მარტო დარჩენილი ქალის ფიქრები

როცა ქალები მარტო რჩებიან ცხოვრების დიდ და უხეშ სცენაზე ჩემთვის ერთი მსახიობის თეატრს ემსგავსება მათი ყოფა… ყველა როლს თავად ირგებენ,  ყველას სათქმელს თვითონ ამბობენ, თავისთვის, ხან ჩუმად და ხან ხმამაღლა… მათ შეუძლიათ თავად შექმნან ეპილოგი და პროლოგი მაგრამ ამბის სიუჟეტს ვერაფრით ცვლიან… უცნაური სიტყვაა “შინაბერა”… სულაც არ მიყვარს მაგრამ ხომ ვამბობთ ასეთ ქალებზე?! რაღაც ერთი თვით დავრჩი სრულიად მარტო, დილით მარტო ვდგებოდი, თოვლში, ქარსა და წვიმაში მივდიოდი და მოვდიოდი ისე რომ სულ არავის ველოდი სახლში, ისე ვინმეს კარს რომ გამიღებდა და უბრალოდ მეტყოდა მოდიო? ღამით ვწვებოდი და ისეთი იდეალური სიჩუმე იდგა სახლში, ალბათ მათ ვისაც სმენა არა აქვთ (უსაზღვრო მწუხარებით და გულისტკივილით ვწერ ამ სიტყვებს) ასეთ სიჩუმეში უწევთ ცხოვრება… მე კი ვისაც ყველაფერი მესმის და ვხედავ ეს შეუჩვეველი სიჩუმე ყველა ნერვს მიტოკებდა… განა იკითხავს ვინმე ღამით რისი ხმა უნდა გესმოდეს ადამიანსო? ღამით ვიღაცის სუნთქვა უნდა გესმოდეს, გვერდით ან სხვა ოთახში, ან ამ სუნთქვის ლოდინით გეძინოს… ყველა ჩემნაირ ქალს უნდა ვიღაცის სუნთქვა ესმოდეს და ისე იძინებდეს… ვიწექი ხოლმე ასე სიჩუმეში, ფანჯრიდან შემოჭრილი მთვარის შუქზე ჭერს ვუყურებდი, არ მეძინებოდა და ბევრჯერ ძალიან ბევრჯერ მეფიქრებოდა მამიდაჩემზე…
უკვე წლებია სულ მარტოა, ამბობენ ულამაზესი ქალი იყოო, მეც სულ ლამაზი და მოვლილი მახსოვს, ლამაზი ფრჩხილებით, სრიალა სახის კანით, ყურზე პატარა ლამაზი საყურით, მთელი ცხოვრება მიკეთიაო მეუბნებოდა როცა ამ საყურეს შევყურებდი… ხან სად დაგვატარებდა მე და ჩემს ძმას და ხან რას გვჩუქნიდა და გვყიდულობდა… მახსოვს სულ პატარები რომ ვიყავით ჩვენთვის შაქარყინულები მოჰქონდა და მონეტა შოკოლადები, ჩემი ძმა მუდამ მისი მეკვლე იყო ახალ წელს და ყოველი ახალი წელი ისე ძველდებოდა რომ არაფერი არ იცვლებოდა მისთვის… ის გვერდით სახლში ცხოვრობს, ერთი ღობე და საერთო ჭა გვაქვს, იმ ჭასთან  რამდენჯერ გვისაუბრია ვინ იცის…  გაუკეთებდა საკურთხს მის გარდაცვლილებს, ისეთს არაფერი რომ არ აკლდა, გადავირბენდით დავაგემოვნებდთ და მერე მაინც მარტო რჩებოდა იმხელა მაგიდასთან…

ასე მარტო როგორ ძლებდა, არასდროს გამჩენია ეს კითხვა, ის იმდენად ძლიერი ქალი არის არც კი მეფიქრებოდა ამაზე…მაგრამ ვიწექი მარტო ოთახში და ამდენი ხნის მერე პირველად ვიდარდე დიდი სახლში მარტო მყოფ პატარა დიასახლისზე, ნეტავ როგორ შეეჩვია მარტოობას, ნეტავ როგორ უძლებს ამდენი ხანია სხვა სუნთქვის არ არსებობას იმხელა სახლში… ნეტავ ხანდახან თუ ნანობს დაკარგულ შანსებს თუ იმდენად შეეჩვია მარტობას რომ აღარც კი ეფიქრება მსგავს საკითხებზე…  წიწილებს ზრდიდა, ლამაზ ხბოებს და პატარა ლეკვებს… რაღაცნაირად ძლიერი ქალია ჩემთვის აი მარი მეტრაიეს მსგავსად…

პატარა რომ ვიყავით დედის საფლავზე მივყვებოდით ხოლმე და ვუყურებდით როგორ წმენდდა… ერთხელ ჩემს ძმას უთხრა რომ მოვკვდები ჩემს საფლავზე ბალახი არ გააჩერო ამას გიბარებო…

მას ჩვენს გარდა ბევრი ვინმე ჰყავს… ჰყავს და თან არცა ჰყავს…

9 thoughts on “მარტო დარჩენილი ქალის ფიქრები

  1. უსახელო ბლოგი

    რა ზუსტად აღწერ…. თითოეული სიტყვის უკან ჩუმი განცდა, უთქმელობა და უზომო სევდა დგას… დადიხარ, იცინი, სხვებზე ზურუნავ, სხვების თვალში თავისუფალი, ძლიაერი და რეალიზებული ქალი ხარ და მაინც, თითქოს არ ხარ, თითოქოს ბოლომდე შემდგარი არ ხარ, თითქოს მხოლოდ სხვებისთვის ცხოვრობ…

    Liked by 1 person

    Reply
    1. კუშის ბლოგი / kushi's blog Post author

      ჰო, აი არც მარტო ხარ და თან ძალიან მარტო ხარ, ირგვლივ იმდენი ვინმე გვყავს ხოლმე, შვილები, მეუღლეები დედები მამები და–ძმები და რავი კიდევ რამდენი ვინმე გულშემატკივარი და ამ დროსაც კი რაღაც მომენტში ჩვენც კი სულ მარტონი ვრჩებით საკუთარ თავთან და წარმომიდგენია მისნაირი ადამიანები როგორ ცხოვრებენ სრული მარტოობის სამყაროში…

      Like

      Reply
  2. letters from woman

    ახლა დავფიქრდი და მარტოხელა კაცებიც ეგრე არიან. 😦 თითქოს შენთვის ცხოვრობ, ზედმეტი ტვირთის და პასუხისმგებლობის გარეშე და ამავე დროს ძალიან დიდი ადამიანური ტრაგედიაა შენი ტვირთი. თითქოს ყველასთვის ხარ და მაინც ზედმეტი ხარ.

    Liked by 1 person

    Reply
    1. კუშის ბლოგი / kushi's blog Post author

      ჰო კაცები შეიძლება კიდევ უფრო ცოდვანი არიან, ქალი კიდევ სხვაგვარად უვლის თავს, სხვაგვარად ხედავს ბევრ რამეს… მე ნამდვილად არ ვიცნობ “ბერბიჭა” კაცებს, ეს სიტყვაც ისე არ მიყვარს 😦

      Like

      Reply
  3. Tinita

    ოჰ, ვერიკო! ძალიან განვიცადე და შენც როგორი სიყვარულით გიწერია და რა მართლად… წრფელად.

    ღმერთისთვის სათნოა ასეთი ადამიანი, უანგაროდ მზრუნველი და თავის საქმის ბოლომდე პატიოსნად შემსრულებელი.

    მართლა ძალიან ძლიერი ყოფილა. კარგად იყოს ჯანმრთელად და ბევრი მხიარული დღე ჰქონდეს.

    Liked by 1 person

    Reply
    1. კუშის ბლოგი / kushi's blog Post author

      ძალიან, ძალიან ძლიერი ქალია და თან როგორი ლამაზი იცი?! აი ქალებმა რომ თქმა იციან სიბერეში, ეჰ მე რა გოგო ვიყავი იციო, მზისსადარიო ასეთი კი არაო… მამიდაჩემი ახლაც კოხტაზე კოხტაა და ახალგაზრდობაში როგორი იქნებოდა წარმომიდგენია… მის სუნამოებში და კრემებში მიყვარდა თამაში, დამსვამდა ხოლმე სარკესთან და არაფერს არ მიშლიდა, ამ სარკის წინ სპილოების ოჯახი ეწყო, რაც მე იმ სპილოებით ნათამაშები მაქვს… და კიდევ რამდენი რამე რაც მახსენდება მისი სახელის ხსენებისას… ყველაფერს ვერ დაწერ ადამიანი, არადა წამის მეასედში გაცოცხლდება უცებ გონებაში… მადლობა თინი კეთილი სურვილებისთვის…

      Like

      Reply
  4. katerina

    სამწუხაროდ, მარტოობა უმატესობა ქალებიოს ხვედრია ჩვენთან, არა მარტო შინაბერების. ხშირად ისინიც მარტო არიან, ვისაც სახლში “ჯანსაღი” მეუღლე ელის…

    Liked by 1 person

    Reply
    1. კუშის ბლოგი / kushi's blog Post author

      ეგ ცალკე საკითხია, მეტად მტკივნეული და საყურადღებო… მაგრამ რატომღაც არავინ საუბრობს და არავინ ცდილობს ელმაგ საკითხზე…

      Like

      Reply
      1. katerina

        მე ხშირად ვფიქრობ მაგაზე, ბევრჯერ კიდეც დამიწერია გაბნეულად პოტებში, მგონია, რომ სწორედ მაგაა მიზეზი იმგვარი მარტოობის, შენ რომ გიწერია

        Like

Leave a comment