როცა საკუთარ თავს კარგავ…

შმიტს აქვს ერთი ნოველა თავის კრებულ “ოდეტ ტულმონდში”, სადაც ალცჰაიმერით დაავადებული ქალია მთავარი გმირი… სახელი არ მახსოვს ზუსტად მაგრამ ის ემოციები მახსოვს კითხვის დროს რომ განვიცდიდი… ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი გამახსენდა, რომელიც ჩემს თვალწინ დადნა და დაილია… უცებ გადაიქცა  ყველაზე ინტელექტუალური და მოწესრიგებული ქალბატონიდან ყველაზე უსუსურ და გონებაარეულ ადამიანად…. პატარა ვიყავი, პატარა მთელი ამ პროცესის არსის გასაგებად მაგრამ მისი მოყოლილი არეული, ერთმანეთში გადახლართული ამბები ნელ-ნელა მახვედრება იმას რომ ვკარგავდი… ნათლად მახსოვს როგორ წამოაყენა საწოლიდან კაცმა, აჭამა და მერე როგორ დააწვინა… ისიც მახსოვს როგორი მზერით უთხრა “მადლობა მამაო”…  კარგად ვიცოდი რომ ის არ იყო მამამისი…. მაგრამ იმასაც ვხვდებოდი რომ მას ეს აღარ ახსოვდა, აღარ ახსოვდა რომ ეს ცისფერთვალება მაღალი და ჯანმრთელი კაცი რომელიც ახლა საწოლის კუთხეში საბანს უსწორებდა მამამისი კი არა ის თმაკულულა ცისფერთვალება მშვენიერი ყმაწვილი იყო წლების წინ რომ მეზობლის ორღობედან დაინახა და მერე ცოლად გაჰყვა, სამი შვილი გაუჩინა, და ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად სანამ… სანამ სიბერემ ყველაფრის დავიწყებით არ მიუკაკუნა…

მე წაკითხული მაქვს მისი დღიურები, რომლებშიც საოცრადაა აღწერილი მისი მოგონებები დედაზე, გარდაცვლილ დაზე, გაჭირვებაზე, სადაც გაშლილია შთაბეჭდილებები წაკითხულ წიგნებზე, ლექსებზე, ამბებზე… მელნისფერი კალმითაა ნაწერი, კოხტად და მოწესრიგებულად… ისე როგორიც თავად იყო ჩემს თვალში…

ვიცი რომ ამის სულ ეშინოდა, მთელი ცხოვრება ეშინოდა, მაგრამ ვერ დაემალა… ნეტავ თუ ხვდებოდა ხოლმე ხანდახან მაინც, რა ემართებოდა? ნეტავ რას განიცდიდა… მე მინდა მჯეროდეს რომ ვერ ხვდებოდა… მინდა მჯეროდეს რომ ამ ყველაფრის გააზრება უდიდეს ტკივილს არ აყენებდა…

ჯერ ქმარი უვლიდა, მერე შვილები… მერე ყველაზე საყვარელი შვილის ხელში დალია სული… სულ თეთრთმიანმა და ცარიელმა, ერთადერთი რაც ალბათ სიკვდილის წინ ჩვენში დარჩება ასე მგონია მხოლოდ მოგონებები იქნება… მას კი ესეც აღარ ჰქონდა…

მე მშიშარა და  ემოციური ადამიანი ვარ…როცა მას ვიხსენებ, ხშირად მეშინია რომ შეიძლება ერთხელ იგივე დღე მეც გამითენდეს… რომ შეიძლება მთელი ცხოვრება ნაწილ-ნაწილ ნაგროვები მოგონებები იატაკზე დავარდნილი მინის ლარნაკივით წვრილ-წვრილ ნამსხვრევებად გამებნეს… რომ ერთ დღეს შეიძლება დრო ამერიოს, სახეები ვეღარ ვიცნო და თან მარტო სხვების კი არა, ჩემი სახეც კი უცხო იყოს სარკის ანარეკლში… შეიძლება ერთ დღეს მზე ამოვიდეს, ყვავილები ჰყვაოდნენ, ჩიტები ჭიკჭიკებდნენ და მე ამ ყველაფრით ტკბობის ნაცვლად საკუთარი თავი ვეღარ ვიპოვო…

მე მშიშარა, ემოციური და თან რომანტიკული ადამიანი ვარ… მე ვერაფერს ვიზამ ვიცი, ვერც ვერაფერს შევცვლი ვიცი… მაგრამ უბრალოდ მინდა რომ ჩემმა ბიჭმა ისე მომიაროს, როგორც მას უვლიდა მისი ოდესღაც თმაკულულა ბიჭი… ჩემმა შვილებმა ისე მიტირონ როგორც ის იტირეს…… და ჩემი შვილიშვილებიდან ერთ-ერთმა მაინც გამიხსენოს ხანდახან  ისე, როგორც მე ვიხსენებ მას ყოველთვის როცა ახალი წიგნის ფურცლებს გადავშლი, როცა ჩემს შვილს რაღაცას ვასწავლი, ყოველთვის როცა შვებულების შემდეგ სამსახურში გამოპრანჭული მივიჩქარი, ყოველთვის როცა ჩემს სამუშაო მაგიდას ვალაგებ, მახსენდება ის და მისი მუდამ მოწესრიგებული სამუშაო კუთხე, რკინის კარადაში ჩემთვის გადანახული მელაკუდიანი დღიური და ძველი მწვანე საბეჭდი მანქანა… მე ის თითქმის ყოველ საღამოს მახსენდება, გავიხედავ ხოლმე ჩემი საწოლის გვერდით და ვხედავ ჩემს  წარმოსახვაში  მის კოხტა ტუმბოს და მასზე დადებულ წიგნს, სანიშნედ ჩადებული სათვალით…

ჰო, მე მშიშარა ადამიანი ვარ… და  მთელი არსებით მეშინია რომ ერთ დღეს შეიძლება საკუთარი “თავის-უფალი” ვეღარ ვიყო…

პ.ს. მთელი ეს გრძნობები  ჯულიანა მურის ალცჰაიმერით დაავადებულმა ელისმა გამიმძაფრა…

maxresdefault

Advertisements

8 thoughts on “როცა საკუთარ თავს კარგავ…

  1. Sophie Sunny Golden ამბობს:

    ერთერთი უსაშინლესი დაავადება მსოფლიოში, რომელიც ისე მაშინებს და გულს მიყინავს, ვერ აღვწერ.
    ჩემი ახლობელი დაავადდა ამით და ზუსტად ისე, როგორც შენ წერ ბებიაზე, ისე ჩამოდნა და გაქრა, აქ იყო და აღარც იყო… 😦 ხან ვფიქრობ, ამას ისევ ფიზიკური ავადმყოფობა ჯობს, როცა ადამიანი გონზეა, შეგრძნებები აქვს, რადგან სანამ გონება აქვს, სიხარულიც ექნება და ტკივილიც, მაგრამ სიხარული და მზის სხივის შემჩნევა მაინც იმოქმედებს მასზე. ალცჰაიმერი კიდევ გონებრივი სიკვდილია, ლამის იგივე, რაც ფიზიკური.
    ჩემი ახლობლის შემთხვევაში პირიქით იყო, ცოლი უვლიდა ბავშვივით და ამას რომ ვუყურებდი, ცოლი უფრო მეცოდებოდა, სიმართლე გითხრა. ბავშვივით აჭმევდა, აცმევდა, უცვლიდა და გული ყელში ებჯინებოდა, თავისი ერთ დროს ლამაზი და ძლიერი ქმრის ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნის გამო… ის კიდევ იყურებოდა შორს სივრცეში.
    ცხოვრების ასეთი მომენტები კიდევ უფრო მიძლიერებს სურვილს, ღმერთს ვკითხო, რატომ, რატომ და რატომ.

    დადებით ნოტაზე დავასრულებ ჩემს უზარმაზარ კომენტარს: სამაგიეროდ რჩებიან შენნაირი შვილიშვილები, ახლობლები, რომლებსაც არასოდეს დაავიწყდებათ თავისი წინაპრები და ყოველთვის სიყვარულით მოიგონებენ, ასეთ ლამაზ წერილებს დაწერენ, როგორც შენ, ლამაზო და ჭკვიანო ვერა!!!

    Liked by 1 person

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      ჩემო ძალიან სასურველო და საყვარელო სტუმარო ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში რომ ასეთი კარგი ბლოგი გაქვს… მეორე ჯერი კი ისაა რომ მთელი ეს ისტორიები რომლებიც ამ დაავადების გარშემო იშლებიან ყოველთვის ძალიან გვანან ერთმანეთს მაგრამ ამავე დროს არცერთი არ კარგავს უდიდესი ტკივილის განცდას… ჰო მეშინია…ძნელია არ გეშინოდეს…

      Like

  2. Mari ამბობს:

    პირველი პოსტია ამდენი ხნის განმავლობაში რაც წავიკითხე. ჰოდა საშინელი გრძნობაა მართლა. ამაზე უარესი ადამიანს ვერაფერი დაემართება 😦

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      ნამდვილად მასე მგონია მეც…ამაზე საშინელი რა უნდა იყოს… იმის წარმოდგენაც კი არ მინდა რომ ეს მოგონებები რასაც გულით ვატარებ და რაც პრინციპში ცხოვრებას მიადვილებს შეიძლებაერთ დღეს დავკარგო…

      შმიტი მიყვარს, ძალიან მიყვარს მაგრამ მართლაც სულ უბედურ ქალებზე წერს, უბედურ მაგრამ მაინც ძლიერ ქალებზე, და სულ მახსენდება მისი კითხვისას “რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს”!!!

      Like

  3. პატ ჰოლმანი ამბობს:

    ძალიან ემოციური პოსტი გამოგივიდა ..
    მოგონებების გარეშე რა მძიმეა ცხოვრება . ყველაფერი გავიწყდება : საყვარელი ადამიანები , საკუთარი გრძნობები , საკუთარი თავი ..
    მტერსაც არ ვუსურვებ : (

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s