო – “ო, ენავ ჩემო,  დედაო ენავ….”528236_456812004394959_97302041_n
ბევრი ჯადოსნური სიტყვა ჰქონია და აქვს ჩვენს ენას… ბევრი ჰყოლია თითოეული სიტყვის ლამაზად გამცოცხლებელი… რომელი პოეტი და მწერალი გინდა გაიხსენო, ყველას ერთად ხომ ვერავინ მოთვლის…  ეს ყველამ ვიცით…  მაგრამ არასდროს არ ვწვრილმანდებით და იშვიათად ვახსენებთ მათ ვინც ქართული ენის შემადგენელ, მსოფლიოში ყველაზე ლამაზად მოხატულ ანბანამდე, ამ ენის დიდ მეხოტბეებამდე და გაცოცხლებულ სიტყვებამდე, ქართულ ენაში არსებულ მრავალფეროვან ეპითეტებამდე, ულამაზეს მეტაფორულ აზროვნებამდე და და ამ ენის მშობლიურად აღქმამდე მიგვიყვანა… ეს ყველაფერი  ჩვენი ქართულის მასწავლებელმა საკუთარ მხრებზე იტვირთა  და სიყვარულით გაგვინაწილა…

შოთა ნიშნიანიძეს აქვს ერთ–ერთი საუკეთესო ლექსი მისი ქართული ენის მასწავლებლისადმი მიძღვნილი, ლექსი რომელიც სავსეა ქართული ენის სიმდიდრით – ულამაზესი შედარებებით, ეპითეტებით, ლამაზად ჟღერადი სიტყვებით… მაგრამ მე ასე მგონია ამ ლექსში არა მარტო მის მასწავლებელს არამედ ჩვენი ენის სადარაჯოზე მყოფ ყველა იმ  პატარა მცველს ეფერება, რომლებიც ახლა, ამ წამს სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებს ატარებენ და ვინც ყოველი სიტყვის სიწმინდისა და სილამაზის აღქმის შესაძლებლობას აძლევს მერხთან მსხდომ პატარა მერცხლებს…

მარტში მამღვრევდა ფერისცვალება
და ხეტიალის ჟინი მივლიდა,
მზე საყელოში ხელს ჩამავლებდა
და გამიყვანდა გაკვეთილიდან.
ლექსის და ნუშის ნაფერთალებით
იფიფქებოდა ზეცა მიწამდე,
ჩიტებს მიჰქონდათ ჩემი ბწკარები
და ბუდეებად ხეზე იწნავდნენ.
თურმე იმ კაცსაც სენი ბურღავდა,
მგოსნობის სენი – უიმედო რამ.
თურმე თუშეთში მოყმე გულადი
ვაჟა-ფშაველას ლექსს დაეტორა.
ისიც გვიხსნიდა ჯერ დამშვიდებით,
მერე თრთოლვით და ხელების ქნევით…
ხელში შვლის ნუკრით, მხარზე ჩიტებით
მერხზე ჯდებოდა შაირის დევი,
თმაზე ეყარა ყვავილი ტყემლის,
მტვერი ვარსკვლავთა და მეტეორთა
ცალი თვალიდან სდიოდა ცრემლი
და ცრემლში ღმერთო! – მზე ეტეოდა,
თურმე რამხელა ცრემლი ყოფილა
და რა უძირო უსაშველოდა!
მთელი ქვეყნით და მზით გაჭოლვილი
მზეს რომ უძლებდა და არ შრებოდა!!
არც ხათრი გვქონდა, აღარც დანდობა,

არც მორიდება მოზრდილ ყმაწვილებს
მოვტაცეთ იმ კაცს ახალგაზრდობა
და ერთმანეთში დავინაწილეთ.
და, როგორც ანდერძს, ხშირად ვისმენდით:
,,მხოლოდ ის არის წავლის მიზანი,
რომ დაიზარდოთ სწორედ ისეთნი,
როგორც ალგეთზე ლეკვნი მგლისანი!”

კეთილო კაცო, დამნაშავე ხარ –
რაც მომიწონე ლექსი პირველი?
რად შემაჩეჩე ვაჟა-ფშაველას,
როგორც ქარიშხალს სუსტი ფრინველი.
ახლა მე მომდგა შაირის დევი,
ბეჭებზე მირტყამს ტორივით სტრიქონს,
ფშავ-ხევსურეთში ავყავარ ზევით
და ქაჯთა სიბრძნეს ფიცისქვეშ მიყოფს…
დაე, იცოდნენ, ჩვენ საქართველოს
ისევ სჭირდება შენისთანები,
შენით ვამაყობ, ჩემო გამზრდელო,
შენს ქართველობას ვეთაყვანები.
ირემო, ბარად ჩამოვარდნილო,
თუ მოგეწევა ჟამთა ისარი, –
აყმუვლდებიან შენი დაზრდილნი,
როგორც ალგეთზე ლეკვნი მგლისანი!..

პ.ს. დედაჩემი მუდამ იხსენებს ქართული ენის მასწავლებელს და ღრმად სწამს რომ მისი გაკვეთილები განუმეორებელი იყო… მეც არაჩვეულებრივი მასწავლებელი მყავდა… ახლა, ამ წამს ისიც ატარებს ალბათ გაკვეთილს და  ისინი, რომლებიც  გულწრფელად უსმენენ მის ყოველ სიტყვას საკლასო ოთახში, მჯერა ერთ დღეს ძალიან ტკბილად გაიხსენებენ მის გაკვეთილებს ჩემსავით და კიდევ ჩემნაირებივით…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s