ფოთლებსა და ადამიანებზე

ბოლო დღეებია იგრძნობა რომ გაზაფხულდა, დათბა და დილით სამსახურში ფეხით დავდივარ–ხოლმე, ძალინ ბევრი რამის განცდა და დანახვა შეიძლება დილით ქუჩაში, ყველას ფანჯრები ფართოდ გაუღიათ,  მზის შუქს ხარბად იჭერენ და ნესტიან ოთახებს ამზეურებენ, ზოგს თეთრეული გამოუფენია, ძველებურად დაჩითული სარჩულებით, ბებიაჩემს მახსენებს და მის ნაჭრებს, ვიღაცეები სარეცხს ფენენ, ერთ ქალს ზუსტად 10 პატარა და 2 დიდი პირცახოცი აქვს გაფენილი ლამაზად, ყველა იასამნისფერია და ერთნაირი…მაღაზიებიდან ახალი პურები გამოაქვთ პარკით, ზოგიერთს ფუნთუშებიც, ჩქარა მიდიან, ალბათ შვილებსა და შვილიშვილებს საუზმეზე გემრიელად მირთმევა რომ არ დაუგვიანდეთ… კატები სადარბაზოებიდან გამოიპარებიან და მზის გულზე ნებივრობენ,  ზოგიერთები კიდევ თავიანთ საყვარელ ძაღლებს ასეირნებენ, ჩემმა მეზობელმა იცოდა ასეთ ძაღლებზე თქმა ჩემზე ბედნიერად ცხოვრობენო, მაწანწალებს რომ გახედავდა კიდე გულს იმშვიდებდა,   ჩემზე უარესადაც ყოფილანო …  ყველას და ყველაფერს თავისი უწერია ამქვეყნად, თუ კარგად მახსოვს გამსახურდიას უწერია “ზოგ კაცზე იტყვიან გარდაიცვალაო, ზოგზე მოკვდაო, ზოგზეც კიდევ ჩაძაღლდაო”…

DSC_0167

დავდივარ  ქუჩებში, თუ ოდნავ მაღლა ავიხედავ  გამწვანებული ხეების ფოთოლთა შრიალს ვუსმენ და ვხედავ, თუ თავი დავხარე ნაცრისფერ ასფალტზე აქა–იქ ჩამოვარდნილ რამოდენიმე საწყალ ფოთოლს ვხედავ ხოლმე… ეს ფოთლები ახლა იმ ხის ტოტებზე უნდა კიაფობდნენ მაგრამ აღარ დაუდგათ გაზაფხული, ან თუ დაუდგათ ძალიან მოკლე… წამის მეასედში ჩნდება ასოციაციები, ეს ასფალტზე მისვენებული ფოთლები ადრეულად წასულ ადამიანებს მახსენებს…ასე არ ამბობენ?! ადამიანებს, რომლებიც გაზაფხულიდან ისე წავიდნენ, სულაც ვერ შეიგრძნეს სხვა დროებანი… აღარც ზაფხული ჰქონიათ, აღარც ცხოვრებისეული შემოდგომა და აღარც ჭაღარა ზამთარი… ასე მწვანე ფოთლებად ჩამოცვივდნენ, ისე რომ გაყვითლებაც კი ვერ მოასწრენ…

სულ მიკვირდა ადამიანები დღესასწაულებზე კამფეტებს რომ ჩუქნიდნენ კარში შემოსვლისთანავე ერთმანეთს და დააყოლებდნენ “ასე ტკბილად დამიბერდიო”… თურმე რამხელა სიბრძნე ყოფილა ამ სიტყვებში, ან როგორ შეიძლება ამ სიბრძნეს ჩაწვდეს ბავშვი რომელსაც 40 წელი უკვე სიბერე და სიკვდილი ჰგონია… ახლა კი… როცა დედები და მამები 40 კარგა ხანია გადაშორდნენ, როცა თავადაც უკაკუნებ უკვე მესამე ათეულ წლებს, როცა ნელ–ნელა გაკლდებიან ისინი ვინც გიყვარდა,  ხვდები რომ ყველა ფოთოლი  უნდა იყოს მწვანე გაზაფხულზე, ხის ტოტებზე უნდა შრიალებდნენ და მხოლოდ გაყვითლების შემდეგ ჩამოცვივდენ გვიანი შემოდგომისა და ადრეული ზამთრის გასაყარზე…

 

4 thoughts on “ფოთლებსა და ადამიანებზე

  1. Tinita

    საერთოდ ხშირად და წლის ამ პერიოდში მითუმეტეს მეც სულ წასულებზე მეფიქრება.

    აღდგომა რომ ახლოვდება მაშინ მიმძაფრდება ეს განცდები. თან ახლა სამი შაბათი იყო ზედიზედ მიცვალებულების.

    დილის სურათი გადასარევია… იმ სამყაროში უფრო დიდი სილამაზეა, სადაც ისინი არიან, ამით შეგვიძლია დავიმშვიდოთ თავი. საკურთხი რა კარგადაა დადგენილი, არა?

    Liked by 1 person

    Reply
    1. კუშის ბლოგი / kushi's blog Post author

      მეც თინი, ზოგადად სულ მეფიქრება მაგ განცდებზე და ამბებზე მაგრამ ამ დროს ძალიან ხშირად…
      იცი მე სულ ვფიქრობდი რომ საკურთხი ცალკე “ფილოსოფიაა” ერთგვარი, ბავშვობიდან მძაფრად მახსოვს მამიდაჩემი და დედაჩემი საკურთხს რომ აკეთებდნენ და მერე კეცში საკმეველს რომ ვყრიდით ნაკვერჩხალზე…

      Like

      Reply
  2. ირინა

    მიყვარს გაზაფხული , ანდა არის ვინმე , ვიასაც არ უყვარს? … და განსაკუთრებით “აღდგომა” … ბედნიერ “აღდგომას ” გისურვებთ!!!

    Liked by 1 person

    Reply
    1. კუშის ბლოგი / kushi's blog Post author

      გაზაფხული სულ სიცოცხლის მშვენიერებას მაგრძნობინებს ხოლმე 🙂 აღდგომის დღესასწაული ნამდვილად განსაკუთრებული განცდაა ჩემთვის… შენც ძალიან მადლიან და მზიან დღეებს გისურვებ ❤

      Like

      Reply

Leave a comment