ჩემი ბავშვობის მოთხრობები

ბავშვობაში პირველად რომ დავიწყე კითხვა, სანამ გავიაზრებდი რას ვკითხულობდი, ვის დაწერილსა და შექმნილს ვკითხულობდი, მანამდე უბრალოდ ის აზარტი მხიბლავდა ასე პატარას და წვრილხელებას დიდი სქელტანიანი წიგნები რომ დამქონდა სულ და ფურცელს ფურცელზე ვშლიდი, მხიბლავდა ის რომ თითოეულ სქელტანიან წიგნზე ამაყად ვიმარჯვებდი… ნელ-ნელა მივხვდი რომ ამაში არაფერია უცნაური, კითხვა აზარტია, ძლიერი აზარტი, სულერთია ეს 500 გვერდიანი ამბავია თუ 6 სიტყვაში გადმოცემული ისტორია… მთავარი ისაა რომ ჭორიკანა დედაბერივით სხვის ამბავში ჰყოფ ცხვირს, აგულიანებ, კიცხავ, ეფერები ან ეჩხუბები, და ამისთვის არავინ, სულ არავინ არ გკიცხავს, დოჩანაშვილის არ იყოს სხვების საწოლში შეგიძლია ისე ინებივრო რომ საერთოდაც არ იყო ზედმეტი…

wicker-table-open-book-pages-text-berries-flowers-hd-wallpaperმოთხრობები სულ მიყვარდა… ვიხსენებ რა იმ მოთხრობებს ჩემს დროს  სკოლის პროგრამაში რომ იყო ჩადებული, ვხვდები რამდენი რამ დამაკლდებოდა სწორედ იმ დროს, იმ ასაკში და იმ ბავშვურ ნათელ გონებაზე რომ არ წამეკითხა… გუშინდელივით მახსოვს როგორი გვითრთოლებდა გულებს  ვაშა ფშაველას მოთხრობები… მართლაც რომ შეეძლოთ ფოთლებს, ხეებს,  კლდეებს საუბარი ნეტავ კიდევ რას მოჰყვებოდნენ?  გოდერძი ჩოხელის “თევზის წერილები” მხოლოდ რომ გადაგეშალა და პირველი წინადადება წაგეკითხა ისიც ეყოფოდა სკოლის მოსწავლეს ჩასაფიქრებლად…” სულს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული, _ მითხრა გუშინწინ გამიხარდაიმ და გამცილდა…” მაგრამ მე არ გამცილდა ფიქრი იმაზე თუ რაა სული… და იქვე შემომეშველა დუმბაძე   ნაწყვეტით მისი “მარადისობის კანონიდან”: “ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავვყოთ ერთმანეთის სული. თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ, არ დავვობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე…”  ნოდარ დუმბაძის მოთხრობების გარეშე მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია ქართველი მოსწავლის განვითარება… “ჰელადოსი” რომ წავიკითხე მაშინ მივხვდი, რომ სიკვდილი მხოლოდ სიკვდილი არაა, რომ სიკვდილსაც კი შეგიძლია აჯობო სიყვარულით, რომ სიკვდილიც კი შეიძლება დიდებულად… “ხარაზულა” კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ჩემთვის ზემოთქმულის…

ვერაფერს ვერ დავწერ გიორგი ლეონიძის “ნატვრის ხეზე”, ან რა უნდა დავწერო… მაგრამ სადაც ლეონიძის მოთხრობებს ახსენებენ  მარიტას მარადიული სულიერ-ფიზიკური სილამაზის შემდეგ პირველი რაც ტანში ჟრუანტელად მივლის ეს მტრობისა და სიყვარულის ამბავია,, როგორ უნდა დავივიწყო ის გაკვეთილი როცა პირველად წაგვაკითხეს სკოლაში ორი მეზობლის, ჩირიკისა და ჩიკოტელას სიყვარულის ამბავი…

ნიკო ლორთქიფანიძემ სულ პატარა ნახევარ ფურცლიან მოთხრობაში მოკლა ყველას გული, და დღემდე კლავს ვინც კი გადაშლის და წაიკითხავს ამ მოთხრობას… შეგარცხვენს “თავსაფრიანი დედაკაცის” ამბავი. ლოყებს აგიწყვავს ცრემლით, მაგრამ დგება ხოლმე საუბედუროდ ზოგი ადამიანის ცხოვრებაში დრო, როცა ის მარილიანი სიმწრის ცრემლები ავიწყდებათ და აუღელვებლად შენიშნავენ ხოლმე, რომ „მოხუცებისაგან ზოგიერთს გამოელევა მოსაზრების უნარი და მოქმედებს შეუგნებლად, მაგალითად, გაჰყვება გზას და მიდის და მიდის… ამას ჩვენში „მხარის შეცვლას“ უძახიან, მეცნიერებმა კი „მანიაკალური მდგომარეობა“ უწოდეს”… ზოგიერთს ავიწყდება რომ დიდებული ადამიანები უძეგლოდ არ უნდა იკარგებოდნენ, მაგრამ სწორედ ამ დავიწყების გამო იკარგებიან უძეგლოდ და მადლიერების გარეშე ისინი, ვინც ამ ადამიანებს პიროვნებებად ზრდიან, თუმცა ბოლოს აკაკის “გამზრდელივით” ვერ პოულობენ ადგილს სად შეეშალათ, სად დაუშველს შეცდომა?!…

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა აქციის ფარგლებში,  სადღაც მე-7 კლასში ჟურნალის მსგავსი წიგნები დაგვირიგა, სადაც პირველად წავიკითხე რევაზ ინანიშვილის მოთხრობა “მირანდუხტ”... დღემდე მაფორიაქებს ეს მოთხრობა… მაგრამ ყველაზე მეტად “ლამაზი ცრემლები” მიყვარდა და მიყვარს… ჩემთვის ყოველთვის ნათელი მაგალითი იქნება იმის რომ სიყვარული არ იკარგება, რომ ადამიანები სიკვდილის შემდეგაც ცოცხლობენ, ცოცხლობენ თავიანთ შვილებსა და შვილიშვილებში, მათში ვინც შვეს და აჩუქეს სამყაროს როგორც კიდევ ერთი უნიკალური პიროვნული “ეგზემპლარი”…

მიხეილ ჯავახიშვილის “ეშმაკის ქვა”  მახსოვს ძალიან მძაფრად… მაშინ პირველად დავფიქრდი იმაზე, თუ როგორ ძლიერადაც არ უნდა ვეცადოთ ვერასოდეს ვერ გავექცევით საზოგადოებასა და მასში გაბატონებულ განწყობას და თუ მათ ზედმიწევნით მივყვებით მონებს ვემსგავსებით, თუ წინ აღვუდგებით ხოლმე მდინარეში აღმა მცურავი ამბოხებული თევზები ვხდებით და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვფართხალებთ და ვქოთქოთებთ, თუმცა მდინარე მაინც დაღმა მიედინება და ამას ვერავინ ვერ ცვლის… ყველა ჯებირი დროებითია, ყველა კალაპოტი ოდესღაც დასარღვევი…

Advertisements

5 thoughts on “ჩემი ბავშვობის მოთხრობები

  1. kamorale ამბობს:

    ჰელადოსი რომ წავიკითხე, ერთი ბერძენი ბიჭი მომწონდა… პატარები ვიყავით, მაგრამ ლტოლვა იყო დიდი, ჰოდა, სულ მეშინოდა, ერთ დღეს გემს არ წაეყვანა ჩემი ბერძენი ბიჭი და მერე ნაპირზე გამორიყული არ ენახათ, იმდენად ძლიერი გრძნობა იყო, რომ გავიზარდე მერეც კი, ღამის კოშმარებად მესიზმრებოდა…

    Like

  2. Tinita ამბობს:

    ❤ ❤
    რამდენი მოგონება გამიცოცხლე.
    ჩემთვისაც ასე იყო გოდერძის მოთხრობები… გაოცებული ვკითხულობდი….. რეზო ინანიშვილი დღემდე ენერგიის წყაროა ჩემთვის. დროდადრო ავიღებ და გადავიკითხავ.

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      ისეთ დროს მახსენდება ნაწყვეტები ბავშვობაში წაკითხული მოთხრობებიდან, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რომ არაფერიც არ იკარგება და იმ ბავშვურ გონებაში ჩარჩენილი შთაბეჭდილებები, ზუსტ დროს ზუსტ გარემოებაში უცებ გვახსენებს თავს 🙂

      Like

  3. პატ ჰოლმანი ამბობს:

    სრულიად გეთანხმები . 22 ის ვარ და დღემდე მახსოვს
    ის შთაბეჭდილებები რაც მაგალითად
    სალამურას და ტომ სოიერს მოჰქონდა .
    კონკრეტული ეპიზოდების კონკრეტული შეგრძნებები მახსოვს ^^

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s