ძვირფასო ჯუდი…

03 ოქტომბერი, შაბათი

ძვირფასო ჯუდი, არც კი ვიცი რამ გამახსენა შემოდგომის ამ წვიმიან საღამოს შენი თავი, მაგრამ გამახსენდა და შენი წერილების წაკითხვა დავიწყე… ალბათ გეცოდინება შენი წერილები რომ ბევრჯერ გამოსცეს, ისეთი ლამაზებია ყველა, მე მხოლოდ ორნაირი მაქვს ერთი ძველია, პირველად იმ წიგნის გაცრეცილ ფურცლებზე გაგიცანი, მეორედ ახალ ყვითელ ყდიან წიგნში შემომხვდი, ყდაზე მისტერ ჯევრის გრძელი ფეხები ახატია… მე მგონი ჩემი გოგო რომელიც შენსავით მოუსვენარი და ჯიუტია სწორედ ამ წიგნში გაგიცნობს…

DSC_0086
ჰოდა რა მინდოდა მეთქვა, არც არაფერი, უბრალოდ გამახსენდა ამ წერილების კითხვა რომ დავიწყე შენზე  ცოტა პატარა ვიყავი, არაჩვეულებრივი დედიკო და მამიკო მყავდა (და ახლაც მყავს რა თქმა უნდა) კიდევ უსაყვარლესი ცისფერთვალება ძამიკო შუბლზე დიდი ხალით, რომელსაც ქერა თმა ოდნავ უფარავდა… ბაბუაც მყავდა და ბებიაც… შენ რომ ასე გინდოდა გყოლოდა, ის ხალხი მყავდა და საჩუქრების საკუთარი ხელით გამზადებაც სულ არ მჭირდებოდა… ახალი წლის დილას ბალიშის ქვეშ იმდენი ტკბილეული მხვდებოდა ერთად რომ უსასრულოდ გვეჭამა არ დაილეოდა… არა, ღმერთმანი კი ვიცოდი რა კარგები მყავდნენ და ძალიანაც ვცდილობდი მათი გულები გამეხარებინა, მაგრამ შენ რომ გაგიცანი მას შემდეგ მივხვდი რომ ეს ხალხი საჩუქარი იყო ჩემს ცხოვრებაში…  შენ მიმახვედრე რომ მათი არდაფასება ყველაზე დიდი დანაშაული და უმადურობა იქნებოდა, ჰოდა შენთან ბევრი სამადლობელო მაქვს…

ეგეც არ იყოს სიმართლე გითხრა პრინცესებისა და პრინცების სიყვარულის არასოდეს მჯეროდა, მაგრამ როცა ჩემი მსგავსი უბრალო გოგო გიპოვე და ასე ლამაზად შეგიყვარდა ამ ქვეყნად ყველაზე გრძელფეხება მეურვე, ცოტათი კი შემშურდა შენი ჯუდი მაგრამ ნუ მიწყენ, ბავშვურ ეგოისტობას მიაწერე… ისე მიხაროდა ავადმყოფს პირველი ნამდვილი საჩუქარი რომ გამოგიგზავნა მისტერ გრძელფეხებამ ყვავილებითა და მოკითხვის ბარათით, სულ მინდოდა ავად რომ გავხდებოდი ჩემთვისაც მოეტანათ ყვავილები, მაგრამ კამფეტები და ლიმონათები შემრჩებოდა ხოლმე ხელში, თუმცა რას ვიზამდი მაინც თავაზიანი ვიყავი ყველასთან, კარგად აღზრდილ გოგონებს სხვაგვარად არ ეკადრებათ ასე არაა?! ერთხელ კი მეც მომართვეს ყვავილები, ჩემს ცხოვრებაში პირველმა საყვარელმა მამაკაცმა, ჩემმა მამიკომ, იმ დილით როცა ჩემი გოგო გაჩნდა, პირდაპირ პალატაში შემოიჭრა, ხელში დიდი წითელი ვარდები ეჭირა თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და ზუსტად ვიცოდი რომ ამაზე გულწრფელად მორთმეული ყავილები თანაც ბედნიერების ცრემლებით დანამული არც არასდროს მოურთმევიათ და ვერც ვერასდროს მომართმევენ…
ხანდახან რაღაცეებს ვწერდი ხოლმე და მინდოდა მეც შენსავით სკოლის გაზეთში გამომექვეყნებინა, მაგრამ ჩემს დროს სკოლის გაზეთები აღარ იყო, არც არავის ეცალა ამისთვის და რომც ყოფილიყო ვფიქრობ არ ეღირებოდა ჩემი სულელური ნაწერები იქ გამოექვეყნებინათ… შენსავით ნამდვილად ვერ დავწერდი, რომ იცოდე როგორ გავიხარე პირველი ლექსი სადაც გამოგიქვეყნეს იმ გაზეთის რედაქტორი რომ  გახდი…

ბევრი რამ შევითვისე შენგან,  ვისწავლე  რომ უნდა გიყვარდეს, გწამდეს და ბევრი უნდა იშრომო, ვისწავლე რომ უნდა იყო მიზანდასახული, პატივისცემისა და თავაზიანობის გრძნობა რომ პიროვნების  ყველაზე დიდი სიმდიდეა, რომ ოცნებები შეიძლება ახდეს და ცხოვრებაში უამრავი მზიანი და ბედნიერი დღე გაგითენდეს, რომელიც აუცილებლად უნდა დააფასო…
მაგრამ ყველაზე მეტად, რაც შენს ამბავში მომეწონა ეს ისაა რაზეც სულ მუდამ ვფიქრობ… ეს ნდობაა, უპირობო და უანგარო ნდობა… შენ გენდეს და შენც ენდე… მეც ვენდე და მეც მენდეს მაგრამ მათაც მიმტყუნეს და მეც ვუმტყუნე, ადამიანის ბუნებაა ასეთი… მაგრამ ისევ თავიდან ნდობაა ძნელი…
ჩემი ერთი მოხუცი მეგობარი ამბობდა ხოლმე ზღაპრები სწორედ იმიტომ სრულდება ქორწილით,  რომ დაგაჯერონ ყველა ბედნიერიაო, თუმცა მთავარი სირთულეები სწორედ მას შემდეგ იწყებაო… რატომღაც სულ ვეთანხმებოდი, ჰოდა ალბათ შენც ბევრი სირთულე შეგხვდა მას შემდეგ, რაც მედისონ ავენიუზე მისტერ ჯევრის სახლში შედგი ფეხი, მაგრამ მჯერა რომ შენი სიჯიუტე ყოველთვის დაამარცხებდა ყველა სირთულეს… მეც მხვდება ხოლმე სირთულეები, მაგრამ ვცდილობ არ დავნებდე… ხომ კარგად ვიქცევი?!
იმხელა წერილი გამომივიდა ალბათ კითხვაში დაიღლები მაგრამ თან ისიც ვიცი რომ გამიგებ, ხომ იცი კალამს რომ ხელში აიღებ მერე ძნელია ხელიდან გაშვება როცა გულით გეწერება…
ამ წერილთან ერთად გიგზავნი გულითად მადლობას იმისთვის რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი იყავი, რომ ოცნებები მასწავლე და  სიყვარულის ქარტეხილების შესახებ პატარ-პატარა ამბები მომიყევი… გიგზავნი ბევრ კოცნას და იმედს რომ კიდევ ბევრი გოგოს მეგობარი იქნები და კიდევ ბევრი ჩემებრ მადლიერი გოგო მოგწერს წერილებს…

მარად შენი მოსიყვარულე კუში

პ.ს. ხატვა რომ ვიცოდე დაგიხატავდი ჩემი სახლის ფანჯარაზე შემოდგომის წვიმის წვეთებს, და გაყვითლებული ფოთლების ჯარს, თუმცა ვიცი შენი ფანტაზიის გრძნობის დახმარებით  წარმოიდგენ და ეს წარმოდგენა ჩემს ნახატზე უფრო მკაფიო და ლამაზი იქნება…

Advertisements

11 thoughts on “ძვირფასო ჯუდი…

  1. Tinita ამბობს:

    შენი ბლოგერული სახელის ისტორია არ ვიცი, სამწუხაროდ 🙂 როგორ დაიბადა “კუში”?

    ის პერიოდი მომწონდა ჯუდის წერილებიდან, გოგოშკური რაღაცეების საყიდლად რომ ფული გაუჩნდა და დანაშაულის გრძნობა რომ ჰქონდა მათი ყიდვისას. თან წერილებში რომ ამართლებდა, ქალისთვის ეს ყველაფერი საჭიროაო. უფრო კომფორტულ ოთახში რომ გადავიდა, რა მშვენიერი ეჩვენებოდა ცხოვრება. 🙂 სიხალასე მომწონს ყველაზე მეტად მის პიროვნებაში.

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      მე სულ უზომოდ მტკიოდა გული ვერავის რომ ვერ უმხელდა მის წარსულზე და წიგნებს რომ ჩქარ-ჩქარა კითხულობდა აქაოდა სირცხვილია ზოგიერთი წიგნის წაუკითხველობაო,არადა სად უნდა გავცნობოდიო,თავს რომ იმართლებს… კიდევ ფერმაში ცხოვრების ამბები მიყვარს და ნახატები ამ წიგნიდან, მოკლედ ყველაფერი მიყვარს!
      ჰო და კუშის რაც შეეხება, მოკლედ გაგეცინება და რომ გავთხოვდი ახალ სახლში დედამთილი და თითქმის ყველა მოფერებით ვერიკუშიჩკას მეძახდა, მერე ეს ძალიან ეგრძელათ ყოველ დაძახებაზე და შეკვეცეს და კუშიჩკა ვიყავი, ბოლოს სულაც შეამცირეს და კუში დავრჩი 😀 ახლაც ოჯახში მოფერებით კუშის მეძახიან, თუმცა ინდურ სერიალებთან არც თავში ჰქონია ამ სახელს საერთო და არც ეხლა აქვს… ბლოგის გაკეთება რომ მომინდა ერთ დილით სამსახურში დავარეგისტრირე სრულიად დაუფიქრებლად და ყოველგვარი გააზრების გარეშე და პირველი რაც მომაფიქრდა ეს სახელი იყო…
      თუმცა ახლა ვფიქრობ ხოლმე ხშირად, რამე ახალი სახელი ხომ არ შევარჩიო… რა ვიცი, რა ვიცი…

      Like

  2. Sophie SUNNY Golden ამბობს:

    ამ პოსტით ლამის ბლოგზე დაბრუნება მომანდომე, რა განსაკუთრებული გოგო ხარ.
    ისე ჩვენთან რა იშვიათად ჩუქნიან ადამიანები ყვავილებს თუ მე მეჩვენება ასე?

    პატარა ჯუდი-ჯერუშა. ძალიან ძლიერი გოგო იყო, ჩემი აზრით. მსოფლიოს ლიტერატურაში ყველაზე მისაბაძი, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში.

    რამდენიმე ჩემს ძველ პოსტს დაგილინკავ აქ, შენი ნებართვით:

    ჯინ ვებსტერის გოგოები

    sunny soul

    შენი აზრები ყოველთვის მაინტერესებს.

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      ეს როგორი ტკბილ-ტკბილი სიტყვები დამახვედრე ამ დილით 🙂 შენებრ მზიანი და ნათელი… მადლობა შენ! როგორ მინდა ხოლმე რომ დაბრუნდე…. იქნებ დაბრუნდე კიდეც, ჩემი აზრი კომენტარენში დაგიტოვე ბოლო პოსტზე… მე მაინც ველოდები ახალ ამბებს შენი სამყაროდან….
      ჯერუშა რა ოქრო გოგოა კი ვიცით მე და შენ, ჰოდა სულ მინდა რომ ამ ვარსკვლავივით მოციმციმე გოგოს ყველა იცნობდეს… და ყველას ჩვენსავით ეყვარება მგონია…
      რამდენი საინტერესო ცნობები მოგიყოლებია დესერტივით ჯინ ვებსტერის სხვა წიგნებზე და მათ შინაარსებზე, ალბათ ინგლისურად წაიკითხე, იქნებ ამაზონზე იყოს, თორე ქართულად არა მგონია კარგა ხანს თარგმნონ 😦 ჩვენთან ხომ “მაღალი ღირებულებების მქონე” “თანამედროვე წიგნების” თარგმნის ეპოქაა… ხანდახან ძალიან ვბრაზდები ჩვენს გამომცემლებზე, ხანდახან კი უზომოდ მიყვარან 🙂 რას ვიზამთ ქართველებს ოქროს შუალედის პოვნა ყველგან და ყველაფერში გვიჭირსხოლმე…
      ბოლო წინადადებამ შენი კომენტარიდან გამაბედნიერა ამ დილით ❤ სულ ასეთი სასიამოვნო და ღიმილიანი დილები გქონოდეს ახლა მე რომ მაქვს შენი და თინის სასწაულად თბილი კომენტარების წაკითხვის შემდეგ ❤

      Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      ჩვენთან ყვავილებს მხოლოდ შეყვარებულობის დროს ჩუქნიან მგონი, ისიც ათასში ერთხელ და პანაშვიდებზე ვჩუქნით ხოლმე კიდევ, ანუ მაშინ როცა აღარც უხარიათ და აღარც სჭირდებათ 😦 სხვა შემთხვევაში ყვავილის ჩუქება სასწაულის ტოლფას მოვლენად ითვლება ჩემს თვალში 🙂

      Like

  3. პატ ჰოლმანი ამბობს:

    შენ ძველი გამოცემაც გქონია ^^
    “გრძელფეხება მამიკო ” მგონი ნებისმიერ ასაკში წასაკითხი წიგნია ..
    მე ორიოდე წლის წინ შემომეკითხა და დიდი სიამოვნება მივიღე ^^

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      სადღაც 12-13 წლის ვიყავი ამ გამოცემაშირომ წავიკითხე, ისე შემიყვარდა სულ თან მქონდა, დღემდე ვინახავ, ეს ახალი კი ინგლისური ვერსიაც რომ ახლავს ჩემი გოგოსთვის ვიყიდე, მე ჩემი ჯუდი მეყოლება მას თავისი 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s