სიყვარულისთვის ეს ცხოვრება ისე ცოტაა…

***

“სიყვარულისთვის ეს ცხოვრება ისე ცოტაა,

უშენოდ ფლანგვა ამ დღეების ალბათ ცოდვაა…”

ეს სიტყვები  არ ვიცი ვისია, გაგრძელება დიდი არაფერი აქვს მაგრამ გუშინ ვნახე  ჩემი ბავშვობის დღიურში როგორ ლამაზად მიწერილი მქონია წლების წინ ერთი ადამიანისთვის და ვინაიდან ჩემს ცხოვრებაში რაც თავი მახსოვს სულ ის კაცია, ბედნიერი ვარ რომ დღესაც იგივე განწყობით შემიძლია ამ სიტყვების მიწერა… მაშინაც შორს იყო და ეხლაც შორსაა…

***

მარტოობაშიც არის რაღაც კარგი, სულ შენს თავს ესაუბრები, ესაუბრები ესაუბრები,  ფიქრების დიდი მდინარიდან ხან ერთ ნაპირზე გადახტები ხან მეორეზე, ხან დაილექება და კამკამა ხდება ეს ფიქრების მდინარე ხან აიმღვრევა და გაშავებული რიონივით აბობოქრდება… ხან ლამაზ მომავალზე ოცნებობ და ხან დაუბრუნებელი წარსული გედარდება… ისეთი როგორიც არის და იმის ტკივილი რომ ვერაფერს ვერ შეცვლი რაც იმ წარსულში დარჩა დიდ ტკივილს გაყენებს… და ხარ ასე მურმანის ეკალივით გაჩხერილი ამ წარსულსა და მომავალს შორის აწყმოს მარწუხებში… ეს კიდევ ერთი მინაწერი ბავშვობის დღიურიდან…

“იქედან აქეთ – რამხელა გზაა,

აქედან იქეთ – აღარაფერი”…

***

ბევრჯერ დამიწერია იმაზე რომ საყვარელი ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ, მაგრამ მაინც კვდებიან და სამაგიეროდ  გვიტოვებენ სიყვარულს რომელსაც ყოველდღიურ რუტინაში ვეღაც კი ვიხსენებთ, მხოლოდ ხანდახან მივუბრუნდებით ხოლმე, როცა განსაკუთრებული დღე დგება, დღე რომელიც იმ ადამიანის იყო, ან დაბადების ან გარდაცვალების, ხშირად ბევრი ფოტოც კი არ გვრჩება მათი, არც კადრები გვაქვს სამახსოვრო რომ მათი საუბრის და მოძრაობების გაცოცხლება წუთიერად მაინც შევძლოთ… ახლა აღარც წერილებს ვწერთ ერთმანეთს რომ მერე გადავხედოთ და შევიგრძნოთ…  ცოტა ხნის წინ  საყვარელი ბიძის ულამაზესი კალიგრაფიით  მინაწერი  სრულიად მივიწყებულ სტრიქონები  ვნახე ზემოთხსენებულ ბავშვობის დღიურში, ჰოდა უცებ გაცოცხლდა და მომეფერა… 

IMG_20160205_142612

მეორე ბიძას უკანასკნელი ფოტოები მე გადავუღე… ჰოდა სულ განცდა მაქვს რომ ბევრი ბევრი ფოტოები და კადრები უნდა გადავუღო საყვარელ ადამიანებს… ერთხელ როცა ის დღე დამიდგება, დამაკლდებიან და აღარ მეყოლებიან, გადავშლი ხოლმე ალბომს და იქედან შემომანათებენ ვიცი, ან კადრებში გავაცოცხლებ…  სისულელედ შეიძლება მოეჩვენოს კაცს ეს ამბავი და შეიძლება ბევრ მათგანზე ადრე წავიდე და რადგან ყველაფერი უნდა განიხილო კაცმა ამიტომაც ყველაფერიც უნდა სცადო და რატომაც არა, ამ თანამედროვე ტექნოლოგიებისგან სხვა ბევრ სარგებელთან ერთად ასეთი სახის სიკეთეც უნდა მოიპოვო… 

***

ზუსტად 24 დღეში გაზაფხულდება… შემოანათებს მზის სხივები და გამათბობს… მერე ისევ გადამივლის ეს არეული ფიქრები ისევ გავივლი მეათასედ შორ გზას, ისევ დაველოდები კვირიდან კვირამდე საყვარელი ადამიანების ნახვას, ისევ ვიყიდი ლამაზ ჩანთებს და ისევ ჩავიცმევ გამოყვანილ პატარა შავ კაბას, ისევ მივალ სამსახურში და ისევ ვეცდები ყველაფერი კარგად და სიყვარულით გავაკეთო, ისევ ვიწუწუნებ და ისევ გავიღიმებ… და ამ ყველაფრის შუალედებში, როცა მზიან ქუჩებში უმისამართოდ ვიხეტიალებ გავიხსენებ და განვიცდი იმ ამბებსა და ადამიანებს რომლებიც უკვე იყვნენ… მერე მომავალზეც ვიოცნებებ ცოტას… და ვეცდები რომ დავიჯერო, ყველა აღმართს დაღმართი მოსდევს და ყველა დაღმართს უეჭველად აღმართი შეცვლის…

“ქარი ახლა საალერსოდ მიწვევს,

იამინდა, გადაიღო თოვამ…

ნეტავ ჩვენ რომ არ ვიქნებით იმ წელს

რანაირი გაზაფხული მოვა…”

 

Advertisements

9 thoughts on “სიყვარულისთვის ეს ცხოვრება ისე ცოტაა…

  1. tamagii ამბობს:

    იცი, თითქმის ორი წლის წინ, სამი მარტის ღამეს, მე და ჩემი და სიკვდილს გადავრჩით. პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ. გაზით მოვიწამლეთ და სასწაულის ძალით გადავრჩით. მეორე დღეს უნივერსიტეტში წავედი ჩვეულებრივად. თსუს მეორე კორპუსის კიბეებზე ვიდექი და ახლაც მახსოვს, როგორი მზე ანათებდა მაშინ. ერთადერთი რასაც ვფიქრობდი, ის იყო, რომ მე შეიძლება ის მზე იმ დღეს ვეღარ დამენახა. მაშინაც და მის შემდეგაც, როგორღაც მოვახერხე, რომ ამ ფაქტზე ფიქრმა არ გამაგიჟოს. მაგრამ დღემდე იმ მზეებზე და იმ გაზაფხულებზე მწყდება გული, რომელიც მაინც დადგებოდა და მე ვერ ვნახავდი.

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      სწორედ მასეთ მზეებზე და დღეებზე მეფიქრება ხშირად… ძალიან მინდა დიდხანს არ დადგეს ეს დღე ჩემთვის მაგრამ კიდევ უფრო მეტად განვიცდი და არ მინდა რომ ჩემს საყვარელ ადამიანებს დაუდგეთ ეს დღე… იმდენი ვინმე დამაკლდა ამ ბოლო დროს მენანება ეს გაზაფხული მათ გარეშე… მეც არ მინდა რომ ასეთ ამბებზე ვიფიქრო მაგრამ ხანდახან ვერ უძლებს ადამიანი… არადა საახალწლო პოსტში ვწერდი რა ბედნიერი ვარ 2015 არავინ დამკლებია და ყველა ცოცხალი მყავს ვინც კი ჩემს გულში შეყუჟულან–თქო 😦

      Like

  2. უსახელო ბლოგი ამბობს:

    არ ვიცი რა სჯობს, ჩემს საყვარელ ადამიანებზე ადრე წავიდე ამქვეყნიდან , ბედნიერი იმ შეგრძნებით, რომ ყველა ცოცხალი მყავს თუ ისინი გავუშვა ასეთი „ბედნიერნი“…. პირველი ეგოიზმია, მეორე – დიდი ტკივილი. არც ერთის განცდა მინდა და არც მეორის. სულ მინდა გარდაცვალება სხვანაირი იყოს, არა ფიზიკურად ხელშესახები, უფრო აბსტრაქტული და ლამაზი – ნელ-ნელა, თანდათან გაიცრიცოს ადამიანი, განისლისფრდეს, გამჭვირვალდეს და ბოლოს შეუმჩნევლად გაქრეს, ჰაერს შეერიოს…

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      მეც მასე მინდა მაგრამ სადაა, როგორაა, რანაირადაა… უბრალოდ არაა… მიფიქრია მაგ ორ მხარეზე მაგრამ ჩემი გადასაწყვეტი რაა და რომელსაც ღმერთი მარგუნებს ის ვიქნები, ან ეგოისტი ან კიდევ ტკივილით სავსე ადამიანი…

      Like

  3. Tina ამბობს:

    ასეთი თბილი და სიყვარულით სავსე გული რომ გაქვს, და კიდევ თვალები, რომელიც ამდენს ხედავს და იმახსოვრებს, მარტო ამიტომ იქნები ძაააალიან დიდხანს, წერ ამ გადასარევ ნაწარმოებებს და შენი სიტყვით, ფიქრით და არსებობით მუდამ აცოცხლებ იმ ადამიანებს.

    ამაზე კარგი რა უნდა იყოს.

    და კიდევ საგაზაფხულოდ ახალი ჩანთების და შარფების ყიდვაზე :)))) ❤ ❤

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      ისე მერიდება ხოლმე ესეთ სიტყვებს რომ ვკითხულობ ლამის გული წამივიდეს… მადლობა, ათასი მადლობა სითბოსთვის… თან მინდა ასეთი სევდიანი ფიქრები არ მქონდეს და თან ჩემი თავი ამ ფიქრების ადამიანებისა და ამბების გარეშე ვერ წარმომიდგენია…

      შენი პოსტი წავიკითხე და ვუყურე კიდეც ფილმს… ზოგიერთი კადრის გახსენებისას პირდაპირ სხეული მტკივდება…

      მახსოვს ბავშვობაში ვუყურე ერთ ირანულ ფილმს ბაბუასთან ერთად, და-ძმის ისტორია იყო ნაჩვენები რომლებსაც ერთი წყვილი ფეხსაცმელი ჰქონდათ და მორიგეობით დადიოდნენ სკოლაში… მერე ეს ძმა ამ ფეხსაცმლით გაიპარება და სირბილის შეჯიბრში მიიღებს მობაწილეობას აღარ მახსოვს იმარჯვებს თუ არა მაგრამ კადრი როცა სულ დახეული დაფლეთილი ფეხსაცმლით დგას დღემდე წინ მიტრიალებს… იქნებ ვინმემ იცოდეს რა ფილმია… კიდევ ერთხელ ვუყურებდი…

      Like

      • Tina ამბობს:

        http://www.imovies.ge/movies/721

        აი ეს ფილმია, ჩემო ძვირფასო. “ზეცის შვილები”. პოსტშიც ვახსენე 🙂

        იმავე რეჟისორის 🙂 აბაა :))) კრიტიკოსები წერენ, ბავშვებისადმი რაღაც თავისებური მიდგომა აქვსო. ფაქტია, რომ ასეა.

        მარათონის კადრებმა მომსპო მთლად. და მერე ნახე ამ ბავშვების დიდობის ფოტოები. ისეთი ლამაზები არიან!

        “თან მინდა ასეთი სევდიანი ფიქრები არ მქონდეს და თან ჩემი თავი ამ ფიქრების ადამიანებისა და ამბების გარეშე ვერ წარმომიდგენია…” ზუსტად ჩემი ფიქრებია ეს. ❤

        Like

      • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

        ვაიმეეე ეგ აღარ მინახავს ანუ პირდაპირ სათაური ჩავაგდე გუგლში და ვუყურე… დიდი დიდი სიამოვნებით ვუყურეებ კიდევ ვიცი გული მეტკინება მაგრამ მაინც უნდა ვუყურო… როგორ მიხარიხარ იცი აქ… ❤❤❤

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s