ბაბუა

მე ბაბუა მყავდა… ბაბუა ვის არ ჰყოლიაო გაიფიქრებთ, მაგრამ… იცით როგორი იყო? აი ერთი სიტყვით კი არა, მრავალი სიტყვითაც რომ ვერ აღწერ და ამოწურავ მის სახეს ისეთი… კეთილი იყო და მშრომელი, დილაადრიან ყველაზე ადრე დგებოდა ხოლმე, ძილის წინ საწოლის თავთან ლამაზად გადაკიდებულ ტანსაცმელს  ჩაიცმევდა, თითო-ოროლად შემორჩენილ ჭაღარა თმას გადაივარცხნიდა შემელოტებულ ქათქათა თავზე და სხვებისთვის ზრუნვას დაიწყებდა, ლამპას აანთებდა, მაშინ უშუქობის ხანა იდგა, ზამთრის ცივ დილებში ცეცხლს გააჩაღებდა, ჩაის დაადგამდა და ეზოში მოკრეფილ ლიმონს ლამბაქზე დააწყობდა… მერე ნელ-ნელა ყველა ვიღვიძებდით…

საათობით შეეძლო ემუშავა, მიწას ისე თოხნიდა ალესილ პირიანი,  პრიალა, თლილ ტარიანი თოხით, გეგონებოდა კი არ თოხნის, ეფერებაო… ზედმეტ კალამს და ბალახს არ გააჭაჭანებდა ყანაში, შემოდგომაზე სიმინდს მოტეხდა, ჩალას ლამაზ, თანაბარ კონებად  შეკრავდა და  ბოლოს თაიგულივით ააწყობდა ჩვენი სახლის უკანა ეზოში დიდ ზვინად…უყვარდა ხოლმე  იმ დროის გახსენება, მის მშობლიურ სოფელში, გვიმრა ქვიოდა თუ კარგად მახსოვს, პირველად რომ დაამუშავა მიწა…

შემოდგომაზე ყურძნის მწიფე მტევნებს ხის დიდ კასრში მოაქცევდა, მერე მაჭრად აათუხთუხებდა, მოხსნიდა ხოლმე ხისავე თავსახურს და დიდი თლილი ჯოხით ამოურევდა… გვიანი შემოდგომისა და ადრეული ზამთრის გასაყარზე ახალ დაყენებული ღვინის წრუპვას დაიწყებდა აგიზგიზებულ ღუმელთან, მისი შვილის ნახელავ ცხელ მჭადს, იმერულ ყველს და ლობიოს ჩაუფენდა, ჩვენს ბოსტანში მოწეულ ბოლოკს ოთხად გაჭრიდა, მწვანე ხახვს ლამაზად დაახვევდა, მარილს მოაყრიდა… ისე მოაყრიდა როგორც მადლს… მადლიანი კაცი იყო და ყველაფერი კეთილად გამოდიოდა… მარტო არაფრით ივახშმებდა ასე მეფურად, მეწყვილე ყავდა გოგი ბაბუა, “ალე მოვედიო” –  შემოსძახებდა კარებში… ასე ორი ერთნაირი ყაიდისა და ნააზრევის მქონე კაცი იშვიათად იპოვება ქვეყანაზე… დაკოჟრილ ხელებს ერთმანეთს წამოარტყამდნენ მხარში და ღვინო რომ სახეს აუწითლებდათ სიმღერასაც შემოსძახებდნენ ერთხმად: “ამაღამდელო ღამეო ნუ გათენდები მალეო…”

სხვას უმასპიძლებდა, დაათრობდა,  გზას დაულოცავდა, მერე გაუშვედა და თვითონ ხარივით მყარად იდგებოდა, თავს არასდიდებით არ დაკარგავდა… ერთ-ორ სტუმარს კიდევ “მოინელებდა” და მხოლოდ სახე აუწითლდებოდა საყვარლად… გვიან საღამოს ასე შემთვრალი ღუმელთან ჩამოგვისვამდა ორ “ცალ” შვილიშვილს და მოგვიყვებოდა დიად წარსულზე, მოგვიყვებოდა უკრაინის მაღაროებზე, “შახტაში” მოწეულ, ყველაზე გემრიელ სიგარეტებზე და იქაურ  ლამაზმანებზე, მოგვიყვებოდა მის პირველ  “ოცდაოთხზე”, იმაზე  როგორ დაქროდა ქალაქის ქუჩებში მაშინ როცა ამ ქალაქის თავიც კი ლამის ფეხით დადიოდა… მოგვიყვებოდა ამბავს იმაზე თუ როგორ დაინახა მისმა შავგრემანმა, კოხტა თვალებბრიალა  ლამრომ მეზობლის ორღობიდან თმაკულულა, ცისფერთვალება ახოვანი ბიჭი და როგორ ჩაუვარდათ ერთმანეთი გულში… მერე როგორ მოატარა საჭოთა კავშირი საუკეთესო ექიმის ძიებაში და როგორ გამოსტაცა სიკვდილს მისი ლამრო ორჯერ… მოგვიყვებოდა როგორ დადიოდნენ “საიუზის” გამორჩეულ ქალაქებში და როგორ ჩამოჰქონდათ  ბებიაჩემის საყვარელი ახალგამოცემული საჩვენებელი წიგნები… მოგვიყვებოდა იმაზე თუ როგორ ააშენა სახლი და როგორი სიამაყით გაუკეთა მაშინ ტრადიციად ქცეული წარწერა გვარით და თარიღით…

ყველა უყვარდა და ყველას უყვარდა… ჩამოუვლიდნენ მეზობლის კაცები, დაუსტვენდნენ მწვანე ღობესთან, გამოხედავდა ალე და თვალს ჩაუკრავდა… მერე რომელიმეს სახლის ეზოში მოკალათდებოდნენ და დომინოს თამაშს გააჩაღებდნენ…  არც სახლში იყო ნაკლებ აზარტული, საღამოხანს ბებიასთან ერთად ნარდს გააგორებდა, ხან ერთმანეთს ატყუებდნენ, ხან არა, მხოლოდ ამაზე შეეძლოთ ეკამათათ და მერე ერთმანეთის სათვალეები ეძებნათ უსასრულოდ…

ღამით შუაში ჩავუწვებოდი, ჭკუას მარიგებდნენ შეთანხმებულად და მეც ვპირდებოდი რომ კარგი და კეთილი ვიქნებოდი, დამჯერე და საამაყო…  მერე  მათი მოყოლილი ზღაპრების მოსმენაში ჩამეძინებოდა…

არის  განცდები, ამბები, ადამიანები, რომელთა დავიწყება ასე მგრძნობიარე გულს არაფრით შეუძლია… და მე თუ მკითხავთ ყველაზე ბედნიერი მაშინ ხარ როცა ამ განცდების, ამბებისა და ადამიანების არსებობას საკუთარ თავში განუწყვეტლივ, ყოველ წუთსა და წამს გრძნობ…

moxucebi

Advertisements

7 thoughts on “ბაბუა

  1. dreamar ამბობს:

    ჩემი ბაბუა გამახსენდა:ისიც ყველაზე ადრე დგებოდა ცეცხლის გასაჩაღებლად და ჩაის მოსამზადებლად. მაღაროებზე ამბების მოყოლაც იცოდა ))

    Liked by 1 person

  2. katerina ამბობს:

    უფ, რომ იცოდე, რამდენი ნაცნობი გრძნობა ვიპოვე… ჩემსავით ვერავინ გაგიგებს ბებია-ბაბუას სიყვარულს, ეს ფენომენია, მე ბაბუს გოგო ვიყავი, მისი და ბებოს გაზრდილები ვართ მე და ჩემი დაიკო, ორი ობოლი… 🙂 მათ გადამირჩინეს ადამიანობა

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s