ერთხელ

ერთხელ მე მივხვდი რომ გავიზარდე და გავიაზრე ის ტკივილი რომელმაც პირველად შემომიტია და მას მერე ვეღარასდროს მოვიშორებ ვიცი,  თანდაყოლილი ნაწილია ჩემი, სევდასავით გაუნელებელი…

ერთხელ მე მივხვდი რომ არ შემიძლია ლამაზად სიმღერა და დაკვრა, რომ ფორტეპიანოს კლავიშები მხოლოდ შავ-თეთრი გამაა ჩემთვის, ცხოვრებასავით ხან თეთრი და ხან ბნელი… ფორტეპიანოზე შემოდებული შავ-თეთრი ფოტოები კი ვიღაცის წარსული, ამბავი ტკივლებისა და სიხარულებისა, ადამიანთა სახეებში ჩატეული…

ერთხელ მე მივხვდი რომ საყვარელი ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად სუნთქავენ, ისე უბრალოდ  კვდებიან და ჩვენ მაინც ვიღიმით…  პირველად ეს წვიმიან დღეს მივხვდი, სულ პატარა ვიყავი ჩვენი სახლის ფანჯრის რაფაზე შემოსკუპებული ვიყავით მე და ჩემი ძმა, ჰოდა იქედან ჩუმად ვუყურებდით სიკვდილს მეზობლის ეზოში, გაურკვეველ გრძნობებს ადამიანთა სახეებზე, ფორიაქსა და ფაცი-ფუცს, ტირილს და ბევრ, ძალიან ბევრ ადამიანს, სიკვდილის სანახავად მოსულს… 

ერთხელ მე მივხვდი რომ ყველაფერი წარმავალია, რომ ყველა ნაჭერი იხევა და ყველა სამკაული ფერს კარგავს… ერთხელ მე მივხვდი რომ სარკესთან ჩაწიკწიკებული სუნამოებისა და კრემების სურნელი  აუტანლად “უგემურია” როცა მათ პატრონი აღარა ჰყავს…

ერთხელ მე მივხვდი რომ სირცხვილია შიშველი სიარული და რომ კიდევ უფრო სირცხვილია ნიღბით სიარული… რომ ადამიანები ვერაფერს უხერხებენ თავიანთ გრძნობებს მაგრამ გამუდმებით მალავენ მათ, თუ უხარიათ თითქოს სათანადოდ არა, თუ სძულთ, თითქოს ღირსეულად… არადა სიჩუმის ენაზე ყველა გრძნობა მუნჯი და უტყვია…

ერთხელ მე მიყვირეს და მივხვდი რომ მე ვერაფერს გავაკეთებდი, რომ მე სათანადო ძალა არ მაქვს იმისა რომ საკუთარ თავს გადავაბიჯო… ერთხელ მე მიყვირეს და მას მერე ყველა მხრიდან მიყვირიან როცა ჩუმად ვარ… სულ ვნატრობ რომ ერთხელ მეც ვიყვირებ მაგრამ ნატვრისთანავე მრცხვენია… და ზუსტად ვიცი რომ ეს ერთხელ არ დადგება…

tumblr_ntje0wJuxR1s84t6ho1_250

ერთხელ მე დავპირდი ჩემს თავს რომ სიჩუმის აღთქმას დავდებდი, მაგრამ როცა სიტყვებს ტყვიებივით მესვრიან და როცა ვხედავ რომ ღიმილი მთელი სიზუსტით ყალბია, ხანდახან მაინც ამეტყველდება ეს უძვლო ენა და მერე სულ ვნანობ რომ არ გავჩუმდი…

ერთხელ მე მივხვდი რომ ადამიანი მუდამ მარტოა, ათას კაცშიც მარტოა და საკუთარ თავთან ხომ თავისთავად… ერთხელ მე მივხვდი რომ ადამიანები საკუთარ თავსაც უმალავენ რაღაცეებს და რომ ცოცხალი თავით არ იმჩნევენ ბევრ საიდუმლოს გატეხილ გულებში…

ერთხელ მე მივხვდი რომ გაბზარულ დოქს, რომელსაც ვერ გაამთელებ ათასჯერ  სჯობს გატეხილი… მაგრამ არასდროს არ მყოფნის ძალა გაბზარული ისე მოვისროლო რომ საბოლოოდ გატყდეს…

ერთხელ მე მივხვდი რომ არ შემიძლია დიდი თუ პატარა შეცდომები სხვასაც და საკუთარ თავსაც დიდსულოვნად ვაპატიო და მერე ისევ გადავდგა ნაბიჯები… მას მერე მე ვიღიმი მათთან, ვიცინი კიდეც და ვწუწუნებ კიდეც… მაგრამ ვერ ვივიწყებ იმას რაც ვერ ვაპატიე ან ვერ მაპატიეს… ვერ ვაჩერებ აბობოქრებული ზღვასავით არასასურველ ტალღებს ჩემს თავში…

ერთხელ მე მივხვდი რომ მე მე ვარ, და რომ ისეთი კარგი არ ვარ მაგრამ არც ისე ცუდი ვარ რომ ჩემი მე მძულდეს… მაგრამ მაინც არ შემიძლია მისი უკიდეგანო სიყვაული… ერთხელ მე წავიკითხე  “თავო ჩემო, რაც ხარ ეგ ხარ…

ვერ გადახვალ ბუნებას,

ზოგი მტრობს და ზოგს უყვარხარ,

კაცია და გუნება…”

და მე მივხვდი რომ მთელი ბუნება ჩემშია და რომ მე კი არ ვტრიალებ დედამიწასთან ერთად არამედ ის ტრიალებს ჩემში…

Advertisements

8 thoughts on “ერთხელ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s