ცოტა, ძალიან ცოტა ყველაზე დიად დედაზე…

autumn-leaves-photo

შემოდგომის დილის პირველი მზის სხივი ფანჯრის გავლით საწოლში რომ შემოგისწრებს, თან ყვითელ–წითელი ფოთლების სურნელს და ჯადოსნური შრიალის  ხმას მოაყოლებს, ხვდები რომ ადგომის დროა… ჯერ კიდევ სძინავთ მათ, ვისზე ზრუნვაც შენთვის  ყველაზე რთული და დამღლელი, მაგრამ ამავდროულად ყველაზე  ძვირფასი მოვალეობაა. ცოტა უხეშად ჟღერს ეს მოვალეობა, მაგრამ ეს ისეთი მოვალეობაა სიყვარულად რომ იფრქვევა შენს ხელში, ენერგიით და ძალით რომ გავსებს… ეს ისაა ვერასოდეს რომ ვერ შეელევი, ვერავის რომ ვერ დაუთმობ…

შედიხარ ოთახში, ჯერ მარჯვნივ იხედები, მერე მარცხნივ, ან პირიქით, ერთ მხარეს ბავშვური მაგრამ მაინც კაცური სუნთქვა ისმის, მეორე მხარეს ნაზი და ნებიერი… შენი ცხოვრების ორი პოლუსი, შენი გულის მარჯვენა და მარცხენა მხარე… არსად აღარ ჩანს ოჯახის მთავარი, ის ყველაზე ადრე მიდის და ყველაზე გვიან მოდის, გახედავ ცარიელ საწოლს, ააფრიალებ–დააფრიალებ დაჭმუჭნულ ზეწარს და ყველგან წესრიგი უცებ ისადგურებს, საწოლზეც და სულშიც…  ამას მოყვება დილის სურნელოვანი საუზმე და საწოლიდან ახალგამომძვრალი, გზაზე გაშვებული ბარტყების ლოდინი…

ეზო ფართოა, დიდი ხეებით სავსე, სულ ოქროსფერი, მიწაზე დაფენილი ცეცხლისფერი შემოდგომის ფოთლებით… ცოცხლის ერთი, ორი, სამი მოსმით ეფერები და ერთად უყრი თავს გმხმარ ფოთლებს, იმ ფოთლებს ცოტა ხნის წინ ერთი ხიდან მეორეს რომ შეჰყურებდნენ ერთმანეთს როგორც მოპირდაპირე ბინის მეზობლები…

images

სულ მალე არემარე გულისწამსვლელად სასიამოვნო სურნელით ბრუვდება… ჯადოქარი თავის სამეფოში ბატონობს… ეს სამეფო შენი სამზარეულოა,  შენი სამყარო, შენი ხელები ამ სამყაროში მსოფლიოს მერვე საოცრებებს ქმნიან ყოველდღე… რას არ შეხვდებით ამ სამეფოში, თაფლის ნამცხვარს ცოტა დარიჩინითა და ბევრი ნიგვზით, ქიშმიშითა და შოკოლადით… მარწყვის, ალუბლისა თუ ატმის გადაპრანჭულ ფერადოვან ტორტებს, ან იქნებ თქვენ ცხელ–ცხელი ყველით სავსე ხაჭაპურები მოგესურვილათ? ან იქნებ ყველაზე ლამაზად დაბრაწული ვარიების მოყვარული ბრძანდებით? აქ ყველა სასუსნაოს გადააწყდებიტ რაც კი ოდესმე გინატრიათ… მთავარია მოხვდეთ ამ სამეფოში და იქედან გულგრილი ვერასოდეს ვერ წამოხვალთ, თუკი საერთოს წამოდით… მე კი არამარტო ეს სამყარო მიყვარს, ყველაზე ლამაზ თითებზე მეფიქრება ხშირად, ასე ჯადოსნურად რომ მოძრაობენ და საოცრებებს ჩადიან…

მოწყენის შუა დღე… სანატრელი და სასიამოვნო აბა ახლა რა უნდა იყოს? ეს მეზობელია შენს აივანზე, ჭიქა ყავა და ბევრი ამბები, ზოგი მოგონებების ძველი სკივრიდან, ზოგიც სულ ცინცხალი, ცხელ–ცხელი, ჯერ არ გაციებული ზემოთ ნაქები ხაჭაპურივით სასწრაფოდ დასაგემოვნებელი…

შემოდგომის გრილი და მშვიდი საღამო…ბუდიდან გაფრენილი გვრიტები შინ ბრუნდებიან…აყოლებ დღის თავგადასავლებს და ხვდები რომ მათ შემხედვარე დარდს და საფიქრალს რა გამოგილევს… მოდის მთავარიც და შენ წამში ამზადებ მის საყვარელ ფერადოვან სალათს, რომელსაც ზაფხულის გემო შემოდგომის არომატით უკვე შეეცვალა, თითქმის ისე როგორც თქვენი სიყვარულის ზაფხული შეცვალა უკვე შემოდგომის სევდიანმა აკორდებმა…

beach-hammock-0407-2312_800px

ღამეა მთვარიანი… ყველა სძინავს, ყველას დახედავ,თითქოს ამოწმებ ამქვეყნად რამე ხომ არ არის ისეთი რაც მათ მშვიდ ძილს ხელს შეუშლის…მშვიდდები… თავს მოდუნების ფუფუნებას აღირსებ და ასე აღმოჩნდები შუაგულ ეზოში, მწიფე კარალიოკის ორ ხეს შუა გამბულ ჰამაკში…იქ ყოფნა შენ ყველაზე ძალიან გიყვარს, არ ვიცი რატომ… ალბათ ამის მრავალი მიზეზია, ალბათ იქ მონანავე იმ ოცნებებზე ფიქრობ, რომელიც არ აგხდენია, არადა გულით გეწადა რომ აგხდენოდა…იქნებ იმ ხალხზე ფიქრობ, ვისთანაც ყოფნა გსურდა და ვერ ხარ… ალბათ იმ ცხოვრებაზე ფიქრობ, რომლითაც გინდოდა გეცხოვრა მაგრამ ათასი, არა ათიათასი მიზეზის გამო ვერ იცხოვრე… ბოლოს ალბათ მაინც ჩვენზე ფიქრობ, როგორ გასახელებთ, როგორ გაგახარებთ, ხვალ რა გაგვიკეთო, რა გვიყიდო, როგორ გაგვიბრწყინო თვალები,  შენ ხომ ეს ყველაზე დიდებულად გეხერხება!

–––––––––––

ვეცადე ერთი ჩვეულებრივი შემოდგომის დღე გამეხსენებინა მანამდე სანამ ერთად ვცხოვრობდით და სანამ შენ მხოლოდ დედა იყავი მე კი მხოლოდ შვილი… ახლა მეც დედა ვარ და შენ უკვე ბებია… წლები გადის, შენთვის მალ–მალე, ერთფეროვნად და სევდიანად… მინდა ერთი დღე მაინც გქონდეს სხვანაირი, აი ისეთი შენ რომ ოცნებობდი ჩემხელა… ამ სურვილის ასრულება  მართალია მე არ შემიძლია, მაგრამ სამაგიეროდ შემიძლია რაც შეიძლება ბევრჯერ და ხშირად გითხრა როგორ მიყვარხარ და მეამაყები… მაგრამ მე ისეთი ცუდი ვარ ამასაც ვერ ვახერხებ, ან არ ვაკეთებ… მერიდება… ასე მგონია მთელ ხიბლს დავუკარგავ ჩემს გრძნობებს შენს მიმართ გახმოვანებით… სულ ვფქრობ ამაზე… ერთს კი ნამდვილად ვთხოვ უფალს ხმამაღლა, მინდა ისეთივე კეთილი ვიყო როგორიც შენა ხარ და მინდა ღვთისმშობელმა მომცეს ძალა რომ მეც ისეთივე საუკეთესო დედა ვიყო ჩემი გოგოსთვის, როგორიც შენა ხარ ჩემთვის!!!

9 აპრილი, 2013 წელი

3 thoughts on “ცოტა, ძალიან ცოტა ყველაზე დიად დედაზე…

  1. Tinita

    ძვირფასი ნაწერია, მეც ცრემლი მომგვარა.

    დიდხანს, დიდხანს იყოს ეს იდილია, გაახაროს და დაატკბოს ყველა.

    Like

    Reply

Leave a comment